საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
,,როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების ჯგუფთან, ერთადერთი მიზნით, რომ შემენარჩუნებინა არჩევნებამდე შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ ექიმების კონსილიუმის და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს
მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა შევძლოთ ამის შეჩერება და შემობრუნებისკენ გადავდგათ ნაბიჯი. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურს მიაღწია, შემდეგ ჩვენ პოზიტიური პროცესის მომსწრე გავხდით – ოპოზიციის გაერთიანება, რაც ქართული დემოკრატიისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის გადამწყვეტია.
ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ არჩევნებზე. ჩემი შიმშილობა გრძელდება, მაგრამ მაქვს თქვენი და გამარჯვებული ხალხის იმედი, გთხოვთ, გადაურეკოთ თქვენს ნათესავებს, რათა მიიღონ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებზე. ასევე გთხოვთ, დილიდან უბანზე შევიკრიბოთ, რათა დავიცვათ თითოეული ხმა”, – მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას მისი ადვოკატი ავრცელებს.

