,,გერმანიაში შვილი მომიკლეს და ორგანოები ამოაცალეს” – მარდიანების ოჯახის ტრაგედია

,,გერმანიაში შვილი მომიკლეს და ორგანოები ამოაცალეს" - მარდიანების ოჯახის ტრაგედია,,სარკის” არქივი, ეკა ლემონჯავა

2015 წლის 7 მარტს, საქართველოს მოქალაქე იური მარდიანმა თავისი ვაჟის გარდაცვალებიდან მე-5 წლისთავზე, გერმანიის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გამართა. შვილმკვდარი მამა აცხადებდა, რომ გერმანიის ხელისუფლებას, სამართალდამცავებს და ექიმებს მისი ოჯახის წინაშე უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი – შვილის მკვლელობა.

24 წლის დავით მარდიანი 2010 წელს გერმანიაში, ჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მის ოჯახს სერიოზული ეჭვი აქვს, რომელსაც ექსპერტიზის შედეგებითა და სხვა ფაქტებით ასაბუთებს, რომ ბიჭი ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა.

დავით მარდიანი 2010 წლის თებერვალში გერმანელმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. ოფიციალური ცნობით, დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 2010 წლის 7 მარტს კი ციხის საავადმყოფოს პალატაში, როგორც გერმანული მხარე იუწყება, ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

ეს ვერსია ოჯახისთვის არც მაშინ იყო სარწმუნო და მისაღები, საქართველოში ცხედრისთვის ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილს სხვადასხვა ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ამ ფაქტმა ოჯახს აფიქრებინა, რომ ბიჭი ,,შავი” ანუ უკანონო ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს.

– ბატონო იური, ამ ტრაგიკული ისტორიის დეტალებს თავიდან მივყვეთ. რატომ წავიდა თქვენი შვილი საქართველოდან?

– დავითი ხელოსანი, ოქრომჭედელი იყო, ,,ზარაფხანაში” მუშაობდა, მაგრამ შემცირებაში მოხვდა, უმუშევარი დარჩა და გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა.

პირველად პოლონეთში ჩავიდა, იქიდან არალეგალურად საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ კიდევ სხვაგან…ბოლოს ჩემი მეუღლე ესაუბრა. შვილმა უთხრა, ძალიან მიყვარხართ, გერმანიაში გადავდივარ და, როგორც კი იქ ვიქნები, დაგირეკავთო. ამ ზარის შემდეგ შვილის კვალი დამეკარგა, ერთი თვის განმავლობაში არაფერი ვიცოდი.

– ანუ დააკავეს?

– დიახ, გერმანიაში ჩასვლის დღესვე დააკავეს.

-საავადმყოფოში გარდაცვლილა. როგორ აღმოჩნდა იქ?

-დავითმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. როგორც გერმანული მხარე ამბობს, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ მან მენტალობა დაკარგა, გაგიჟდა… როგორც გერმანული მხარე ამბობს, დეპორტის გაკეთებამდე 2-3 დღით ადრე ჩემმა შვილმა შიმშილობა შეწყვიტა და აზროვნებაც დაუბრუნდა. ერთი დღით ადრე კი თავი ჩამოიხრჩო. ეს აბსურდია!

– ექსპერტიზით რა დადგინდა, რამაც შავ ტრანსპლანტაციაზე ეჭვები გაგიჩინათ?

– ცხედარს თვალები არ ჰქონდა, არც ტვინი, არც ენა და ენის ძვალი, ასევე ფეხზე ძვლებიც ამოჭრილი იყო. ძვლის ზუსტად ის ნაწილები, რომლებიც ჩემს შვილს ამოაცალეს, ტრანსპლანტებად გამოიყენება. ამას გარდა, ნაღვლის ბუშტიც არ ჰქონდა და სხვა ორგანოები მუცელში ქაოსურად იყო ჩაყრილი.

საერთოდ, ცხედარს ორი ტიპის გაკვეთა უკეთდება, მას კი ისეთი სახის კვეთა ჰქონდა ჩატარებული, რომელიც რეალურად არ არსებობს, ერთი მხრის სახსრიდან მეორე მხრის სახსრამდე იყო გაკვეთილი და ტანზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული.

თვითმკვლელობა თუ იყო, კისრის არეში სტრანგულაციური კვალი უნდა გამოეკვლიათ და ხელებში, სახსრებში რას ეძებდნენ? ჩვენთან ჩატარებულ ექსპერტიზას ბიძაჩემი დაესწრო. რისი დამალვაც ვერ შეძლეს, ეს ფეხებსა და ხელებზე ნაჩხვლეტებია, ამის ამსახველი ფოტომასალა არსებობს. ცხედარს თვალები რომ არ ჰქონდა, ხომ ვერ დამალავდნენ? თავის ქალა ახდილი რომ ჰქონდა და ტვინი არ იყო, ამასაც ხომ ვერ დამალავდნენ?..

– ბატონო იური, თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენი ვაჟი ორგანოების დონორად გამოიყენეს?

– დიახ. ჩემი შვილი თითქმის ყოველდღე ჯანმრთელობის გამოსაკვლევად ექიმებთან მიჰყავდათ. ნახეს, რომ ჩემი შვილი, როგორც დონორი, ჯანმრთელი იყო და მისი გამოყენება შეიძლებოდა. თან დავითმა დაკავებისას თქვა, რომ 17 წლის იყო, არც დედა ჰყავდა, არც მამა. იფიქრეს, უპატრონოაო და ასე მოექცნენ.

– გერმანიის ოფიციალური მხარე რას გეუბნებათ, რატომ არ ჰქონდა ცხედარს თვალები და დანარჩენი ორგანოები?

– თავის დროზე გადაცემა “პოსტ სკრიპტუმმა” გერმანიის პროკურორს ჩამოართვა ინტერვიუ და მას დაუსვეს ეს კითხვა, თუ რატომ არ ჰქონდა ცხედარს ორგანოები. პროკურორმა უპასუხა, არ ვიცი, საქმე დახურულია, დაბეჯითებით გეუბნებით, რომ თვითმკვლელობა იყოო და მორჩა.