ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ ,,მზიურს” გამორჩეული წევრი ჰყავდა – ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით – ლია ხორბალაძე, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. გავიდა წლები და ეს გოგონა შემდგარი ქალი გახდა – საქმიანობით, ოჯახით. სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი ,,ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა ,,მზიურელი” დრამერი.
ამ პოზიტიურ ადამიანს 3 წლია წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – ვაჟიშვილი, ალექსანდრე ჭკუასელი გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მიზეზი ანევრიზმა გახდა. ალექსანდრე, რომელსაც ახლობლები აკოს ეძახდნენ, ტყუპისცალი იყო და 29 წლის გახლდათ. დედას ორი შვილი დარჩა – ქეთევანი და აკოს ტყუპისცალი ილია.
ლია ხორბალაძის მეგობარი:
–ენით აუწერელი უბედურებაა ის, რაც ლიას დაემართა. საოცრად შეკრული და ლამაზი ოჯახი აქვთ. აკო დაოჯახებული, ორი ბიჭის მამა იყო. ლია ყველას ძალიან უყვარს. ყველას გასაჭირში გვერდში მდგომი ადამიანია, ირგვლივ მყოფთ აიმედებდა.
ვერ წარმოიდგენთ,რამდენად მძიმე იყო მასთან ასეთ უბედურებაზე მისვლა, სამძიმრის თქმა. ძალიან დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახია და ასე შეკრულები მოვიდნენ დღემდე…
სამძიმარზე ვიყავი, როცა დაახლოებით 10-14 წლის ბავშვები შემოვიდნენ და ტიროდნენ, ჩვენი მეგობარი აკო გარდაიცვალაო. აკო ყველასთან განსაკუთრებულად თბილი ბიჭი იყო.
…
2012 წელს ლია ხორბალაძე ,,სარკეს” უამბობდა:
– დღე არ გავა, უფლის თანადგომა არ ვიგრძნო. ვცდილობ, ლოცვები წავიკითხო. ყოფილა შემთხვევა, დაღლილ-დაქანცული წამოვმხტარვარ შუაღამისას, ნუთუ ლოცვის კითხვა დამავიწყდა-მეთქი.
გავგიჟდი, როცა დედის ლოცვის არსებობის შესახებ პირველად შევიტყვე. არაერთი ღამე გავათენე სინანულში, ეს როგორ არ ვიცოდი, რატომ ახლოს არ ვიყავი ტაძართან, როცა ჯვრისწერის მნიშვნელობა მეტნაკლებად მესმოდა-მეთქი. ჯვრისწერის შემდეგ საქორწინო ბეჭედი არც მომიხსნია ხელიდან.
ბებიისგან და დედიკოსგან მსმენია, ჩვილი თუ ჭინჭყლობს,მისი პაწია სამოსი ჯვრისწერის ბეჭედში უნდა გააძვრინო და ისე ჩააცვა, ამით ღვთის მადლი და წყალობა გადმოდისო. მესმის,ეს წარმოდგენა ხალხურია, მაგრამ უფლის დიდი მადლისა მწამს.
ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი ცხოვრებით? ნამდვილად ვარ. ღმერთმა მომცა საშუალება, ჩემს ოჯახს ოჯახი ერქვას, ჩემს შვილებს დედ-მამა ჰყავდეთ…

