მაია ქვარცხავა: ,,ამერიკაში 4-5-ჯერ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება”

მაია ქვარცხავა: ,,ამერიკაში 4-5-ჯერ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ჟურნალისტი მაია ქვარცხავა, უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. მანამდე საქართველოს “პირველ არხზე” საავტორო გადაცემა “საპოვნელას” ავტორი გახლდათ, მერე “მეორე არხზე” მუშაობდა. ჰყავდა ბიზნესმენი ქმარი და ორი შვილი… მერე კი ერთმა შემთხვევამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, ოკეანის გაღმა ცხოვრება გადააწყვეტინა.

ამერიკაში თავის დროზე ქმარ-შვილთან ერთად წავიდა, მაგრამ მოხდა ტრაგედია და მეუღლის გარეშე დარჩა., თუმცა გაუმართლა პროფესიულად – ახლა “ამერიკის ხმაში” მუშაობს და ინგლისურ ენაზე ქართულ ამბებს აშუქებს. შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს და შესაბამისი სამსახურებიც იშოვეს ამერიკის სხვადასხვა შტატებში.

ამერიკული ცხოვრების 20 წელზე მაია ქვარცხავა “სარკეს” უყვება:

– სრულიად შემთხვევით მოვიგე მწვანე ბარათი. ჩვენი გადმოსვლა ერთმა ამბავმა დააჩქარა. ჩემს მეუღლეს ბიზნესი ჰქონდა და პარტნიორი ჰყავდა, რომელსაც შვილი მოსტაცეს. იმ ადამიანმა მაშინ შიშისგან არ იცოდა, პოლიციასთან მისულიყო თუ ქურდებთან, რომლებსაც მაშინ ჯერ კიდევ ავტორიტეტი ჰქონდათ… სანამ ის ბავშვი დააბრუნეს, ალბათ ერთი სიცოცხლე დავასრულეთ.

იმ პერიოდში კარგად ვიყავით საქართველოში ფინანსურადაც და ცხოვრების ხარისხიც მაღალი გვქონდა, მაგრამ იმ ბავშვის მოტაცებამ ყველაფერი შეცვალა. გადავწყვიტეთ, რომ მანდ დარჩენა არ ღირდა და ჯობდა, წამოვსულიყავით, ახალი ცხოვრება დაგვეწყო.

ჩემმა მეუღლემ ისე განიცადა მაშინ ის ამბავი, რომ ვერც ველაპარაკებოდი ამ საკითხზე. არც სამუდამოდ წამოსვლა დაგვიგეგმავს. ვფიქრობდით, ბავშვებს უნივერსიტეტი დავამთავრებინოთ, გზაზე დავაყენოთ და მერე ჩვენ დავბრუნდეთო. ამერიკაში წასვლიდან წელიწადნახევარში ჩემი ქმარი ინსულტით გარდაიცვალა და მერე მივხვდი, რომ საქართველოში აღარ ღირდა დაბრუნება. სადაც ჩემი შვილები იყვნენ, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.

მეუღლის გარდაცვალება ჩემთვის უზარმაზარი ტრაგედია იყო და, მგონი, ჯერაც არ ვარ გამოსული იმ ტრავმიდან, არ მგონია, რომ ბოლომდე გადავლახე ეს ამბავი. ბევრი წელია გასული, 2004 წელს მოხდა… როცა ამერიკაში წავედით, უფროსი შვილი 15 წლის იყო, უმცროსი – 11-ის. ახლა ორივე თავისი საქმის პროფესიონალია. არ ვნანობ, რომ ამერიკაში დარჩენა გადავწყვიტე. 10 წელზე მეტია, რაც “ამერიკის ხმაში” ვმუშაობ.

– სხვა ქართველების ყოფა როგორია ამერიკაში? თქვენსავით ყველას არ უმართლებს, რომ თავიანთი პროფესიით იმუშაონ მაგ დიდ ქვეყანაში.

– დიახ, მართლა გამართლებაა. მე თვითონაც 8 წელი ჩემი სპეციალობით არ ვმუშაობდი და მესმის იმ ადამიანების, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილება და საფეხურია ცხოვრებაში.

ეს ქვეყანა უნიკალურია იმ მხრივ, რომ თუ საბუთები წესრიგში გაქვს და არ გეზარება შრომა, სწავლა, არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევ.  4-5-ჯერ შეიძლება ცხოვრება თავიდან დაიწყო და ეს არ არის პათეტიკა,უამრავი მაგალითი მაქვს ირგვლივ.

ცუდ საქციელს ყველა ეროვნების ადამიანი ჩადის და ეს ეროვნების მახასიათებელი არ არის. ჩვენ გვტკივა ქართველი და განვიცდით, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ცუდის მხრივ აქ ქართველები არიან გამორჩეულები. ძალიან ბევრი ვიცი, თბილისში რომ ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული და არაფერი უკეთებიათ, აქ 24 საათი შრომობენ, სწავლობენ და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმსაც აღწევენ.

არავისზე ნაკლები ვართ არც შრომისმოყვარეობით და არც ნიჭიერებით. მგონია, რომ პატარა ერის ნიშანია გამორჩეული ნიჭი, მაგრამ იმ ნიჭს შრომა თუ არ მიახმარე, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ. ასე რომ, არაფრით ვართ სხვაზე ნაკლები.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”