გიგი გაჩეჩილაძე: ,,ყველაფერი გულში დაუგროვდა და დედამ ვეღარ გაუძლო”
როგორ ცხოვრობს მოცეკვავეების დინასტია ლარისა გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ

გიგი გაჩეჩილაძე: ,,ყველაფერი გულში დაუგროვდა და დედამ ვეღარ გაუძლო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,თელამ” შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპი დიდი დანაკარგით დაიწყო – რამდენიმე თვის წინ ამ დიდი ოჯახის დიასახლისი, ქორეოგრაფი ლარისა გაჩეჩილაძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. ის და მისი ქმარი, თენგიზ გაჩეჩილაძე, მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდნენ, აშენებდნენ და ავითარებდნენ სკოლას, სადაც მოცეკვავეთა თაობები გაიზარდნენ.

ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე, ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე გიგი გაჩეჩილაძე საჯაროდ პირველად ,,სარკესთან” ალაპარაკდა:

-წუთი არ გავა, ჩემი ფიქრები ამისკენ არ იყოს მიმართული. მგონია, რომ ნებისმიერ წუთს ავიღებ ტელეფონს და დედას დავურეკავ. დედა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

-კოვიდი გახდა გარდაცვალების მიზეზი?

– მოულოდნელად ცუდად გახდა, ღებინება დაეწყო და სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში.პირველი ანალიზით გვითხრეს, კოვიდი დაუდასტურდაო.

ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან საერთოდ არსად გადიოდა, მამასთან ერთად იყო სახლში ჩაკეტილი. ასეთ შემთხვევაში ვირუსი მამასაც უნდა ჰქონოდა. კოვიდი არავის დაგვიდასტურდა. დედას კი მეორე ტესტზეც იგივე უთხრეს. საბოლოოდ კოვიდი ორ კვირაში დაძლია, მაგრამ შემდეგ გულზე დაეწყო პრობლემები.

– გული მანამდეც აწუხებდა?

-გულის პრობლემა მანამდე არ ჰქონია, მაგრამ ბოლო ერთმა წელმა და პანდემიის გამო ჩაკეტილობამ დედაზე ძალიან იმოქმედა. მთელი ცხოვრება იხარჯებოდა ყოველდღიურად და უცებ იზოლაციაში მოექცა.არ იცოდა ემოციების ადვილად გამოხატვა. არაფერზე დაუწუწუნია, მაგრამ შვილები ვატყობდით, რა ხდებოდა მის გულში.

-ბატონმა თენგიზმა როგორ გადაიტანა ეს დარტყმა?

–  ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დეპრესიას არ მიეცეს…

– რა გასწავლათ დედამ, რაც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ?

-ყოველთვის ამბობდა, რომ მხოლოდ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. სულ იმას გვეუბნებოდა, ადამიანები ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და ხელი გავუწოდოთო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”