,,დედაჩვენმა არ იცოდა, რომ რუსა ავად იყო” – ქართველი პოეტი საფრანგეთში გარდაიცვალა

,,დედაჩვენმა არ იცოდა, რომ რუსა ავად იყო" - ქართველი პოეტი საფრანგეთში გარდაიცვალა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,..ნაღალატევი სიყვარული მარტომ ვიგლოვე

და ქვაზე მადლი ნამიანი ხელებით დავდე…

დღეს კი მუზასაც გულის პირზე დამისვენებენ,

ყველა ტკივილი, რათა ისევ ტკივილად მექცეს,

წავალ და მხოლოდ გვირილები გამიხსენებენ…

აღარ ვეწევი, აღარ ვსვამ და აღარ ვწერ ლექსებს…”

ეს ლექსი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ქართველმა პოეტმა, რუსა მერაბიშვილმა, დაწერა. დაწერა და წავიდა. პოეტი 2 მაისს, აღდგომადღეს, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

რუსა მერაბიშვილი 47 წლის იყო. ბოლო 3 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა. 3 წლის წინ სამშობლოდან უკურნებელი სენისგან თავის დაღწევის მიზნით წავიდა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ მაინც თავისი ქნა.

რუსას ფართო საზოგადოება – არა, მაგრამ პოეზიის მოყვარულები და პოეტები კარგად იცნობდნენ. მისი ლირიკა ყველას აღაფრთოვანებდა. წერდა პესიმისტურ, სულიდან ამოხეთქილ ლექსებს, რომლებიც თურმე ერთი ამოსუნთქვით იწერებოდა…

რუსას და, იამზე მერაბიშვილი, გვიყვება, რომ მათმა დედამ არ იცოდა, თუ რა სენს ებრძოდა მისი შვილი:

– საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და ბოლო 3 წელი იქ იყო. საქართველოში ქიმიოთერაპია შედეგს არ იძლეოდა და წავედით. იქაც ყველანაირი ქიმია სცადეს. ყველა იძლეოდა თავიდან გარკვეულ შედეგს, მაგრამ ბოლოს აქამდე მივედით. ეს იყო პოლიმორფული შემადგენლობის სიმსივნე მკერდის და ლიმფური კვანძების ინვაზიური მეტასტაზები…

საქართველოში ქიმია რომ დაიწყო, ზოგი მეტასტაზი პატარავდებოდა, ზოგი იზრდებოდა, ზოგი ახალი ჩნდებოდა და იძულებულები გავხდით, საფრანგეთში წასულიყო.

რუსას ორი ბიჭი ჰყავს – 25 წლის და 24-ის და 3 შვილიშვილი. საფრანგეთში მასთან ძირითადად მეუღლე იყო. მე პერიოდულად ჩავდიოდი. ასაკოვანი დედა გვყავს და სულ ვერ ვტოვებდი მარტო. მისი მეუღლის კისერზე გადაიარა ამ ყველაფერმა.

რუსა უსაზღვროდ თბილი იყო. შეეძლო, იმ რაოდენობის სითბო გაეცა, ბევრი ერთად რომ ვერ შეძლებს. ძალიან მგრძნობიარე იყო და სხვისი ტკივილი უფრო სტკიოდა, ვიდრე თავისი. საფრანგეთში მყოფ მის ერთ მეგობარს მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა და თვითონ წამალი არ მიიღო იმის გულისთვის, რომ მის გვერდით ყოფილიყო.

საქართველოში ჩამოსვლას ფიქრობდა ბოლოს, მაგრამ კოვიდი შეხვდა. იმდენად უფრთხილდებოდა დედას, რომ მან აქამდე არ იცოდა რუსას დაავადების შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო. მანამდე იცოდა, რომ რაღაც პატარა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ასეთი – არა.

ბილეთები რომ აიღეს საქართველოში წამოსასვლელად და პარალელურად კოვიდის ტესტი გაიკეთა, აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი ჰქონდა. ვეღარ წამოვიდა და, როგორც ჩანს, ამ კოვიდმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს ამბავი.

– მის პესიმიზმს, რაც ლექსებში ასე მძაფრია, წინათგრძნობა ამყარებდა?

– კი, გრძნობდა თავის მდგომარეობას და, თუ აქამდე იბრძოლა, მხოლოდ შვილების და ჩვენი, ახლობლების გულისთვის, რომ გული არ დაგვწყვეტოდა და არ გვეთქვა, რომ რამე დავაკელით, თორემ თვითონ თავიდანვე ამბობდა, მე ვერაფერი მიშველისო.

ბოლო წუთამდე გონებაზე იყო. მასთან ვიყავი იმ დღეს და შუადღის შემდეგ აღარ სურდა ლაპარაკი. მითხრა, ცოტახანს მაცადე და მერე ვილაპარაკოთო, მაგრამ…

– კლინიკაში გარდაიცვალა?

– დიახ, საავადმყოფოში იწვა. ექიმები ამბობდნენ, ამ დიაგნოზით პაციენტები მეოთხე ეტაპამდეც ვერ მიდიან და თქვენ მეშვიდე ეტაპამდე მიხვედითო. ამ ბრძოლისთვის ექიმებმა მადლობაც კი გადაუხადეს, იმდენად ძლიერი იყო.

,,ისე მივდივარ, რომ ვერ ვიქალე,

ვერ აგირიე სისხლში ზედაშე,

ტკივილს თვალებით ძლივსღა ვიკავებ,

ბევრი ვიყავით ერთად, მე და შენ…

მარტია, მზისგან ხელებდასხმული,

და შეშლა, შეშლა, მაინც არ ცხრება…

ყურისძირშია გზის დასასრული,

წავალ და შენზე გული დამწყდება”.

რუსა მერაბიშვილი