ბიძინა ბარათაშვილი: ,,დედა ბოლოს საღამოს ვნახე და დავტოვე… ჯობია, ბედისწერას დააბრალო ეს ყველაფერი”
როგორ გადაურჩა ტალახში ამოსვრას ,,იმედის" ყოფილი შეფი

ბიძინა ბარათაშვილი: ,,დედა ბოლოს საღამოს ვნახე და დავტოვე... ჯობია, ბედისწერას დააბრალო ეს ყველაფერი",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ბიძინა ბარათაშვილი ,,იმედს” მაშინ მართავდა, როცა ეს ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში იყო. სწორედ მაშინ მოხდა ტელეკომპანიის ცნობილი დარბევა, როცა ნაციონალების ხელისუფლება პირდაპირ ეთერში შეიჭრა. ის როგორღაც ახერხებდა იმას, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული არასდროს ყოფილიყო და ახლაც ასეა. ამჟამად ,,სილქნეტის” გენერალური პროდიუსერი და მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსია. ასევე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და სპორტის კომენტატორი გახლავთ.

ბიძინა ბარათაშვილი ცნობილი მომღერლის, მედეა ძიძიგურის, ერთადერთი შვილია. თავადაც ერთი შვილის მამა და ერთი შვილიშვილის ბაბუაა.

ბატონმა ბიძინამ ,,სარკესთან” ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ,,იმედს” მართავდა.

ბიძინა ბარათაშვილი:

-7 ნოემბერს, როდესაც ეთერიდან გაგვთიშეს, ბევრმა ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოგვიცხადა, რასაც მაშინ დიდი ვაჟკაცობა სჭირდებოდა. დღეს კი ამას ვერ ვხედავ.

მაშინ დაპირისპირება არხების ხელმძღვანელობებსა და დამფუძნებლებს შორის არსებობდა, თორემ ჟურნალისტები არ იყვნენ ასე დანასისხლად ერთმანეთზე გადაკიდებული, როგორც დღეს ხდება. მაშინ კონკურენცია იყო და ამან ქართული ტელევიზიის განვითარებას შეუწყო ხელი. საზოგადოება მაშინ ტყუილ-მართალს არჩევდა.

ჩვენთვის რთული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ისინი ხან მუდმივი შიშის რეჟიმში გვამყოფებდნენ. ერთი მხრივ, რთული იყო ასე მუშაობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესო, რადგან ვიყავით მოვლენების ეპიცენტრში.

დღეს აცდენილი ვარ პოლიტიკურ ვნებათაღელვებს, რაც მახარებს, რადგან მე ბევრი უარყოფითი რამ მივიღე ამ ყველაფრისგან. დღევანდელ ტელეთერებს რომ ვუყურებ, ვერაფრით ვიქნებოდი ასეთი კომპანიის ხელმძღვანელი. საზღვრები მთლიანად წაშლილია.

-მართალია, რომ ზოგმა ჟურნალისტმა მაშინ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი?

-უსაფუძვლო ბრალდებაა, რომ იყო ვიღაც გამყიდველი და დღემდე დადის ჭორი, თითქოს ,,იმედში” მოსული გარკვეული კადრები მიუტანა ხელისუფლებას. ეს ბოდვაა.

-როგორ მოახერხეთ ფაქტობრივად სუფთად გამოსვლა ამ სიტუაციიდან?

– ისე გამზარდეს, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, ყოველთვის მართალი ვყოფილიყავი. გგონიათ, არავის არაფერი უთქვამს საწყენი? მაგრამ მოვახერხე, არ გავსვრილიყავი, რადგან არ ვიყავი პოლიტიზებული. მე მაინც უფრო ვიყავი ორიენტირებული წმინდა სატელევიზიო საქმეებზე.

-რა პრინციპებს გინერგავდნენ ოჯახში?

– არაფერი განსაკუთრებული პრინციპები არ იყო, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ წიგნის სიყვარული მასწავლეს და ნორმალური განათლება მომცეს. განათლება გაძლევს იმის ახსნის უნარს, რა არის კარგი და რა – ცუდი.

– დედათქვენი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა…

-მე მის ასაკს უკვე გადავაჭარბე. დედაჩემი იყო 58 წლის და მე 60-ის ვარ… ბებიასაც და დედასაც სიმსივნე ჰქონდათ, მაგრამ ბებია გადარჩა და დედა გარდაიცვალა. დედაჩემს სისხლის შეუდედებლობა ჰქონდა. არ უნდა ყოფილიყო რთული ოპერაცია და, ვინმემ რამე არ გაითვალისწინა თუ რა მოხდა, არ ვიცი. მედეას გარდაცვალებას არ ველოდით და ის ოპერაციაც არ იყო, რომლის გამოც უნდა გვენერვიულა.

იმდენად იოლად აღმიწერდნენ, რომ ოპერაციაზე შესვლის დროს არც კი მინახავს. წინა საღამოს ვნახე და დავტოვე, რადგან მორიგე ვიყავი გაზეთში. ვიღაცამ რაღაც ვერ გათვალა. როგორც ამბობენ, ასეთი რამ ათასში ერთხელ ხდება. ჯობია, ბედისწერას დააბრალო ეს ყველაფერი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”