რეჟისორმა დათო დოიაშვილმა გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” მსახიობ ზურა ყიფშიძეზე ისაუბრა:
-გადავწყვიტე, რომ დამედგა „სირანო დე ბერჟერაკი“ და მთავარ როლზე მოვიწვიეთ ზურა ყიფშიძე. ახლაც რომ მახსენდება ეს რეპეტიციები, ბევრ რამეს ვსწავლობდი იქიდან.
გაფრთხილებული ვიყავი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს და შეიძლება ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მას აქვს პრემიერის შიში, მაყურებლის შიში. ეს ცნობილი შიშია… მითხრეს, ყველაფერს გააკეთებს პრემიერის წინ, რომ პრემიერა არ შედგესო. ამისთვის იყავი მზად, ლავირებით მიიყვანე პირველ დღემდე, მთავარია, პირველი დღე ათამაშოო.
„სირანო დე ბერჟერაკი“ უნდა გვეთამაშა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე. დამირეკა ეკა მაზმიშვილმა, რომ 5-6 იმპრესარიოს სურდა ზურა ყიფშიძის ნახვა და მთხოვა, გენერალურ რეპეტიციაზე მათი მიყვანა.ვითამაშეთ, გაოგნებული სახეები ჰქონდათ, მერე ზურას ცალკე ესაუბრნენ, ისიც ძალიან კმაყოფილი იყო.
ერთი დღე იყო დარჩენილი პრემიერამდე. გადავწყვიტე, რომ ეს შიში გადალახა. მოხდა ისე, რომ პრემიერის დღეს რეპეტიციის წინ დაიწყო ჯაჯღანი. არ მახსოვს, რა მოხდა ჩემში. ორი პლუსი დაეტაკა ერთმანეთს. ვუთხარი, რომ დავამთავრეთ ურთიერთობა და ყველაფერი-მეთქი. ვუთხარი, რომ აღარაფერი შედგებოდა. ჩავშალე პრემიერა. დასიც ძალიან განერვიულდა.მთხოვდნენ, მაგრამ ეს არის ჩემი ცუდი ხასიათი. არის რაღაცები, რის იქითაც ვეღარ გადავდივარ.
მერე კი დავდგი ეს სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა ვეღარ ნახა და ეს ზურას გამო არის გულდასაწყვეტი, წარმოუდგენლად თამაშობდა, მაგრამ რაც ერთხელ გატყდა, ვეღარ აღდგება. განვიცდი იმას, რომ ქართველმა მაყურებელმა ვერ ნახა ზურა ამ როლში, თორემ სპექტაკლს ვერ განვიცდი.

