ნინო ლომჯარია: ,,უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”

ნინო ლომჯარია: ,,უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს''სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს ჭამს.
,,სახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს… საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება.
მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას…”.