რეჟისორი ნანა ჯანელიძე ღია წერილით მიმართავს ელენე ხოშტარიას მშობლებს: ,,ბატონო გოგი და ირა, ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქალიშვილის, ელენე ხოშტარიას გამო. ვფიქრობ, ის ახლა თავისი ქმედებით ყოველ ჩვენგანს იცავს, ჩვენს ხვალინდელ დღეს აშენებს, ჩვენს ადამიანად ყოფნას მიაგებს პატივს, უფსკრულის პირას მოთამაშეებს გვიჭერს, რომ არ გადავიჩეხოთ.
ადამიანს, ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს მხოლოდ ზნეობრივი გმირი ზრდის და ძერწავს. ელენემ შეძლო საკუთარ თავში ასეთი გმირი ეშვა. ახლა უკვე სხვებსაც გაუკვალა გზა, ჟანგბადი შემოუშვა, სირცხვილი ჩამოგვბანა…
მინდა, მდაბლად დავუკრა თავი მის ოჯახს და შვილებს და ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ელენემ მათთან ერთად ყოფნის იშვიათ და ძვირფას წუთებს, ჩვენი ღირსებისთვის ბრძოლა ანაცვალა. მადლობთ ამისთვის”.
ნანა ჯანელიძე რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა ფილმებზე ,,მონანიება” და ,,ნატვრის ხე”, ის ასევე არის ავტორი ფილმების – ,,ოჯახი”, ,,იავნანა”, ,,ერთი წვეთი საქართველო” და სხვა.

