,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
კახა წიქარიშვილს შვილივით გაზრდილი მგელი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ,,ფეისბუქში” გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცები მგელს პირში სასმელს ასხამენ. ახლა მგელი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში ცხოვრობს და პატრონი მის დაბრუნებას ითხოვს.
კახა წიქარიშვილი ,,სარკეს” უამბობს:
-ბებნისში მაქვს საკალმახე მეურნეობა. ბევრი ძაღლი მყავს და ერთი ლაბრადორი ტეხდა ყეფას, ჭალისკენ გარბოდა. გავყევი და ორი ლეკვი ვნახე. 1-2 დღისანი იყვნენ.წამოვიყვანე.ძაღლის ლეკვები მეგონა.ცოტა რომ წამოიზარდნენ, მივხვდი, მგლის ლეკვები იყვნენ.
დედალს კორონა დავარქვი, მამალს – კოვიდი. საწოვარათი ვზრდიდი. დედალი ავად გამიხდა და ვერაფერი ვუშველე. კოვიდი ლოგინში მეწვა, შვილივით ვზრდიდი.რამდენი ღამე მაქვს გათენებული მათი გულისთვის, ვერც დავთვლი. ხან ერთი დაიწყებდა წკმუტუნს, ხან – მეორე.
-მგლის რა თვისება აქვს კოვიდს?
-არც ერთი.ძაღლივით არის.არავის ერჩის. კბენა, ვინმეზე გაწევა წარმოუდგენელია.ახლა ვიღაც უსაქმურები დამესიენ და წამართვეს ასე შვილივით გაზრდილი მგელი.ვურჩევ, ისე მიხედონ თავიანთ შვილებს, როგორც მე კოვიდს ვუვლიდი.
-მართლაც საშინელი სანახავია – დაბმულ მგელს ალკოჰოლს ასხამენ კაცები და იქ თქვენი ხმაც ისმის.
-,,კოკა-კოლაში” კონიაკი ჩავაწვეთეთ ცოტა.არასწორად მოვიქეცით… დააცხიკინა და გადმოყარა ყველაფერი, არც დაულევია.
ყოველდღე 3 კილო ხორცს ვაჭმევდი.ხორცს რომ შეჭამდა, დესერტად კალმახს აყოლებდა. ახლა ვიღაც უსაქმურები ატყდნენ და წამართვეს…
მგლის სადღეგრძელო დავლიეთ.მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მგლის სადღეგრძელოს ვსვამდით და ისიც სამადლობელს იხდიდა. კოვიდს არ დაულევია,არ ესიამოვნა და დავანებეთ თავი. არ ესიამოვნა მგელს და დავანებეთ თავი. საკუთარ თავზე ვარ გაბრაზებული. საკუთარ თავზე ვარ გაბრაზებული…
ჩავისვამდი კოვიდს მანქანაში და დამყავდა აქეთ-იქით. ხორცის საყიდლად ერთად მივდიოდით ქარელში. კვირაში ერთხელ ვაბანავებდი.
-დაბმული რატომ გყავდათ, თუ არაფერს აშავებდა?
-დღისით ვაბამდი, ღამით კი ვუშვებდი. დღისით საკალმახეს კარი ღიაა და ძაღლები რომ გადიოდნენ, ესეც დაჰყვებოდა. ისეთი მოალერსეა, ვინც ეფერებოდა, ყველას ლოკავდა. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი, რომ ჩამხუტებოდა. ისე ვუყვარვარ… პატრონის გარეშე ვერ გაძლებს…
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

