,,ქალი საბარგულში” – მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (დასასრული)

,,ქალი საბარგულში" - მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (დასასრული),,ქალი საბარგულში”, მაია ბურჭულაძე, დასაწყისი

სოსო თავის კაბინეტში განმარტოვდა. პირველ რიგში, “ფეისბუქი” გახსნა და თინათინ თურმანიძე აკრიფა. რამდენიმე თინათინის ავატარი ამოხტა, მათ შორის, პირადობაზე გამოსახული ქალიშვილის. ის არის, წყალი არ გაუვა. მიჩიგანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თ. თ.

აჰა. სწავლის პარალელურად საერთაშორისო პროექტებზე უმუშავია, უნივერსიტეტის რეკომენდაციით პრაქტიკა გაუვლია აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციაში… ვახ, რა ნიჭიერი გოგო ყოფილა! დიდი დანაკლისი იქნება ქვეყნისთვის… ეჰ, მაგაზე თუ წავიდა, ნიაც ნიჭიერი იყო, მაგრამ შეფის არც თხოვნა შეისმინა, არც მუქარა. სიძესთან კურკურს კიდევ აპატიებდა კაცი, მაგრამ შანტაჟს – არავითარ შემთხვევაში!

სოსო ქალიშვილის კაბინეტში შევიდა.

– რა ამბავია ამდენი მუშაობა, დაისვენე უკვე.

– არ დაგელოდო?

– არა, არა, მე საქმე მაქვს, – ხელები გაასავსავა სოსომ, – სხვათა შორის, შენც გაქვს საქმე. მამიდაშენი გელოდება, ცოტა ადრე გამოუშვი, მანანიკოს საყვარელი ჟოლოს ტარტალეტკები დავაცხვეო. ხომ იცი, ასაკშია და ადრე იძინებს ხოლმე, ასე რომ, დროზე დააწექი…

– ცოტა ადრე მაინც გეთქვა.

– არც ახლაა გვიან.

– ხო, კაი, კაი, ვდგები.

მანანა გავიდა.

სოსო თავის კაბინეტში შევიდა, რეცეფციაში გადარეკა და თინა იკითხა.

– ნახევარი საათის წინ მოვიდა, – უპასუხა ეთომ, – გადავეცი, რომ ეძებდით.

ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს.

სოსომ კარი გააღო.

– მისაღებში მითხრეს, პირადობა უნდა მოგცესო… – მობოდიშებით დაიწყო თინამ.

– შემოდი, შემოდი, სადღაც აქ უნდა იყოს…

თინამ მორიდებულად შეაბიჯა. მანანა არ იყო ადგილზე, სამაგიეროდ, მის სამუშაო მაგიდაზე თინას პირადობა იდო.

– აგერ, ჩემი პირადობა!

სოსომ თავი დაუქნია, მერე თავის კაბინეტში შეიყვანა და სკამზე მიუთითა, დაჯექიო, თვითონ მაგიდას შემოუარა და თავის სავარძელში ჩაჯდა.

თინამ ხალათის ჯიბეში ხელი ჩაიცურა და შეუმჩნევლად ჩართო მობილურის დიქტოფონი.

– ერთი კითხვა მაქვს, – თქვა სოსომ.

– გისმენთ.

– რატომ დასჭირდა მიჩიგანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ფსიქიატრიულ კლინიკაში დამლაგებლად მუშაობა?

– თქვენი კოლეგის, ნია ფილფანის, მკვლელობის გამოსაძიებლად.

– ნია ფილფანის მკვლელი დაკავებულია.

– არა, ის ჩემ წინ ზის და მორიგ მსხვერპლზე ფიქრობს.

სოსომ თავი გააქნია.

– ბოდვებში ხარ, გოგონი… მკურნალობა გჭირდება, კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია…

თინა ფეხზე წამოდგა.

– აზრი არა აქვს თქვენთან ლაპარაკს. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

– ფეხებს ვერ მომჭამ!

– მე – არა, პროკურატურა დაკავდება თქვენი ფეხებით.

– რის საფუძველზე?

– მოკლულის ეპითელიუმის და თმის ღერების, რომლებიც ჩემს ჩემოდანს აჰყვა… დიდი ეჭვი მაქვს, ლექსოს საბარგულშიც ბლომად დარჩა თქვენი თითის ანაბეჭდები…

სოსომ თინას მკლავში ხელი დაავლო და ოთახის სიღრმისკენ უბიძგა:

– მოსვლა შენი ნება იყო, წასვლაზე ბოდიში მომითხოვია…

– რამდენს ბედავთ, ხელი გამიშვით!

– იყვირე, რამდენიც გენებოს, ხომ არ დაგავიწყდა, სად იმყოფები?! აქ ფსიქიატრიული კლინიკაა და არა – კეთილშობილ ქალწულთა პანსიონი. ყვირილით ვერავის გააკვირვებ.

თინა ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ სოსომ ისევ დაიჭირა.

– ნუ ფართხალებ, თორემ დავუძახებ სანიტრებს და უცბად გაგსკვანჭავენ. გინდა?

– არა.

– მაშინ დაწყნარდი.

თინა მაგიდას მიუახლოვდა, ვედროში მოყელყელავე ცოცხს დასწვა და სოსოს მოუქნია. ის უკან გახტა. ამ დროს კარი გაიღო და მანანა გამოჩნდა.

– რა ხდება აქ?

– მიხურე კარი, მანანა. მიხურე და წადი!

– არ წახვიდეთ, მანანა, მომკლავს.

– მამა, რა ხდება?

– ეს შენ ამიხსენი, რა ჯანდაბა მოგარბენინებდა უკან.

– დამლაგებლის პირადობა დამრჩა.

სოსო სავარძელში ჩაეხეთქა.

– ეს ქალი მოგზავნილია, შვილო, რა უგავს ამას დამლაგებლის, ხელებზე შეხედე, მეტყველებას დააკვირდი…

– ვინ ხარ? – მანანამ მზერა თინაზე გადაიტანა.

– შენი ქმრის ადვოკატი.

– დავუშვათ, დაგიჯერე. რა გამოძრავებს?

– სიმართლის დადგენის სურვილი. არაფერი პირადი.

– და რა არის სიმართლე?

– ის, რომ ლექსო უდანაშაულია, ის, რომ შენ უყვარხარ, იმიტომაც გაიხადა თავი საციხოდ. დარწმუნებულია, რომ შენ მოკალი ნია ეჭვიანობის ნიადაგზე. ნამდვილი მკვლელი კი სარგებლობს მისი მიამიტობით და კიდევ ერთ მკვლელობას გეგმავს.

– მაშინ ვინ მოკლა ნია?

– ჩვენ სამიდან ერთ-ერთმა. მე მაგ დროს ამერიკაში ვიყავი, შენ თუ არ მოგიკლავს, რჩება ვინ?..

მანანამ თვალებით გაბურღა მამამისი.

– მისმინე, შვილო… – სოსომ სათვალე მოისროლა და ვედრებით მიაჩერდა ქალიშვილს, – ეს ქალი აქედან ცოცხალი რომ გავიდეს, დავიღუპებით.

მანანამ უკან დაიხია, ზურგით კედელს მიეხეთქა, თვალები დახუჭა, ისევ გაახილა და თინას შეხედა:

– წადი. შენ შეასრულე შენი მისია.

– იმედია, შენც შეასრულებ. ეს დაგეხმარება.

თინამ მანანას ჩიპი მოაწოდა, სადაც ინახებოდა ლექსოს კომპიუტერიდან ამოღებული მასალა.

..

მეორე დღეს მთელი მასმედია არჩევდა ფსიქიატრიულ კლინიკაში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დირექტორი აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პროკურატურაში.

ამბავი ასე დაიწყო:

ორი თვის წინ სოსო თოფჩიშვილთან მივიდა შიზოფრენიული აშლილობის მქონე პაციენტის მეურვე, რომელმაც სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ მისი მეურვეობის ქვეშ მყოფის განეიტრალება სთხოვა. ცხადია, პირდაპირ არ აჯახა, მაგრამ მისი მიკიბულ-მოკიბული საუბრიდან ნათლად ჩანდა, რაზეც მიანიშნებდა.

სოსოს ჭკუაში დაუჯდა. ასაკოვანი პაციენტი მათი კლინიკის ხშირი სტუმარი იყო. ჰქონდა რემისიის პერიოდებიც, როდესაც სახლში ბრუნდებოდა – მეურვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც ჩანს, მეურვემ სწორედ მის სახლს დაადგა თვალი და, როცა პაციენტის სიკვდილს საშველი არ დაადგა, ფსიქიატრი მოიშველია – ეჭვების გასაქარწყლებად.

რაღაც პერიოდის შემდეგ მეორე კლიენტიც გამოჩნდა. აქ საქმე უფრო რთულად იყო. შეურაცხადი ბებია საკუთარმა შვილიშვილმა გაწირა.

მესამე მსხვერპლი ლუარსაბი უნდა ყოფილიყო, სრულიად ადეკვატური ბერიკაცი, რომელიც დემენციის დიაგნოზით საკუთარმა ძმისშვილმა კლინიკაში მოაცუნცულა, იმ იმედით, რომ მის იმქვეყნად გასტუმრებაში ბატონი სოსო მიეხმარებოდა.

ეჭვი, რომ პირველი ორი პაციენტის გაქრობა კავშირში იყო კლინიკის ხელმძღვანელობასთან, პირველად ექიმ პრაქტიკანტ ნია ფილფანს გაუჩნდა, რაც მოახსენა კიდეც დირექტორს. ეს უკანასკნელი არ გატყდა. მაშინ ნიამ კომპრომატი აუფრიალა – მისი და ლექსოს ინტიმური შინაარსის ფოტოები და სიჩუმის ფასად სოლიდური თანხა მოთხოვა, სხვაგვარ შემთხვევაში, შენს ქალიშვილს გავუგზავნიო. თავიდან სოსომ ტანზე შემოიხია, მოგვიანებით დაშოშმინდა და სულაც არ ჩათვალა დიდ პრობლემად მანანასთვის ფოტოების გაგზავნა. რაში სჭირდება მის ქალიშვილს მოღალატე ქმარი?! არც სოსოს აწყობს უმადური სიძე. რაც მთავარია, უტვინო, უტვინო…

სოსომ გადაწყვიტა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოეკლა. ლექსოს მივლინებაში წასვლის დღეს, გვიან საღამოს, როცა სიძეს ტკბილი ძილით ეძინა, სოსომ ნია თავის ეზოში დაიბარა – ფულის გადასაცემად. ისიც მივიდა. ეზოდან ავტოფარეხში გადაინაცვლეს, სოსომ, ფული მანქანაში მაქვსო. ნიაც შეჰყვა, მაგრამ ფულის ნაცვლად ჩაქუჩით თავში სასიკვდილო დარტყმა მიიღო.

სოსოს კაპიტალურად ნაშენებ ავტოფარეხში ორი მანქანა ეყენა – მისი და ლექსოსი. ორმაგი შურისძიებით აღვსილმა სიმამრმა გვამი სიძეს საბარგულში ჩაუდო და მოვლენათა განვითარებას დაელოდა.

მოვლენები კი სულ სხვანაირად განვითარდა…

თინამ გაზეთი გადადო და ზევით აიხედა. ჭერზე ლაქა გამშრალი იყო.

“წყალი რომ არ ჩამომსვლოდა, საწყალ ლექსოს რა ეშველებოდა”, – გაიფიქრა და გაეღიმა.

მობილურმა დარეკა.

– დიახ, შიო, გისმენთ.

– შეწუხებისთვის ბოდიში, მაგრამ სახლში თუ ხართ, იქნებ დამეხმაროთ.

– დიახ, სახლში ვარ.

– გარეთ ვარ გასული და აღარ მახსოვს, ონკანი დავკეტე თუ არა და იქნებ ჭერს შეხედოთ.

თინამ ჭერს კიდევ ერთხელ ახედა.

– ნუ ღელავთ, შიო, მშრალია.

– შენ გაიხარე, ძლივს არ ამოვისუნთქე!

შიომ მობილური გათიშა.

ცოტა ხანში კარზე ზარი დაირეკა.

თინამ კარი გააღო. ზღურბლზე შიო იდგა კრიალოსანით ხელში.

– პატარა ბიჭივით მომივიდა, მაგრამ, იმედია, მაპატიებ, – უთხრა თინას და გაუღიმა.

– უკვე გაპატიე, – გაუღიმა თინამაც და გვერდზე გაიწია.