,,18 წლიდან ვმუშაობ და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს!” – მწერალი ალექსანდრე შუღლაძე

,,18 წლიდან ვმუშაობ და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს!" - მწერალი ალექსანდრე შუღლაძეპრემია ,,საბას” მფლობელი მწერლის, ალექსანდრე შუღლაძის ნოველამ, რომელიც ჩვენს დღევანდელ ყოფას ასახავს, როგორც იტყვიან, სოციალური ქსელი ააფეთქა. მას ათასობით გაზიარება აქვს. გთავაზობთ ამონარიდებს ნოველიდან:

,,მსხლის საყიდლად შევედი. დიახ, მსხალი მომინდა, ვიფიქრე, თან ჩემებს წავუღებ-მეთქი. კიბორჩხალების საყიდლად ვერ შევიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელი ვარ.

ერთი ჯიშის სამი ზომის მსხალი იდო: 1,5 ლარიანი, 3 ლარიანი და 5 ლარიანი.
1,5 ლარიანი დამპალი იყო. 3 ლარიანს არა უშავდა, მაგრამ 3 ლარიანის ყიდვას თუ დავაპირებდი, ბარემ 5-იანს ვიყიდდი. ადრე უეჭველი 3-იანს ვიყიდდი, ხვდებით ჰო, რა ტიპიც ვარ. მაგრამ არა დღეს.
1,5-იანი დამპალი იყო. ამიტომ იქით აღარ ვიყურებოდი… ან 3-იანი რჩებოდა ან 5-იანი. ხუთიანები ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, გადავუსვი, მოვეფერე… გამყიდველი გართული იყო, ვიღაც უნამუსოს 17 ლარიან პლასტმასის მარწყვს უწონიდა, ცელოფანში უკვე 3 კილომდე ეყარა…
1,5 ლარიანს ასატანი სიდამპლე ჰქონდა, კანს მოაშორებდი, ოდნავ მოაფხეკდი და მზად იყო. 3 კილოგრამს ვიყიდდი, სანამ ბოლომდე დალპებოდა შეჭმას მოვასწრებდით…
უცბად ჭერში ჩამოკიდულ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, გაჰყვიროდა საოცარი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი გვაქვსო… პრემიერ-მინისტრი არ ცხრებოდა და ტელევიზორიდან დამცინოდა მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს! ყმუილი!..
მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ. ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ…
კიდევ რამდენიმე წელი და ნაგვის ურნაში ჩაყუდებულს მიპოვით, ეს გულამაჩუყებელი სტატუსი არ არის, ეს არც მათხოვრობის ნატიფი ფორმაა, ეს ჩემი პიროვნების გაქრობაა. მე მაქრობენ. მე ვქრები დიდ ნაგვის ბუნკერში, ამოსვლა მინდა და ვეღარ ამოვდივარ. ეს ყმუილია! ყმუილი!
ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება და აღმოჩნდება, რომ საქართველო ბომჟებს მიაქვთ… ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?! 5 ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ”.