რამდენი წელი ემუქრებათ ბათუმელ მოზარდებს, რომლებმაც თანატოლი გოგო სცემეს და დაამცირეს

რამდენი წელი ემუქრებათ ბათუმელ მოზარდებს, რომლებმაც თანატოლი გოგო სცემეს და დაამცირეს„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა.

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ.

შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს.

„დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე ამ ჩანაწერის შესახებ და პარასკევს მიმართეს პოლიციას. ისინი იყვნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. შემთხვევა არ მომხდარა სკოლაში და სკოლის საათებში,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ,,ბათუმელებთან”.

კონფლიქტში ჩართული იყვნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც.

„დაველოდებით გამოძიებას,“  – ამბობენ ,,ბათუმელებთან” აჭარის განათლების სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას  ვადით ერთიდან სამ წლამდე.