,,არაადამიანური ხმით ვიყვირე – მამა! მეგონა, ჭკუიდან შევიშალე” – ნუგზარ სულაშვილი

,,არაადამიანური ხმით ვიყვირე - მამა! მეგონა, ჭკუიდან შევიშალე" - ნუგზარ სულაშვილისაფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს და წერს:

,,ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არაადამიანური ხმით ვიყვირე – მამა!
კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა…
– რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა.
– მამა აღარა მყავს-მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა…
– ნუგზარ…
– ვიცი! ახლა იყო ჩემთან და დამემშვიდობა-მეთქი…
ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე…მეც ასე მეგონა…

9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში სინათლე დაკარგა… 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრებითა და ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა…

მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა…ისიც იცოდა, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ გამომაძევეს და სასტიკად მომექცნენ… დედას და მამას ერთხელ არ დასცდენიათ უბრალო საყვედურიც კი მიშაზე… როცა მეუბნებოდნენ – ეს გაკეთდა, ეს აშენდა, ქვეყანა წინ მიდის –  ზოგჯერ ეგოისტურად მშურდა და მტკიოდა. ვერ წარმომედგინა,  რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათთვის მაინც ძვირფასი იყო ის ქვეყანა, სადაც მე არ ვიყავი…
და ერთხელაც გულმოსულმა ვუთხარი: რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა. ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში-მეთქი?
– კი, ვიცი, მაგრამ, შენ ის კაცი არ ხარ, პირად წყენაზე მაღლა რომ ვერ დადგე. ტკივილმა, თუნდაც უსამართლომ არ უნდა დაგაპატარავოსო.
მართლა ღირსეული და მაგარი კაცი იყავი, მამა.
ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ცხოვრებაში თუ ყოფილხარ თუნდაც ერთი კაცის მოძულე და მტერი, ან თუ არსებობდა ამქვეყნად ერთი კაციც კი, ვისაც სძულდი და გმტრობდა. მადლობა და ნათელი შენს სულს, ჩემო ღირსების მასწავლებლო”.