,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
ქართულ სახელოვნებო სფეროს ერთი გამორჩეული წყვილი ჰყავდა – მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე და მსახიობი ციცინო ციციშვილი. ბატონი ზურაბი ცოტა ხნის წინ, ივნისში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალბატონი ციცინო – 85-ის გახლავთ. მათი ცხოვრება სავსე იყო უამრავი საინტერესო ეპიზოდით და, რაც მთავარია, ერთმანეთის მიმართ უზომოდ დიდი სიყვარულით.
ზურაბის ცხოვრებით ვცხოვრობო – გვითხრა ქალბატონმა ციცინომ წლების წინ, როცა ხელოვანთა წყვილს სახლში ვესტუმრეთ. მართლაც, ქალბატონმა ციცინომ მეუღლეს, მის შემოქმედებას მიუძღვნა თავი.
ციცინო ციციშვილმა სრულიად ახალგაზრდამ პირველად თენგიზ აბულაძის ფილმ ,,სხვის შვილებში” ითამაშა და პირველივე როლით ისეთი პოპულარული გახდა, რომ უცნობებისთვისაც “დეიდა ნატოდ” იქცა, რომელსაც დიდი სიყვარულით და სითბოთი ესალმებოდნენ.
პროფესიით ქიმიკოს-ბიოლოგი გახლავთ და, სამსახიობო წარმატების მიუხედავად, პროფესიის შეცვლაზე არასოდეს უფიქრია. მან ლანა ღაღობერიძის ფილმშიც ,,ერთი ცის ქვეშ” მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა, მაგრამ მაყურებელს თავი ამ როლითაც დაამახსოვრა.
,,ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ზოგჯერ ისეთი ძირეული ცვლილებები ხდება, რასაც არ ელი. ჩემს ცხოვრებაში ასეთი მოულოდნელობები მრავლად იყო”, – გვითხრა მაშინ ქალბატონმა ციცინომ.
პირველი სინჯები და არშემდგარი ფილმები
ქალბატონი ციცინოს მამა მეცნიერი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი გახლდათ. შვილებთან ძირითად დროს დედა ატარებდა. ბავშვობის წლები ვერაზე, ვარდისუბანში აქვს გატარებული.
მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, თუმცა, როგორც ჩანს, ბედი კინოში მოსახვედრად ამზადებდა. 9 წლის ასაკში ფილმისთვის სინჯები გადაუღეს. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე გახლდათ, რომელიც ქალბატონი ციცინოს ბიძა იყო – დეიდის ქმარი. გადაღება ცუდ პერიოდს დაემთხვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები იყო, ამიტომ ფილმი არ შედგა.
მიუხედავად ამისა, ციცინო ციციშვილი ამაყობს, რომ სინჯები დიდ მსახიობთან, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად აქვს გადაღებული. იმ ლამაზი ეპიზოდიდან მხოლოდ ფოტოები შემორჩა. 13 წლის ასაკში ისევ მიიწვიეს ერთ-ერთ ფილმში ეპიზოდურ როლზე, მაგრამ ეს ფილმიც ვერ დაასრულეს.
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტეზე ჩააბარა.
კონცერტზე ნაპოვნი ნატო დეიდა
თენგიზ აბულაძის ფილმში მოხვედრას ბედნიერ შემთხვევას მიაწერს. იმ დღეს, როცა დიდ რეჟისორს შეხვდა, რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა მომღერლების კონცერტზე იყო, რომელშიცმისი უახლოესი მეგობარი ნანი ბრეგვაძეც მონაწილეობდა. რეჟისორმა იცოდა, რომ დარბაზში ბევრი ახალგაზრდა იქნებოდა და “სხვისი შვილებისთვის” დეიდა ნატოს როლის შემსრულებელს მათ შორის ეძებდა.
დარბაზში ციცინო ციციშვილი შენიშნა. ანტრაქტის დროს ერთმანეთს შეხვდნენ და მეორე დღისთვის კინოსტუდიაში მისვლა და კინოსინჯების გადაღება შესთავაზა. გოგონაც სიამოვნებით დასთანხმდა.
ამ როლისთვის კინოსინჯებს ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი იღებდა, თუმცა როლზე მეორე კურსის სტუდენტი, 20 წლის ციცინო ციციშვილი დაამტკიცეს. თენგიზ აბულაძისთვის ეს პირველი დამოუკიდებელი ფილმი იყო, ციცინო ციციშვილისთვის – დებიუტი. ფილმი შედგა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის დღემდე აღვიძებს მაყურებელში ყველაზე სათუთ გრძნობებს.
– ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს. “კომსომოლსკაია პრავდაში” სტატია გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ დედამ ბავშვები მიატოვა და ისინი უცხო ქალმა გაზარდა. თენგიზ აბულაძემ სცენარი მწერალ რევაზ ჯაფარიძესთან ერთად შექმნა.
ფილმმა უცებ მოიპოვა პოპულარობა. არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო. დებიუტანტს საქმეს ყველანაირად მიადვილებდნენ. განსაკუთრებით ბატონი თენგიზ აბულაძე მამხნევებდა. ხშირად მაქებდა, მაგულიანებდა. შეიძლება შექების ღირსი არ ვიყავი, მაგრამ ხელს მიწყობდა, – იხსენებს ქალბატონი ციცინო.
ფილმი კანის საერთაშორისო ფესტივალზეც იყო წარდგენილი. ამის შესახებ ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი იტყობინებოდა. ციცინო ციციშვილის ფოტოც იყო დაბეჭდილი. მაშინ ფესტივალზე ქართული ფილმები მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერ ხვდებოდა.
რა თქმა უნდა, რუსეთში ქართული ფილმი დაიწუნეს და მის ნაცვლად კანის ფესტივალზე ერთ-ერთი რუსული ფილმი წარადგინეს. ასე რომ, საბჭოთა რეჟიმი რომ არა, ადვილი შესაძლებელი იყო, ციცინო ციციშვილი, როგორც შესანიშნავი მსახიობი, მთელ მსოფლიოს გაეცნო.
,,დეიდა ნატოს” მთელი საბჭოთა კავშირიდან სწერდნენ წერილებს. ერთ-ერთი კი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. დაქვრივებული რუსი სამხედრო პირი წერდა, ჩემმა შვილმა ჟურნალ “ოგონიოკში” დაბეჭდილი თქვენი ფოტო ნახა და აიჩემა, ეს ქალი დედაჩემიაო…
– ამ ფილმს ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. ვიცოდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო. თანაც ფილმზე მუშაობა დამთავრდა თუ არა, გავთხოვდი. იმ პერიოდში ოჯახის შექმნა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი კარიერა. არც პოპულარობას დაუხვევია თავბრუ. ყველაფერს ზომიერად აღვიქვამდი.
ვთვლიდი, რომ ფილმში ბედის წყალობით მოვხვდი. ისიც ბედი იყო, რომ არაჩვეულებრივ კოლექტივთან მომიხდა მუშაობა, – გაიხსენა ქალბატონმა ციცინომ.
უცნაური შეყვარება
ფილმზე რომ მიიწვიეს, ციცინო ციციშვილი უკვე შეყვარებული იყო. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მომავალი მეუღლე პორტრეტიდან შეუყვარდა, თანაც ისე, რომ ცხოვრებაში არ ჰყავდა ნანახი.
– იმ პერიოდში 60-იანელ მხატვართა ჯგუფი გამოვიდა ასპარეზზე. სამხატვარო გალერეაში რამდენიმე მხატვარმა ნამუშევრები გამოფინა. მე და ჩემი მეგობრები გამოფენის სანახავად წავედით.
იქ ედმუნდ კალანდაძის მიერ შესრულებული ზურაბ ნიჟარაძის პორტრეტი ვნახე. ნახატი ისე მომეწონა, რომ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ზურაბი მხატვრის ფუნჯითა და პალიტრით იყო დახატული. იმდენად მომწონდა, მივდიოდი, პორტრეტის წინ ვჯდებოდი და ვუყურებდი. ერთი სიტყვით, ვიდრე ზურაბს გავიცნობდი, ედმუნდის ნამუშევრით შემიყვარდა, – იხსენებს ქალბატონი ციცინო.
პორტრეტზე შეყვარებული გოგონა ბედმა ზურაბ ნიჟარაძესთან შეახვედრა.
ციცინო ციციშვილი:
– ჩვენი გაცნობა შემთხვევით, ფილმის გადაღებამდე მოხდა. ღმერთმა ინება და ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. ჩვენი რომანიც იმ დღიდან დაიწყო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. ჩემი და ზურაბის შეხვედრაში ბედის ხელი ნამდვილად ურევია.
მხატვრის მუზა
ზურაბ ნიჟარაძის მუზა ყოველთვის მისი მეუღლე გახლდათ. ცოლის რამდენიმე პორტრეტი აქვს შესრულებელი. ქალბატონმა ციცინომ გაგვიმხილა, რომ ქმრის სხვა ნახატებშიც საკუთარ თავს ხშირად პოულობს. ზურაბ ბიჟარაძემ მეუღლის პირველი პორტრეტი გაცნობიდან ძალიან მალე დახატა, მეორე მაშინ, როცა დაქორწინდნენ. ის პორტრეტი ქუთაისის მუზეუმშია.
– ის პერიოდი და თანაც პორტრეტზე მუშაობა არაჩვეულებრივად მახსენდება. მაშინ სახელოსნოში ძალიან საინტერესო ხალხი იკრიბებოდა. მახსოვს, იმ წლებში თბილისში თეატრი “სოვრემენნიკი” ჩამოვიდა. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ მთელმა დასმა და ზურას მეგობრებმა სახელოსნოში მოიყარეს თავი. ის საღამო არასოდეს დამავიწყდება. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა, – იხსენებდა ქალბატონი ციცინო.
შეყვარებულს როცა ახარა, კინოში გადასაღებად მიმიწვიესო, მხატვარს არაფერი უთქვამს. უკმაყოფილება არც სიტყვით და არც საქციელით გამოუხატავს, თუმცა სახეზე წყენა მაინც შეეტყო.
ფილმში ციცინო ციციშვილის პარტნიორი ოთარ კობერიძე გახლდათ – იმ დროს უკვე ახალგაზრდა კინოვარსკვლავი, ულამაზესი მამაკაცი, ამიტომ ხშირად ეკითხებოდნენ, თქვენ შორის რაიმე გრძნობა ხომ არ გაჩნდა ან ზურაბი ხომ არ ეჭვიანობდაო. ქალბატონ ციცინოს ეს კითხვა ჩვენც დავუსვით და ასე გვიპასუხა: ,,გადაღებისას მე ზურაბთან მქონდა რომანი, ოთარს – ლია ელიავასთან, ორივეს ერთი სული გვქონდა, გადაღება როდის დამთავრდებოდა, რომ ჩვენ-ჩვენ შეყვარებულებთან გავქცეულიყავით”.
გაცნობიდან 2 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. დედა 22 წლის ასაკში გახდა:
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ნინიკო შემეძინა და მთელი ჩემი ცხოვრებაც შეივსო. სიმართლე გითხრათ, კინოკარიერაზე ფიქრის დროც აღარ მქონდა.
გადაღებისას გონდაკარგული გოგონა
ლანა ღოღობერიძემ ფილმში “ღია ცის ქვეშ” მიიწვია, სადაც თავადის ქალის, მაიას, მოახლის როლი უნდა ეთამაშა. გადაღებები ანაკლიაში, ზამთარში მიმდინარეობდა.
– იმ ეპიზოდს, როცა თავადის ქალი მაია ზღვაში თავს იხრჩობს, დეკემბერში ვიღებდით, თანაც იმ ადგილას, სადაც ენგური შავ ზღვას უერთდება და წყალი განსაკუთრებით ცივია. ფილმის ოპერატორი, ლევან პაატაშვილი, ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ 3 დუბლის ნაცვლად 15-20-ს იღებდა.
ამ ეპიზოდისთვის 3 კაბა შემიკერეს, რომ წყალში მშრალი ჩავსულიყავი. ამდენი დუბლის შემდეგ სველი კაბით შევდიოდი წყალში. სიცივისგან ისეთი სპაზმი დამემართა, რომ ცუდად გავხდი და ძლივს მომასულიერეს. გადაღებაზე თან ნინიკოც მახლდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორეხარისხოვანი როლი იყო, ეს ფილმი ძალიან მიყვარს. ამის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზებებიც არ მქონია, რომ დავთანხმებულიყავი. ცხოვრებაში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი არაფერი შემხვედრია. არ მაქვს განცდა, რომ რაიმე დამაკლდა, – ამბობს ქალბატონი ციცინო.
,,ზურაბის ცხოვრებით ვცხოვრობ”
ქალბატონი ციცინო თავს ბედნიერ ქალად თვლიდა, რადგან ბედმა დიდი ხელოვანის გვერდით ყოფნა არგუნა წილად. არც არჩევანის გაკეთება გასჭირვებია – როცა საჭირო გახდა, საყვარელ სამსახურს თავი დაანება და ბატონ ზურაბთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა.
– ფაქტობრივად ზურაბის ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემი პროფესია, სამსახური ძალიან მიყვარდა. ქირურგიის ინსტიტუტში სამედიცინო ბიოქიმიის განხრით ვმუშაობდი. დისერტაციაც დავიცავი. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოდან წასვლის საშუალება მოგვეცა. სამსახურს თავი დავანებე.
მართალია, ამ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა, მაგრამ ვთვლი, რომ ზურაბი გაცილებით ღირებულს ქმნის, ვიდრე მე შევქმნიდი. ზურაბი ჯერ პარიზში მიიწვიეს, მერე – გერმანიაში, შემდეგ კი – მოსკოვში. საქართველოში 9 წლის შემდეგ დავბრუნდით.
ზურაბს ყველანაირად ვეხმარებოდი. მოლაპარაკებებზე დავდიოდი, საგამოფენო საქმეებს ვაგვარებდი. ნახატების გაფორმებასა და შედგენაში ვეხმარებოდი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, – იხსენებდა მხატვრის ცოლი.

