,,ქალი საბარგულში” – მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (გაგრძელება)

,,ქალი საბარგულში" - მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (გაგრძელება),,სარკე”, მაია ბურჭულაძე

-რეტროს სტილი გყვარებია, – უთხრა შიომ, როცა სადარაბაზოში შემავალ თინას შეეჩეხა.

– მე არა, დამლაგებელს უყვარს.

– ვინ დამლაგებელს?

– ჩემს ფანტომს.

შიომ მაჯაზე დახვეული კრიალოსანი შეათამაშა და მოჭუტული მზერა თინაზე გაასრიალა.

– ტვინის შერყევა გაქვს, წოლითი რეჟიმი გჭირდება, – თქვა ხმამაღლა.

– ამის ატანაში თუ დამეხმარებით, ყველაფერს მოგიყვებით და ვახშამზეც დაგპატიჟებთ. მოსულა?

თინა პასუხს არ დალოდებია, შიოს პროდუქტით სავსე პარკები მიაჩეჩა და კიბეს აუყვა. შიოც მორჩილად აჰყვა.

– კლინიკის დირექტორი ლექსოს სიმამრი ყოფილა, – უთხრა თინამ სუფრასთან.

შიომ არაფერი უპასუხა.

– ნერვიულობის ნიადაგზე ლექსოს ცოლს მუცელი მოშლია, – განაგრძო თინამ, – ქმარმა არაფერი იცის და დუმილის უფლებას იტოვებს.

– ყოჩაღ ლექსოს.

– რატომ?

– ორსული ცოლი ციხისთვის ვერ გაიმეტა. მის მაგივრად ჩაჯდა.

– ყოჩაღი კი არა, იდიოტია. მანანას არავინ მოუკლავს, – თინამ თმა ხელით აიჩეჩა, – არ ჰგავს ეს ქალი მკვლელს.

– აბა, ვის ჰგავს?

– ქართლის დედას ხმლისა და თასის გარეშე.

– წყალი არ გაუვა, ისეთი არგუმენტია.

თინა შეურაცხყოფილი დადუმდა, შიომ დანა-ჩანგალი დადო და კრიალოსანი ააწკაპუნა. გიშრის ქვების მონოტონური წკაპუნი აზრების დალაგებაში ეხმარებოდა. თინა ალბათ მართალია მანანასთან დაკავშირებით. ქართლის დედა, გამორიცხულია, მკვლელი იყოს, სულ რომ 10 ხმალი ეჭიროს ხელში.

– პაციენტებია გასაცხრილი, – თქვა მან.

– რას გულისხმობთ?

– მაგას ლექსოსთან ვიზიტის მერე აგიხსნი.

თინა მთელი ტანით გადმოიხარა მაგიდაზე:

– ლექსო უნდა დაკითხოთ?

– მე არა, შენ.

– მე ვინ შემიშვებს ციხეში?

– ეგ მე მომანდე, – შიო ადგა, მადლობის ნიშნად გულზე ხელი დაიდო და სამზარეულოდან გავიდა.

– ყავა? – მიაძახა თინამ.

კარი გაბრახუნდა. თინამ ფანჯრიდან გადაიხედა. ასეც იცოდა, რომ შიო სახლში არ წავიდოდა. საინტერესოა, საით გაუწევია ამ დაღამებულზე. ნუთუ ძველი კავშირები ისევ მუშაობს?

ვიდრე პალატების დალაგებას შეუდგებოდა, თინამ რეცეფციაში, ეთოსთან შეიხედა:

– ერთი პაციენტის ანკეტა მაინტერესებს და ვის ვკითხო?

– ანკეტას არავინ მოგართმევს. პაციენტის დიაგნოზი კონფიდენციალური ინფორმაციაა.

– არა, კაცო, ანკეტას რა თავში ვიხლი?! – გამოასწორა თინამ, – აქ ერთი ჩვენებური კაცია, მეზობელი სოფლიდან. რა სჭირს, მაინტერესებს, თითქო ქვებს არ ისროდა და…

– მკურნალ ექიმს დაელაპარაკე, – ურჩია ეთომ, – რა გვარია შენი ნაცნობი?

– ლუარსაბ მაისურაძე.

ეს ბერიკაცი თინას გუშინ გამოელაპარაკა დერეფანში, მიშველე, აქ ტყუილად ვყავარ გამომწყვდეულიო. თავიდან მართლა გიჟი ეგონა, მაგრამ მერე თავის სიმართლეში ეჭვი შეეპარა და ამ ეჭვების გადამოწმება გადაწყვიტა.

ეთომ მაუსი ააწკაპუნა.

– ლექსო გიგაური ყოფილა მაგისი ექიმი. ვერაფრით დაგეხმარები.

თინა ნირწამხდარი გაემართა თავისი პირდაპირი მოვალეობის შესასრულებლად – უნიფორმა გადაიცვა და პალატებს დაუყვა.

დერეფანში თინა ფანჯრის რაფაზე გადაყუდებულ ლუარსაბს გადააწყდა. ფანჯრის გისოსებს ჩაბღაუჭებული ბერიკაცი გარეთ გახედვას ცდილობდა.

– ვის ეძებთ, ბატონო ლუარსაბ?

– ჩემი ძმისშვილი დავინახე, – მექანიკურად უპასუხა ლუარსაბმა და მერეღა მოიხედა.

თინას დანახვაზე სახეზე უნდობლობის ნიღაბი აიკრა.

– მე მჯერა თქვენი, – უთხრა თინამ.

ლუარსაბის სახეზე ემოციათა მთელი პალიტრა ათამაშდა – იმედი, ეჭვი, უმწეო ბრაზი.

– სად შეიძლება თქვენი ანკეტის ნახვა?

– რა შუაშია ანკეტა? შენ ის მკითხე, ჩემს დისშვილს რა უნდა აქ?

– რა უნდა?

– აბა, გამოიცანი!

– ალბათ მოსაკითხად მოვიდა.

– არ დაიჯერო. ჩემი ბინა უნდა მაგ შეჩვენებულს! ვერ ეღირსება, – ლუარსაბმა ზურგი შეაქცია და ისევ ფანჯარას აეწება.

კლინიკის სკვერში ორნი იდგნენ. თეთრხალათიანი მამაკაცი ექიმი უნდა ყოფილიყო, სიმელოტის პირველ ფაზაში მყოფი ტიპი – ლუარსაბის დისშვილი.

– ნეტა, ვის ელაპარაკება? – ჩაილაპარაკა ლუარსაბმა.

თინა გაბრუნდა და კიბის მოწმენდას შეუდგა.

ცოტა ხანში შიომ დაურეკა.

– ნახევარ საათში დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა მოხვიდე ლექსო გიგაურთან შესახვედრად.

– ახლავე!

შიომ მობილური გათიშა.

თინა რეცეფციაში ჩავიდა ეთოსთან. კლინიკაში ის მამაკაცი შემოვიდა, წეღან რომ ლუარსაბის ნათესავს ელაპარაკებოდა. ზედაც არ შეუხედავს რეცეფციაში მდგარი ქალებისთვის, მაგრამ თინამ ყველა რეცეპტორით იგრძნო მისგან წამოსული ბულტერიერის ენერგეტიკა.

– ეს ვინაა? – დაეკითხა ეთოს.

– სოსო თოფჩიშვილი, შეფი.

“შეფი” – გაიმეორა თინამ. აი, ვისი კომპიუტერი სჭირდება. დირექტორის კაბინეტში შეღწევა არ იქნება მარტივი, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერის გახსნაზე. რაღაც მიზეზი სჭირდება… დავუშვათ, დალაგება. გაარკვევს, ვინ ალაგებს ამ ბულტერიერის კაბინეტს და შეენაცვლება. სულაც… სულაც პირადობის მოწმობას მოიშველიებს, რომელიც ქალბატონმა მანანამ სადღაც გადაახეტა.

გუშინ, როცა მამამისის კაბინეტში შედიოდა, აშკარად ხელში ეჭირა. მერე თინასაც დაავიწყდა მოკითხვა. საპირფარეშოში ხომ არ შეუვარდებოდა აქვითინებულ ქალს, ჩემი პირადობა დამიბრუნეო.

თინას დანახვაზე ლექსო ისე დაიბნა, უკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ ბადრაგმა ძალით შეაგდო საკანში.

– მიცვალებულის პირობაზე კარგად გამოვიყურები, ხომ? – მისალმების ნაცვლად ჰკითხა თინამ, თუმცა პასუხს არ დალოდებია, შემრიგებლური ტონით განაგრძო, – ნუ დაიძაბე, ცოცხალი ვარ და საღ-სალამათი. არ მომკლა შენმა მოქნეულმა საფერფლემ. კერკეტი კაკალი აღმოვჩნდი. ნუ მიყურებ შესაწირი ბატკნის თვალებით. მოდი, დაჯექი, დავილაპარაკოთ.

ლექსო სკამის კიდეზე ჩამოჯდა, წარბქვეშიდან ამოხედა შიშით, კრძალვით, ინტერესით…

– რატომ იბრალებ მკვლელობას?

– არ ვიბრალებ, დუმილის უფლებით ვსარგებლობ.

– კარგი, – თინამ ხელები მაგიდაზე დაალაგა და სკამზე გასწორდა, – მანანა არ არის ფეხმძიმედ.

ლექსომ სწრაფად, უნდობლად შეხედა.

– მუცელი მოეშალა, – დააზუსტა თინამ.

– რატომ უნდა დაგიჯერო?

– იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ. თვითონაც აპირებდა თქმას, მაგრამ მამამისმა გადააფიქრებინა. ახლა არ დამიწყო, საიდან ვიცი… ამისი არც დრო მაქვს, არც უფლება. უბრალოდ, მენდე.

ლექსომ დაჭმუჭნული სახე მოისრისა.

– მანანას არ მოუკლავს ნია, – გააგრძელა თინამ.

– აბა, ვინ მოკლა?

– არ ვიცი. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მეცოდინება.

– მაშინ რა გამოდის, მე აქ მოხალისედ ვზივარ?

– ცოტა ხანი მოგიწევს. ნამდვილი დამნაშავე რომ არ დავაფრთხოთ. მთავარია, ცოლს უყვარხარ. თანაც ძალიან.

– რა იცი? – გამოცოცხლდა ლექსო.

– ვიცი და მოვრჩეთ ამაზე. ახლა დაფიქრდი და მიპასუხე: თუკი მანანას გამოვრიცხავთ, ვის შეიძლებოდა მოეკლა ნია?

– ნია შეიძლებოდა ვიღაცას მოეკლა, მაგრამ ჩემთვის რატომ უნდა დაებრალებინა, ეგ ვერ გამიგია.

– იმიტომ, რომ აქ გამოემწყვდიე, ციხეში.

– გამოდის, მტერი მყავს. ვერც წარმომიდგენია, ასე ვძულდე ვინმეს.

– შეეცადე, წარმოიდგინო.

– ვინ წარმოვიდგინო?

– ვისაც სიმართლე მოუყევი!

ლექსომ სახეზე ხელები აიფარა.

– გაგინათდა გონება?

– სიმამრს მოვუყევი.

– გამარჯობა!

– ყველაფერი მოვუყევი… შენი გაცნობით დაწყებული, გვამის დამარხვით დამთავრებული.

– ნიჩაბი და ჰალსტუხი რომ დაგრჩა დანაშაულის ადგილზე, ეგეც ხომ არ მოგიხსენებია?!

ლექსომ შუბლში იტკიცა ხელი.

თუკი ბოროტმოქმედი სიმამრია, დანაშაულის სქემა ფაზლის პრინციპით ლაგდება ერთი ნიუანსის გარდა – ამ ყველაფერს დამტკიცება უნდა.

– მოტივი? სოსოს არ ჰქონდა ჩემი ჩაშვების საბაბი…

– საბაბი რომ არ ჰქონოდა, ნივთმტკიცებას არ ჩამოათრევდა დანაშაულის ადგილიდან და მანქანაში არ ჩაგიყრიდა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, იცოდა, რომ ცოლს არ გაწირავდი. ამაზე იყო გათვლა, – თინამ საათს დახედა, – სანამ წავსულვარ, კიდევ ერთი კითხვა… ლუარსაბ მაისურაძე შენი პაციენტია?

ლექსომ თავი დაუქნია.

– რა დიაგნოზით იმყოფება სტაციონარში?

– ისეთი არაფერი… როგორც მახსოვს, ალცჰეიმერის ნიშნები.

– როდის შემოიყვანეს?

– ვიდრე მივლინებაში წავიდოდი, 2-3 დღით ადრე. რა, მოკვდა?

– არა. წასვლამდე ვის გადააბარე შენი პაციენტი?

– სოსოს.

ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. თინა გამომცდელად უყურებდა, ლექსო – შიშნარევი ძრწოლვით.

– ეს პირველი შემთხვევა იყო თუ…

– არა.

– რა მოუვიდათ დანარჩენ პაციენტებს?

– სულ ორი იყო. მეტი არ ვიცი.

– სად არიან ახლა?

– გაწერილები დამხვდნენ.

– თუ გარდაცვლილები?

– მოიცა… არააა…

– ნუ აფერისტობ! დავიჯერო, ეჭვიც არ გაგჩენია?

– მე არა, ნიას გაუჩნდა. გარიგების ნიშნებს ვხედავ გამქრალ პაციენტებსა და დირექტორს შორისო.

– ამ პაციენტების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მინდა.

ლექსომ თავი დაუქნია.

– ახლა ჩაიწერ თუ…

– არა, გადავიწერ, ფლეშკაზე, შენი კომპიუტერიდან. იმედია, შენი პაციენტების ანამნეზი შენახული გაქვს.

– კომპიუტერი სამსახურში მაქვს, კაბინეტში. შენ იქ არ შეგიშვებენ.

– კოდი, – მოუთმენლად გააწყვეტინა თინამ.

– ჩაიწერ თუ დაიმახსოვრებ?

– დავიმახსოვრებ.

სოსო სკამზე გადაიხარა, მობილური დამტენზე შეაერთა და კიდევ ერთხელ შეუკურთხა ელექტრიკოსს, რომელმაც სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებული ჩამრთველი ისე დაბლა დააყენა, თითქოს სოსო ლილიპუტი იყო და არა – ორმეტრიანი გოლიათი. ერთხელაც წელკავი დაემართება და ასე წაკუზული გაშეშდება საკუთარ კაბინეტში. ან მაგიდა უნდა გადაიტანოს, ან ჩამრთველი ააწევინოს. არადა, სულ ახლახან გააკეთეს რემონტი. ხელმეორედ ხომ არ გამოაჩიჩქნინებს კედლებს?!

თან მანანა ჰყავს მისახედი, როგორმე უნდა მოაცილოს ქალაქს, სანამ ქმრისთვის ჩაუკაკლავს მუცლის მოშლის ამბავი…

იმასაც მეტი არაფერი უნდა, ხელად გამოვა წამებულის პოზიდან და ყველაფერს დაფქვავს. იქნებ ადვოკატი აუყვანოს… ვინმე შინაური… მაგრამ ასეთ დელიკატურ საქმეში ბოლომდე ვერც შინაურს ენდობა.

ის იყო, სკამზე გასწორდა, რომ იატაკზე თეთრი ოთხკუთხედი შენიშნა. ხელში პირადობის მოწმობა შერჩა. თინათინ თურმანიძე, წაიკითხა ხმადაბლა და ლამის მართლა წელკავში გაშეშდა.

თინათინ თურმანიძე ის ქალი იყო, ვისთანაც სოსომ ბედოვლათი სიძე გასატესტად მიავლინა. იქიდან მობრუნებული ლექსო ადამიანს აღარ ჰგავდა, ტრანკვილიზატორები ჩაიყარა და ოთახში განმარტოვდა. სოსოც იძულებული გახდა, მოვლენები დაეჩქარებინა. თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით დალაგდა, რომ არა პირადობა. საიდან მოხვდა მის კაბინეტში ამ ქალის პირადობა? თანაც ვადაგასული ყოფილა…

სოსოს ბუნდოვნად გაახსენდა მანანასთან ლაპარაკი და აღელვებული შევარდა ქალიშვილის კაბინეტში:

– ეს ვისია?

– ააა… შენთან დამრჩენია, მე კი ყველაფერი გადავაბრუნე.

– მე შენ გეკითხები, ვისია?

მანანამ გაკვირვებულმა ამოხედა. სოსო მიხვდა, რომ დაუკრეფავში გადავიდა და გაჩუმდა.

– რა გაყვირებს? – მხრები აიჩეჩა მანანამ, – დამლაგებლის პირადობაა, ამას წინათ რომ გითხარი.

– აიყვანე სამსახურში?

– ხო, რა იყო?

– არაფერი. ანუ აქ არის, კლინიკაში?

– კი. მომეცი, დღესვე გადავცემ.

სოსომ ერთხანს იყოყმანა და პირადობა მაგიდაზე დადო. იქნებ უბრალო დამთხვევაა და დამლაგებელი თინათინი სულ სხვა ვინმეა. ამას ახლავე შეამოწმებს. სოსო ფოტოს დააკვირდა და უკანმოუხედავად გავიდა კაბინეტიდან.

თინას მსგავსს ვერც დერეფანში მიაგნო, ვერც პალატებში. იძულებული გახდა, რეცეფციაში ჩასულიყო.

ეთომ გაკვირვება ვერ დამალა, როცა თავად დირექტორმა მოიკითხა სოფლელი დამლაგებელი.

– რა გადავცე, ბატონო სოსო?

– ამოვიდეს ჩემთან, პირადობას მოაკითხოს.

ქალმა მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი. ბატონ სოსოსთან კაბინეტში განმარტოებაზე არც ეთო იტყოდა უარს, რომ არა ცერბერივით მჯდარი მანანა. მამის ყარაულობას ჯობდა, ქმრისთვის მიეხედა. მთელმა კლინიკამ იცოდა ლექსოს და ნიას ცეცხლოვანი რომანის შესახებ, მათ შორის – ბატონმა სოსომ. მის ადგილზე თავმოყვარე სიმამრი მურმანის ეკლად მოვლენილ პრაქტიკანტს დაუყოვნებლივ გააპანღურებდა. სოსომ ეს არ გააკეთა. რატომ? იქნებ თვითონ ეჭირა თვალი გრძელფეხება ნიაზე, იმან კი ბებერ ლომს ახალგაზრდა ტურა არჩია.

გაგრძელება