,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
ქალი, რომელმაც 26 წლის წინ პაწაწინა გოგონა იშვილა, ახლა მის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ლამზირა ლილუაშვილი ,,სარკეს” უყვება, რომ ბავშვში, რომელიც ზესტაფონის სამშობიაროს ერთ-ერთი ექთნის ოჯახიდან წამოიყვანა, 3 მილიონი კუპონი გადაიხადა. უთხრეს, რომ მის მშობლებს ბევრი შვილი ჰყავდათ და პაწაწინა გოგოს გაზრდას, რომელიც სულ რაღაც კილონახევარს იწონიდა, ვეღარ შეძლებდნენ, ამიტომ მიატოვეს.
ლამზირა ლილუაშვილი:
– ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რას გრძნობს ქალი, რომელსაც შვილი არ უჩნდება. 8 წელი შვილი არ გვეყოლა… გავიგეთ, რომ ახალშობილი შვილდებოდა. ექთნის ოჯახიდან წამოვიყვანეთ.ბავშვი კილო და 500 გრამი იყო. ექიმმა მითხრა, ამ ბავშვს ვერ გაზრდი, 3 ადამიანს ვათქმევინე მასზე უარი და საიდანაც წამოიყვანე, იქ მიიყვანეო. ვერ შევძელი ბავშვის უკან დაბრუნება და წამოვიყვანე.
– როდის არის დაბადებული?
– ჩემი მაგდა 1995 წლის 21 მარტს ავიყვანე. მითხრეს, 14 დღის არისო.შეიძლება 14 დღისაც არ იყო. მის დაბადების დღეს 7 მარტს აღვნიშნავთ, მაგრამ ეს ალბათ ზუსტი თარიღი არ არის.
ჯგუფში “ვეძებ” სანამ ამ ისტორიებს წავიკითავდი, აზრად არ მომსვლია, რომ ბავშვი შეიძლებოდა მოპარული ყოფილიყო და მის დედას მიცვალებული ჰგონებოდა. როცა სახლში მოვიყვანე, სულ ცრემლები მადგებოდა, რომ ასეთი უმწეო მიატოვა დედამ… ვფიქრობ,მაგდა ზესტაფონშია დაბადებული.
– ფული გადაიხადეთ?
– მას მერე, რაც დავრწმუნდით, რომ ბავშვი გაიზრდებოდა – ასეთი იყო მოლაპარაკება. 3 მილიონი კუპონი გადავიხადეთ.
– მის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებთ. შეიძლება მისი ახლანდელი სახელისა და გვარის გამხელა?
-არაფერი გვაქვს დასამალი, მაგდა გოზალოვია. გოზალოვი ჩემი მეუღლის გვარია. ხორბლისფერი კანი აქვს. ძალიან მშვიდი, წყნარი და კეთილი გოგოა. ცოტა პუტკუნაა და ეს მისი გენეტიკის ამბავი მგონია.
– მაგდამ როდის გაიგო, რომ ნაშვილები იყო?
– როცა შვილები ეყოლა, გადავწყვიტე, ყველაფერი მომეყოლა. ზესტაფონიდან კახეთში გათხოვდა, მაგრამ ისევ ჩვენ წამოვიყვანეთ ზესტაფონში ქმარ-შვილთან ერთად. მისმა დედამ არ იფიქროს, რომ მის კისერზე დაჯდება. არა, ბატონებო! მაგდას ჰყავს კარგი ოჯახი, აქვს სახლი და არავის შეაწუხებს.
– ბიოლოგიური შვილებიც გეყოლათ.
– მაგდა 8 წლის იყო, ბიჭი რომ გაგვიჩნდა. ის ახლა 17 წლის არის. ჩვენი ბიჭი წლის და 3 თვის იყო, მეორე ბიჭი რომ გაგვიჩნდა, რომელიც 3 წლის ასაკში გარდაგვეცვალა. სტუმრები მყავდა და მეზობელმა წაიყვანა. მათ თავღია ჭა ჰქონდათ. ბავშვი გაპარვია, იქ ჩავარდა და დაიღუპა…
– ძალიან სამწუხარო ამბავია… ბიოლოგიურ შვილებსა და მაგდას მიმართ განსხვავებული გრძნობები გქონდათ?
– არანაირად!
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

