,,მედო” – ნოველა

,,მედო" - ნოველა,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე

– ნუციკო, რას შვები ახლა? – დამირეკა მედომ. აღდგომა მომილოცა და უცებ მოაყოლა, – რამე უნდა მოვიფიქროთ, იცოდე, საფლავზე რომ გავიდეთ.

– აი, დარწმუნებული ვარ, მოფიქრებული გექნება უკვე, – გამეცინა.

– აბა, რა, მოფიქრებულიც მაქვს და გეგმაც მაქვს ჩამოწიკწიკებული თავში.

– ოჰ, შე ცელქო და მოუსვენარო, – მივესიყვარულე.

– ეგ ცელქობა და მოუსვენრობა მაცოცხლებს აქამდე, ხომ იცი? გამოსავალი ყოველთვის უნდა მოვძებნოთ.

– მედო, რა გამოსავალი, გადაკეტილია გზები სასაფლაოებთან, ხომ იცი? – დავტუქსე, – იმედია, რამე შარს არ გადამკიდებ.

– მე და შარი? როგორ გეკადრება! – შეიცხადა მედომ.

– ტელეფონით ამდენს რომ მელაპარაკები, გამოსვლას არ აპირებ? – ვკითხე.

– მაგიტომ დაგირეკე. სახლში თუ ხარ, გამოვალ.

– სახლში ვარ კი, გამოდი.

..

მედო ჩემი ნათლიაა. ის და დედა სტუდენტობიდან მეგობრობდნენ, მერე დედა გათხოვდა და მედო წაიყვანა მეჯვარედ, მერე მე გავჩნდი და მედომ მომნათლა. გამიმართლა, რომ, ბევრი ნათლიის მსგავსად, მედო ჩემი ცხოვრებიდან არ აორთქლებულა. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. დიდი მორწმუნეობით არ გამოირჩეოდა, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდაც არ იყო მორწმუნე – არ მარხულობდა, ეკლესიაშიც ხანდახან თუ შეივლიდა, უფრო მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში, ან მაშინ, როცა ძალიან უჭირდა, ან მაშინ, როცა მოსწავლეებს მიჰყვებოდა ექსკურსიებზე. დაანთებდა სანთელს, გადაიწერდა პირჯვარს, გაირინდებოდა ცოტა ხანს და ეგ იყო.

– ზოგი ოცდაოთხ საათს ეკლესიაში ატარებს და თან ასევე ოცდაოთხ საათს სხვას განიკითხავს. მე ეგეთები მორწმუნეებად არ მიმაჩნია. მთავარია, სული გქონდეს სუფთა, სხვისი ცხოვრებით არ იცხოვრო, ცუდი არავისთვის გინდოდეს, პატიება შეგეძლოს… ეგ არის ჩემთვის ქრისტიანობა. ასე რომ, არ მიწყინო, ჩემო ნუციკო, არ მისაყვედურო, რომ ასეთი ურწმუნო ნათლია გყავს და ვერ გაზიარებს ჭეშმარიტებას, სამაგიეროდ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, – უთქვამს რამდენჯერ.

– ვიცი, მედო, ვიცი, – ვამშვიდებდი.

– კარგი გოგო ხარ შენ, – მაქებდა, – დედაშენს მიცვლი მეგობრობაში.

მე და მედო მართლა ვმეგობრობდით. სანამ დედა ცოცხალი იყო, მაშინაც და მისი გარდაცვალების შემდეგ – უფრო მეტად. დედა სამი წლის წინ გარდაიცვალა და მედომ ამის შემდეგ მისი ფუნქციების შეთავსებაც სცადა.

– როგორი გათამამებულიც ჰყავდი დედაშენს, მეც ისე უნდა გაგათამამო, – გამომიცხადა და ჩემი სახლის დალაგება და ჩემთვის საკვების მომზადება დაივალა.

– რას ამბობ, მედო?! თუ გინდა, ისე იყავი ხოლმე ჩემთან, სულაც აქ გადმოდი საცხოვრებლად, მაგრამ რა დალაგება, რა საჭმლის კეთება! – შევიცხადე.

– გჭირდება! – გაიგიჟა თავი.

კიდევ კარგი, მალე თვითონვე მიხვდა, რომ დიდად ვერც სახლის დალაგებას აბამდა თავს, ვერც საჭმლის კეთებას და ორიოდე კვირაში გამომიტყდა:

– იცი, რა, ნუცა, ვაღიარებ, აი, არ არის ეს ჩემი საქმე. რა უხეირო ნათლიაც ვარ, ის უხეირო დიასახლისიც.

– ჰოდა, დაანებე თავი ამ დიასახლისობას. ისედაც მშვენიერ დედობას მიწევ, იმედით, ენერგიითა და ხალისით მავსებ, მეტი რა მინდა, – ამოვისუნთქე შვებით.

გულს ხომ არ ვატკენდი და ის კი დავუმალე, მის დალაგებულ სახლს ხელმეორედ რომ ვალაგებდი, კერძებს კი საერთოდ ვერ ვეკარებოდი, რადგან ხან დამწვარი იყო, ხან მლაშე, ხან მწარე…

– ჰო, რა! – ამყვა შვებამოგვრილი, – ნეტავ რას გავიგიჟე თავი? არ გამომდის, არ მეხერხება და მორჩა. იმიტომაც დამიწუნა სადედამთილომ, ოჰ, მაგის… – მიაკურთხა, ეს კი ეხერხებოდა და თანაც უხდებოდა, – ეგო, ტაშ-ფანდურა გოგოა, ოჯახისთვის როგორ ივარგებსო!

– მოიცა, სადედამთილომო და, თაყვანისმცემლები რომ გყავდა, ეგ ვიცი და, ესე იგი, საქმროც გყავდა? – გამეცინა.

– მყავდა, აბა! – აზიდა წარბი, – ვითომ რატომ არ მეყოლებოდა?! ოჰ, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ… ან რა გასახსენებელია, – ჩაიქნია ხელი, – უბრალოდ იყო და უცებ აღარ იყო.

– და რატომ დაშორდი? მაგ სადედამთილოს გამო? – მძლია ცნობისმოყვარეობამ.

– კაცი, რომელიც დედამისს ამის თქმის უფლებას მისცემდა, ისეთ კაცს რა უნდოდა ჩემ გვერდით? ჰოდა, ღმერთმა საშინაო ქალი გაპოვნინოთ დედასაც და შვილსაც-მეთქი, დავიხურე შლიაპა და გავქუსლე მათი ცხოვრებიდან. აბა, ეგღა მაკლდა, ნერვებს შევაჭმევინებდი!

– მერე, როგორ გადაიტანე ეგ ამბავი?

– რა გადატანა მაგას უნდოდა?! მაგის მერეც ბევრი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ლამაზი არ ვიყავი, მაგრამ ეფექტს ყოველთვის ვახდენდი, თან კარგად ვმღეროდი, ვუკრავდი, ვცეკვავდი, ბევრს ქმრობა უნდოდა, ბევრს – საყვარლობა, მაგრამ, იცი, რა? მე ჩემი თავის უფროსი ქალი ვარ, ვერავის ჭკუაზე ვერ გავივლიდი.

ჰოდა, კი დადიოდა თავის ჭკუაზე, თავის ხასიათზე, თავის გემოზე და ბედს სულაც არ ემდუროდა მარტოხელობისთვის.

ამასობაში, კარზე ზარიც დაირეკა.

– ქრისტე აღსდგა! – როგორც კი კარი გავაღე, მაშინვე მითხრა მედომ და შემოვიდა.

-ჭეშმარიტად!

– ახლა შენც არ დამიწყო, აღსდგა კი არა, აღდგაო. დამესიენ “ფეისბუქში”, ერთი ამბავი ამიტეხეს ამის გამო. შე დალოცვილო, მეც ვიცი, რომ აღდგა, მაგრამ მიჩვეული ასე ვარ, ასე უფრო მომწონს და არ მაქვს უფლება? ან რა დროს ამაზე დავაა, მომილოცე, ჭეშმარიტად-თქო, მითხარი, კი არ მეცე და მაკრიტიკო. სულ გაგიჟდა ეს ხალხი, ვითომ ერთი ასო ცვლიდეს ქვეყანას, – აქოთქოთდა და პარკი გამომიწოდა, – პასკა მაღაზიის მოგიტანე, მე მაგის გამოცხობა არ ვიცი და, აი, კვერცხი კი ჩემი შეღებილია. მშვენიერ ფერზე დადგა, სხვათა შორის.

– მართლაც მშვენივრად შეგიღებავს, ყოჩაღ! – შევაქე, როცა მისი შეღებილი კევრცხები ჩემსას მივუწყვე გვერდით და მედოც სუფრასთან მივიწვიე.

– მოყევი ახლა, როგორ ხარ, – ვკითხე და ჩაიდანი შემოვდგი.

– გადასარევად. რომ ავიცერი, ხომ იცი?

– ეგ ვიცი, კი. მეორე როდის გიწევს?

– მოვრჩი უკვე, სამი დღის წინ ავიცერი მეორედ.

– უი, რას ამბობ და ვერ მითხარი? წამოგყვებოდი.

– რად მინდოდა წამოყოლა, კი არ მეშინოდა. მე თვითონ წავყევი იმავე დღეს ჩემს მიშას და მანანას, ჩემ პირდაპირ რომ ცხოვრობენ, ხომ იცნობ?

– კი, როგორ არა. მოიცა, იმავე დღეს წაყევი აცრაზე? მართლა რა მაგარი მყავხარ.

– აბაა! ჩიტივით ვიყავი. დილით მე ავიცერი მეორედ და საღამოს ისინი, შიშით კანკალებდნენ. რა მექნა, შემეცოდნენ, მარტოები არიან, შვილი საზღვარგარეთ ჰყავთ. ჰოდა, წავყევი. ახლა, რომ იცოდე, რა კარგად ვგრძნობ თავს. თავისუფლად ვივლი. აქამდე მაინც მეშინოდა, ხომ იცი.

– საშიშია და შეგეშინდებოდა, აბა, რა.

– ჰო, ჯერ სიცოცხლე მინდა, ცოტაა სამოცდახუთი წელი სიკვდილისთვის. კარგი, ახლა ის უნდა გითხრა, როგორ წავიდეთ სასაფლაოზე.

– ვაიმე, მეგონა, ხუმრობდი!

– რა ხუმრობა? დღეს სასაფლაოზე უნდა გავიდეთ.

– მედო, ჯერ ერთი, არავინ შეგვიშვებს და მეორეც, ხომ იცი, რამხელა ჯარიმებია, არა? – გავუწყერი სერიოზულად.

– შენ ხომ დედაშენის ალი-კვალი ხარ, რა! ცხონებულს, ძლივს ვიყოლიებდი ხოლმე ჩემს გაფრენებში, ისეთი კანონმორჩილი იყო, ისეთი ფრთხილი… არადა, ხანდახან მოსაწყენია ასე ცხოვრება, ძალიან მოსაწყენი. ცოტა მეტი სითამამე და რისკი, ჩემო ნუციკო, რა არის, ეს ახალგაზრდა გოგო ყველაფერს რომ ზედმიწევნით იცავ, – ჩამოუშვა ცხვირი.

– არა, ის მაინც მითხარი, რას აპირებ და როგორ, – მაინც დავინტერესდი.

– ახლავე გეტყვი! – გამოცოცხლდა უცებ, – საღამოს, კომენდანტის საათამდე ცოტა ხნით ადრე, მივდივართ მანქანით სასაფლაოსთან. ეს იმიტომ, რომ კომენდანტის საათი არ დავარღვიოთ და არ დაგვაჯარიმონ. ვრჩებით მანქანაში, ველოდებით დაღამებას, ღამით სასაფლაოს აღარავინ უყარაულებს, დამიჯერე. მერე ავდივართ საფლავზე, ვაგორებთ წითელ კვერცხებს, ვანთებთ სანთელს, წავუქცევთ დედაშენს ჭიქა ღვინოს. მერე ვბრუნდებით, ვსხდებით ისევ მანქანაში, იქ ვიძინებთ და დილას, კომენდანტის საათი როგორც კი მთავრდება, ვბრუნდებით სახლში. აბა, როგორია?

– რა როგორია, მედო, სულ გაგიჟდი?! – პირი დავაღე, – ღამით კი არა, დღისითაც ძლივს მივდივარ სასაფლაოზე, ისე მეშინია. ღამით რა მინდა სასაფლაოზე, საერთოდ, ეს რამ მოგაფიქრა?!

– მკვდრების როგორ უნდა შეგეშინდეს, გოგო, ცოცხლების არ გეშინია, – გაეცინა, – თან აქ არ ვარ? არც ერთ მკვდარს არ დავაჩაგვრინებ შენს თავს, გპირდები.

მოკლედ, ისე მეჩიჩინა და მეზუზუნა, რომ ბოლოს და ბოლოს დამითანხმა.

“არა, რა მინდოდა ამ შუაღამისას სასაფლაოზე, რას დავუჯერე ამ გიჟს, რა ძალა მედგა, გახსნიდნენ და მერე მოვიდოდი, მშვიდად და წყნარად”, – ვფიქრობ გამწარებული.

მედო მართალი კი გამოდგა. კაციშვილის ჭაჭანება არაა. ჰოდა, მივდივართ, მივიპარებით დედაჩემის საფლავისკენ და თან შიშისგან ვცახცახებ.

– იქნებ გავბრუნდეთ? – ვეჩურჩულები მედოს.

– ნუ გეშინია, ხომ ხედავ, მოვედით თითქმის, – მეჩურჩულება მედოც.

რა ენაღვლება, მაგისთვის ეს ადრენალინი და ექსტრიმია, თავის სტიქიაშია. მე მკითხოს, ერთი! ამ დროს რაღაც სუსტი ხმაური ისმის.

– ვაიმე! – ვამბობ და ფეხები მეკეცება.

– რა იყო? – აქეთ-იქით იხედება მედო.

– ხმები არ გესმის? ვიღაც კიდევ არის აქ!

მედო ყურს უგდებს, მერე ფარნის შუქიც კრთება.

– ჩააქრე ფარანი. ალბათ პოლიციაა, – მეჩურჩულება ნირწამხდარი.

ფარანს ვაქრობ და ვიტრუნებით. ხმა თანდათან ახლოვდება და ფარნის შუქზე ორ ლანდს ვხედავთ. ისინიც ჩუმად მიიპარებიან.

– ფორმა არ აცვიათ, – აკვირდება მედო, – ესე იგი, ჩვენსავით შემოპარულები არიან, – და სანამ გონზე მოვალ, ხმამაღლა ეძახის, – ეი, გამარჯობა!

– გამარჯობა, ვინ ხართ?- გვპასუხობენ ლანდები და ჩვენკენ მოდიან.

ირკვევა, რომ ძმები არიან და მამის საფლავზე ამოიპარნენ ჩვენსავით. მერე დედაჩემის საფლავამდე გვაცილებენ, თან ვსაუბრობთ, ვეცნობით ერთმანეთს.

– დედა, რა ოქროს ბიჭები ხართ, დედა, რა გადასარევი შვილები! – ენადაა გაკრეფილი მედო, – თქვენ რომ არა, აგერ, ჩემი ნუციკო, სადაცაა, წამექცეოდა შიშისგან.

– ნუ გეშინიათ, აქ არ ვართ? – გვიღიმიან ძმები.

მედო კი არა და არ ჩერდება, უკვე ვიცით, სად ცხოვრობენ, სად მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ თუ არა, რომ ერთს ლაშა ჰქვია, მეორეს – გიორგი…

ძმები ჩვენთან ერთად უქცევენ ჭიქა ღვინოს დედაჩემს. მერე ერთად მივდივართ მათი მშობლის საფლავზე. მერე ერთად მოვუყვებით სასაფლაოდან გზას, მერე ერთად ველოდებით გათენებას და კომენდანტის საათის გასვლას და ამასობაში, რაღაცნაირად გვაახლოვებს კიდეც ეს უცნაური შეხვედრა ღამის სასაფლაოზე ერთმანეთთან და მე და ერთ-ერთ ძმათაგანს, გიორგის, განსაკუთრებით. ამას ვხვდები და ვგრძნობ. ამას ხვდება მედოც და ხვდება მეორე ძმაც.

– ნუციკო, ახლა შენი პასკა ჩაიზე, ოჰ, რა კარგი იქნება, – მეუბნება მედო, უკვე დაშლას რომ ვაპირებთ.

– მედო, პასკა ხომ მე… – მინდა ვუთხრა, რომ მე არ გამომიცხვია, მეზობელმა გამოაცხო და მომართვა, მაგრამ მედო უცებ მაწყვეტინებს:

– უგემრიელესი პასკაა! სასწაული! ნუციკოს ყველაფერი გამოსდის ხელიდან. ახლა, რა გამმეტეა? ერთი პასკა ძლივს დაიტოვა თავისთვის, ყველა ახლობლებს დაურიგა. ძალიან კარგი გოგო მყავს, ძალიან.

– ეჭვიც არ მეპარება, – ეღიმება გიორგის.

– ვაჰ, პასკა ჩაიზე, კარგი იქნებოდა მართლა, – ამბობს ლაშა და მე და გიორგის გვიყურებს ღიმილით.

– ჰოდა, წამოდით, გეპატიჟებით სულით და გულით, არა, ნუციკო? – არ ჩერდება მედო.

– კი, კი, რა თქმა უნდა, წამოდით, გამიხარდება, – ვეუბნები ძმებს.

ჰოდა, მივდივართ ჩემთან, „ჩემს გამომცხვარ პასკაზე”, ჩაიზე, რომელიც, სავარაუდოდ, სულაც არ უყვართ, მაგრამ მოდიან იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მათაც არ ვეთმობით.

არ ვიცი, მერე რა იქნება, წარმოდგენაც არ მაქვს, თუმცა ახლა საოცრად კარგად ვგრძნობ თავს, რადგან არ შეიძლება ასეთი ღამის შემდეგ რაიმე კარგი არ მოხდეს, რაიმე კარგი არ დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში.