,,სარკე”, მაია ბურჭულაძე
შიომ ქალაქის შესასვლელები ამოიღო მიზანში. მისი ვარაუდით, გვამის გადამალვის შემდეგ ლექსო ქალაქის ცენტრში არ გაიჭრებოდა მანქანის გასარეცხად, იქვე, შემოგარენში მიადგებოდა უახლოეს სამრეცხაოს. უკვე იმედი ჰქონდათ გადაწურული, როცა მიაგნეს, რასაც ეძებდნენ და ნივთმტკიცების სახით კოსმეტიკის ქისაც წამოიღეს.
– ახლა სად მივდივართ? – იკითხა თინამ.
– სახლებში.
– მაშინ რაღას მოვიკალით თავი ამ ქისის მოპოვებაზე?
– ქისა გაგვიყვანს დანაშაულის ადგილზე. ამ ღამიანად რა აზრი აქვს ტყე-ღრე სიარულს. ხვალ, ზეგ…
…
კარზე ზარი დაირეკა.
თინამ კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და გაშეშდა. ზღურბლზე ლექსო იდგა თაიგულით ხელში.
თინამ კარი გააღო.
– არ მელოდი? – ალალმართალი კაცის ღიმილი შეაგება ლექსომ.
– მობრძანდი.
ლექსომ თაიგული შეაჩეჩა და ოთახში შეაბიჯა. თინამ სკამი გამოსწია.
– დაჯექი.
ლექსო დაჯდა.
– ყავას დალევ? – ჰკითხა თინამ.
ლექსომ თავი დაუქნია.
თინა სამზარეულოში გავიდა. ლექსომ ოთახი შეათვალიერა და უცებ ნიას კოსმეტიკის ქისა დაინახა.
შეშინება ვერ მოასწრო, რომ ოთახში თინა შემოვიდა ყავის ჭიქებით.
– გეცნობა ქისა? – ჰკითხა მშვიდად.
ლექსომ მექანიკურად დაუქნია თავი.
– შეგიძლია შეამოწმო. ხელი არაფრისთვის დამიკარებია. პომადაც თავის ადგილზეა, კრემიც, ტონალურიც…
– ერთ ქალს ჰქონდა ზუსტად ასეთი…
– რომელიც მანქანაში დაგხვდა გვამის სახით.
ლექსო გაშრა. თინამ ფრთხილად დადო ჭიქები მაგიდაზე, ბროლის მასიური საფერფლის გვერდით.
– ლექსო, მომიყევი, რა მოხდა.
– რას ელოდები ჩემგან, თინა?
– აღიარებით ჩვენებას.
– მე არ მომიკლავს.
– მაგას ვხვდები. ვინ მოკლა და ვინ გაგწირა ასე?
ლექსო გაჩუმდა.
– ცოლმა, – უთხრა ცოტა ხნის მერე.
– რანაირად?
– ნია ჩემი საყვარელი იყო. 2 თვის წინ ცოლმა გაიგო ეს ამბავი. ინკოგნიტო კეთილისმყოფელმა კომპრა გაუგზავნა. ძლივს შემოვირიგე. მეთქი, ნიასთან ყველაფერი დავამთავრე, აღარ გავეკარები, მაგრამ პირობა დავარღვიე და, აი, შედეგი.
– მერე, მკვლელთან აპირებ ცხოვრების გაგრძელებას? განაცხადე პოლიციაში.
– არ გამოვა, ფეხმძიმედაა.
– მკვლელმა რა შვილი უნდა გაგიზარდოს, ადამიანო?! მკვლელის ადგილი ციხეშია!
– ძაღლი ვინც გაატყავა, იმან უნდა დამარხოს.
თინა გაბრაზდა:
– გაატყაოს, დამარხოს და ლაღად წამოკოტრიალდეს სახლში, არა? ახალგაზრდა გოგოს კლავენ, საბარგულით დაათრევენ მართლა უპატრონო ძაღლივით და მე, კანონმორჩილი მოქალაქე და უბრალოდ, წესიერი ადამიანი, შენს მდგომარეობაში შევიდე? ვერ ეღირსები.
თინამ მობილური აიღო და საპატრულოში დარეკა. ვიდრე ის ციფრებს კრეფდა, ლექსომ ბროლის საფერფლეს სტაცა ხელი, მოიქნია და მთელი ძალით ჩაარტყა კეფაში.
თინა იქვე ჩაიკეცა.
– ალო, საპატრულო სამსახური ხაზზეა. ალო… – ყრუდ გაისმა ცარიელ ოთახში.
…
შიო არეული ნაბიჯით მოაბიჯებდა სახლისკენ, თან არხეინად მოაქანავებდა ლუდის ბოთლს. ის იყო, ქუჩის გადაჭრა დააპირა, რომ თმაგაჩეჩილმა, ყურსასმენებიანმა ყმაწვილმა ჩაუქროლა და ადგილზე გააშეშა.
მერამდენედ?! მერამდენედ უნდა გაშეშდეს სკეიტზე შემხტარი ბიჭის დანახვისას. 12 წელი გავიდა უკვე, სასჯელიც მოიხადა, ბინაც გამოიცვალა, მაგრამ ცხოვრების თავიდან დაწყება ვერ მოახერხა. ვერ ამოიგდო მეხსიერებიდან ის საბედისწერო დღე, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას მისი ცოლ-შვილი ემსხვერპლა, ის კი გადარჩა.
რა ფასი ჰქონდა ასეთ გადარჩენას, თუკი არც მკვდრებში წერია, არც ცოცხლებში?.. მხოლოდ იმიტომ, რომ ნებისმიერმა ყურსასმენიანმა საკუთარი შვილი გაახსენოს?! ის, შიო იჯდა საჭესთან, როცა მისი ბიჭი მუსიკის ტაქტში აკანტურებდა გაჩეჩილ თავს. ეს მან უსაყვედურა, გამოიღე ყურსასმენები, მშობლებს დაგველაპარაკეო, ეს მან მოადუნა ყურადღება, მან შექმნა საავარიო სიტუაცია…
– ეეე, ფრთხილად, ბიძაჩემო! – მძღოლის ყვირილმა სტოპკადრში გაშეშებული შიო რეალობაში დააბრუნა.
ფანჯრიდან სანახევროდ გამოყოფილმა მძღოლმა ძარღვიანად მიაგინა და გზა განაგრძო. შიოს არ სწყენია. ქუჩა გადაჭრა და თავის სადარბაზოში შევიდა. სადღაც ზევით კარი გაბრახუნდა, რასაც მოჰყვა აჩქარებული ნაბიჯების ხმა.
ვიღაც გამეტებით ახტებოდა საფეხურებს. ზანზარის სიძლიერის გათვალისწინებით, საკმაოდ მძიმეწონიანი ვიღაც. აი, ისიც გამოჩნდა – პრეზენტაბელურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი შეშლილი სახით.
სრულიად მოულოდნელად შიოს გონებაში მისი სახელი დაიწერა: ლექსო! ის უცებ მიხვდა, რომ თინას რაღაც შეემთხვა, ლექსოს ცხვირ-პირში მუშტი გაუქანა და ზევით ავარდა.
…
იბეს არ უჩანდა დასასრული. ისევე, როგორც ჭისმაგვარ შავ ხვრელს, საიდანაც თინა ამოსვლას ცდილობდა. ერთი არასწორი მოძრაობა და თავფეხიანად გადაეშვებოდა უძირო უსასრულობაში, ვერასოდეს ნახავდა ცას, რომლის მომრგვალებული ნაკუწი იმედისმომცემად დასცქეროდა თავზე.
– მოვდივააარ! – დაიყვირა უმისამართოდ და საკუთარ ხმაზე გაეღვიძა.
– უკვე მოხვედი.
თინამ თვალები გაახილა და სიბნელეში მობილური ტელეფონის განათებული ეკრანი დაინახა.
თინამ ჩაბნელებულ ფანჯარას გახედა და ყველაფერი გაახსენდა. ლექსოს მოქნეული საფერფლე, შემოსწრებული შიოს შეძრწუნებული სახე, გატეხილი თავი და ბოლოს კამათი თემაზე: ღირს თუ არა, საქმეს ოფიციალური მსვლელობა მიეცეს.
პატრულში დარეკვის სურვილი თინამ აზრზე მოსვლისთანავე უარყო. ისედაც ეჭვმიტანილ ლექსოს მისი მკვლელობის მცდელობა რომ დაემატოს, უსამართლობა იქნება, მით უფრო, იმ უბედურს არავინ მოუკლავს. რაც შეეხება გატეხილ თავს… ჭრილობა არ აღმოჩნდა მომაკვდინებელი. კანი გაეჭრა, ეს იყო და ეს. ყინულის კუბიკებით სავსე პარკი და მისი ჯანი.
– ლექსო დააკავეს, – უთხრა შიომ.
თინა ფიქრებიდან გამოერკვა.
– რის საფუძველზე?
– თავისი კოლეგის, ვინმე ნია ფილფანის, მკვლელობა ედება ბრალად. სავარაუდოდ, იმ ქალის მკვლელობა, რომლის თმის ღერი წინაპრის ფერფლივით გაქვს შენახული.
– ჩვენ ხომ ვიცით, რომ მას არ მოუკლავს.
– რას გვაძლევს ეს ცოდნა, როცა ნიას გვამს უკვე ჩაუტარდა ექსჰუმაცია, ნივთმტკიცებაც ამოიღეს – ლექსოს ჰალსტუხი და ნიჩაბი. მოუკლავს თუ არ მოუკლავს, აღარაა არსებითი. დანაშაულის შეუტყობინებლობა უკვე მუხლია.
– ამ ლოგიკით მეც დამნაშავე გამოვდივარ. მკვლელობის მცდელობა გავუტარე. ჩემი სარჩელიღა აკლდა იმ უბედურს…
– დარწმუნებული ხარ, რომ მკვლელი ლექსოს ცოლია? – შემპარავად დაეკითხა შიო.
საკამათოდ მომართული თინა ლოგინზე წამოჯდა, მაგრამ ლაპარაკის გაგრძელება გადაიფიქრა, შეტყუპებული ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო, ძილის დროაო, უთხრა შიოს და ბინიდან გაისტუმრა.
თინა მარტო დარჩა თავის ეჭვებთან. მათ გასაფანტად როგორმე უნდა შეაღწიოს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ტრაგედიის სამი ფიგურანტი მუშაობდა. აქედან ერთი მკვდარია, მეორე – ციხეში, მესამე – ადგილზე. მანანა უნდა დაიკითხოს, მაგრამ როგორ, რის საფუძველზე?
ევრიკა! თინა სამუშაოს მაძიებელი დამლაგებლის სტატუსით წარდგება მანანას წინაშე! მიზნის მისაღწევად პატარა სპექტაკლი უნდა გაითამაშოს. თინა ისე მოიკაზმება, საკუთარმა დედამ ვერ იცნოს.
კარადა გამოაღო და ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა.
…
კლინიკაში შესვლამდე თინამ მაკიაჟში კიდევ ერთი შტრიხი შეიტანა – წითელი პომადა. ის იქნება დედაქალაქში დამკვიდრებაზე ორიენტირებული კეკლუცი სოფლელი.
რეცეფციის ინტერიერი მყუდროდ გამოიყურებოდა – ფერად-ფერადი სავარძლები, ეგზოტიკური მცენარეები ხის კასრებში, წვენებისა და ტკბილეულის ფასიანი აპარატი, რომლის ვიტრინაში თავს იწონებდა შოკოლადის ასორტი.
მიმღებში ბალზაკის ასაკის ქალი იჯდა მოკლედ შეჭრილი თმითა და მოკლე ხელებით.
– რითი დაგეხმაროთ?
– აქ მომასწავლეს, დამლაგებლის ვაკანსია არისო და…
– ვინ მოგასწავლათ?
– მარშრუტკაში გავიცანი ერთი. აქ ბიძა უწევს, პრობლემიანი.
– შეცდა თქვენი ნაცნობი. ამ ეტაპზე ერთადერთი ვაკანსია გვაქვს ფსიქიატრის პოზიციაზე. ასე რომ…
– რო დაიჭირეს, ეგაა, ხო? წუხელ ტელევიზორში აჩვენეს, თქვენი კლინიკა ვიცანი… ვახ, რას არ გაიგებ ადამიანი, შეხედავ, კაცსა ჰგავს.
გულახდილ ლაპარაკში გამოწვევა თინას არ დასცალდა, მოკლეთმიანმა სახე გაიმკაცრა და კისერწაგრძელებული აჩურჩულდა:
– ჩუმად, იმისი ცოლი მოდის.
ლიფტისკენ მაღალი, წარმოსადეგი ქალი მიემართებოდა. ნამტირალევი თვალები და შეწითლებული ცხვირი ჰქონდა. განიცდის ქმრის ამბავსო, ივარაუდა თინამ.
უცხო პირის დანახვაზე მანანა შედგა. თვალებით დაეკითხა მოკლეთმიანს, ვინ არისო.
– დამლაგებლად უნდა მუშაობის დაწყება, – აუხსნა იმან, – ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, ვაკანსია აქვთო.
მანანამ შემფასებლურად ახედ-დახედა თინას. ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა.
– იდეაში, გვინდა კიდევ ერთი დამლაგებელი, – თქვა ყოყმანით, – რაც ორი პალატა დაგვემატა, ვერ აუდიან საქმეს.
– აგერ! – ნიშნისმოგებით შესძახა თინამ.
მანანამ ძუნწად გაიღიმა.
– ეთო, ხალათი მიეცი და ამოუშვი ჩემთან, რამდენიმე წუთში კაბინეტში ვიქნები.
როგორც კი მანანა თვალს მიეფარა, თინა ეთოს მიუჩოჩდა:
– ეგ იმ ფსიქიატრის ცოლია, ხომ?
– ცოლის გარდა, ჩვენი კლინიკის ეიჩარია.
– რაიო?
– ეიჩარი, კადრების უფროსი.
– უიმე, ეგრე გეთქვა, რა!
ეთომ ხალათი მიაწოდა.
– და კლინიკის დირექტორის ქალიშვილიც, – დაამატა ორაზროვანი ღიმილით, – ასე რომ, ყურადღებით ბრძანდებოდე. რაც უფრო ნაკლებ კითხვას დასვამ, მით უკეთესი შენთვის.
“უყურე შენ, მთელ ჯალაბს აქ მოუყრია თავი”, – გაიფიქრა თინამ. პლუს ლექსოს საყვარელი ნია – ოჯახის ირიბი წევრი, ასე ვთქვათ. ეთოდ წოდებული ეთერ-ქალი როგორმე უნდა აალაპარაკოს, იქნებ წამოსცდეს სასარგებლო ინფორმაცია.
– ტელევიზორში თქვეს, იმასაც აქ უმუშავია, ვის მკვლელობასაც ფსიქიატრს აბრალებენ.
– ამას გამოძიება დაადგენს, – ცივად ესროლა ეთომ და ლიფტისკენ მიუთითა.
– დაადგენს, მა, რას იზამს… – იხტიბარი არ გაიტეხა თინამ.
პირველი ჯერისთვის ზედმეტი მოუვიდა. თინამ უკმაყოფილო ეთო ღიმილით დააჯილდოვა და გრძელი ნაბიჯით გაემართა ლიფტისკენ.
…
-თინათინ თურმანიძე, – პირადობის მოწმობა წაიკითხა მანანამ.
– შინაურები თინას მეძახიან.
– ვადაგასული რომაა თქვენი მოწმობა, თინა?
– ახლა მაგის გულისთვინ არ დამიწუნოთ, თორემ ძალიან მეწყინება.
მანანამ თავი ასწია და მოწიწებით მჯდარ თინას შეხედა.
– გიმუშავია დამლაგებლად?
– ბინაზე, კი.
– წარმოგიდგენია, რას ნიშნავს ფსიქიატრიულში დამლაგებლად მუშაობა?
– რათ არ წარმომიდგენია?! ეგენიც ხო ხალხია, ოღონდ გიჟები. მაგაზე თუ წავიდა, ცოტცოტაობით ყველანი ვუსტვენთ.
მანანამ არაფერი უპასუხა, მობილურზე დარეკა:
– მამა, მე ვარ… რა ხმა მაქვს?.. ჩვეულებრივი ხმა… ხო, კარგი, კარგი, საქმეზე გირეკავ. დამლაგებლის აყვანას ვაპირებ… საჭიროა, კი. დაუარე პალატებს და საკუთარი თვალით ნახავ. ვერ ასწრებენ, ხო… ახალი შტატი გვჭირდება… ერთი პრობლემაა, კანდიდატის პირადობა ვადაგასულია… ხო, შემოვალ.
– მამათქვენთან მიდიხართ? – აწრიალდა თინა.
– აქ დამელოდე, მალე მოვალ.
მანანამ პირადობის მოწმობა აიღო და მომიჯნავე კაბინეტში გავიდა. თინა მომენტალურად გაჩნდა მიხურულ კართან. ოქროსფერ ტაბლოზე ამოტვიფრული ასოები იუწყებოდა, რომ აქ კლინიკის დირექტორ იოსებ თოფჩიშვილის სამფლობელო იყო.
თინამ სმენა გაიმახვილა. მკაფიოდ არ ისმოდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა შეიძლებოდა.
– შენ რა გითხარი, შვილო… ისევ იტირე, ხო?
– არ მაქვს საბაბი? ჩემი ქმარი ციხეშია. არ მჯერა, რომ მისი მოკლულია.
– აბა, ვინ მოკლა?
– არ ვიცი. იქნებ ნიას ჰყავდა ვინმე… ლექსოს გარდა.
– რა გულუბრყვილო ხარ, ჩემო გოგონი…
– რა შუაშია… მე ის მიყვარს.
– იცის, რომ მუცელი მოგეშალა?
– არა. შევუთვლი ამ დღეებში.
– არ გაბედო. არავითარ შემთხვევაში. ბავშვი ერთადერთია, რაც ჯერ კიდევ აკავშირებს შენთან, რაც უნდა იყოს…
დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა. თინა კარს მოსწყდა და სკამზე დაჯდა, უწინდელ ადგილზე. ძალზე საინტერესო ადგილზე მოუწია პოსტის დატოვება. ერთი მხრივ, მამა შვილს გულშემატკივრობს, მეორე მხრივ, ბავშვთან დაკავშირებით ქმრის მოტყუებას ურჩევს. სად არის ლოგიკა? ბოლომდე რომ მოესმინა, უფრო არგუმენტირებულ დასკვნას გამოიტანდა. იქნებ ისევ გარისკოს?
თინა ფრთხილი ნაბიჯით წავიდა დირექტორის კაბინეტის კარისკენ, მაგრამ მოულოდნელად კარი გაიღო და ნამტირალევი მანანა გამოჩნდა, თინას ჩაუქროლა და დერეფანში გავარდა.
თინა უკან გაეკიდა.
– ქალბატონო მანანა, მე რა ვქნა?
იმან გაკვირვებულმა შეხედა. თავისმა გაჭირვებამ სულ დაავიწყა პასუხის მომლოდინე დამლაგებელი.
– ააა… შენ… ჩახვალ მეორე სართულზე, დოდოს იკითხავ, ის მოგცემს ინვენტარს და დღესვე შეუდექი. ხვალ გაგაფორმებ გამოსაცდელი ვადით, – მოგუდული ხმით უპასუხა მანანამ და ტყვიასავით შევარდა ტუალეტში.

