ეკა კვალიაშვილი: ,,არ მებოტოქსება, თავის გატანას როგორ ვახერხებ, თვითონაც არ ვიცი”

ეკა კვალიაშვილი: ,,არ მებოტოქსება, თავის გატანას როგორ ვახერხებ, თვითონაც არ ვიცი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

ქართული ესტრადის ვარსკვლავი, ეკა კვალიაშვილი, არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის პირდაპირობით, შეულამაზებლად გამოთქმას საჭირბოროტო თემებზე. დღეს ისიც ძალიან შეწუხებულია კოვიდპანდემიით, მისი თანმდევი ფინანსური თუ ფსიქოლოგიური პრობლემებით და თავის მოსაზრებებს ,,სარკეს” უზიარებს:

-ისედაც არ იყო დალხენილი მდგომარეობა, ამ პანდემიამ კი ყველაფერი გააძვირა. ადამიანებს ელემენტარული საკვების საყიდელი ფული არა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხორცზე, თევზზე, ქათამზე, კარაქზე. ამიტომ ვამბობ, გამოსავალი სოფელია, მიწასთან დაბრუნებაა.

უძველესი კულტურაა ოსპი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ღარიბების ხორცს უწოდებენ, რადგან თავისი შემადგენლობით და ცილების შემცველობით ხორცს უტოლდება. ჩვენთანაც ხარობს, ამიტომ დავთესოთ ოსპი, სიმინდი მოვიყვანოთ, ბოსტნეული მოვიწიოთ და მშივრები აღარ ვიქნებით.

– ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცი, რომ ზოგჯერ წონას ებრძოდით, თუმცა გარეშე თვალისთვის ეს წონა არასდროს ყოფილა შესამჩნევი. ახლა ნამდვილად არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. სილამაზის ფორმულა ხომ არ აღმოაჩინეთ?

-თავის დროზე ვიძინებ და ვიღვიძებ. უძილობა ქალისთვის ძალიან მავნებელია. ჩემი დილა იწყება ნატურალური წვენით. ავიღებ დიდი გრეიფრუტის ნახევარს, გამოვწურავ, დავუმატებ ლიმონის წვენს და ვსვამ. მერე შემიძლია ყავა დავაყოლო.

საკვებს მოხარშულს გეახლებით. ზოგჯერ შემიძლია შემწვარიც ვჭამო.ადამიანს რამხელა პეშვიც აქვს, რაც მასში ჩაეტევა, იმდენი საკვები უნდა ჩაუშვა კუჭში. სუფრიდან ყოველთვის ცოტა მშიერი უნდა ადგე. ამას ბებია მასწავლიდა, რომელიც ისე დაბერდა, ერთი გრამი არ მოუმატია.

ნამდვილად არ გამიკეთებია ბოტოქსი და მსგავსი რამეები. განა წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, ჩემი დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ მებოტოქსება, ისედაც როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”