სარკის არქივი
მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახემ გასული საუკუნის 40-იან წლებში გაიბრწყინა ქართულ კინოში და სამუდამოდ დარჩა კიდეც. ის არა მარტო ლამაზი და ნიჭიერი იყო, საოცარი შინაგანი ხიბლი ჰქონდა. ამ მშვენიერი ქალის შემოქმედების გზაც საინტერესო იყო და ცხოვრებისეულიც. გთავაზობთ ამონარიდებს ,,სარკის” არქივში შენახული ინტერვიუებიდან:
– საკუთარი თავით კმაყოფილება არასოდეს მიგრძვნია, მუდამ ახლის ძიებაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ქალისთვის სილამაზე დიდი განძია, მაგრამ ჩემთვის უფრო ფასეული სულიერი მშვენიერებაა.
– თქვენ ეს ორივე გქონდათ. ბევრი ალბათ შურის თვალით გიყურებდათ.
– ალბათ. ჩემთვის კი უცხო იყო და არის შურის გრძნობა.შურზე საშინელი არაფერია. შური ადამიანს აბერებს.
– სრულიად ახალგაზრდა გათხოვდით და იყავით ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ ჯოჯუას მეუღლე.
– 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, მაგრამ სულ ორწელიწადნახევარი ვიყავით ერთად. რომ იტყვიან, იძულებით ვცხოვრობდი მასთან სახლში, ძლივს გავძელი მთელი ის პერიოდი. მერე გამოვიქეცი, მაგრამ იმდენი ვინერვიულე,ავად გავხდი, ტუბერკულოზი ავიკიდე. საერთოდ აღარ მინდოდა მამაკაცის დანახვა, ხსენებაც კი შემძულდა.
მეორედ როცა გავთხოვდი, უბედნიერესი ქალი ვიყავი. ქმარი ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, უგანათლებულესი პიროვნება, დიდი ინჟინერი. აბსოლუტურად ყველა ენა იცოდა, სადაც ჩავიდოდა, იმ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ყველაფრით მაოცებდა. ბოლომდე ერთად ვიყავით…ვფიქრობ, რომ თუ ქალს ქმრისადმი ლტოლვა არა გაქვს, ბედნიერი ვერ იქნები.
– ანუ?
– რასაკვირველია, მარტო სულიერი ლტოლვა არა, ფიზიკური ლტოლვაც უნდა იყოს. მაშინ ქალიც ბედნიერია და კაციც.

