,,ქალი საბარგულში” – მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (გაგრძელება)

,,ქალი საბარგულში" - მაია ბურჭულაძე, ქართული დეტექტივი (გაგრძელება),,სარკე”, მაია ბურჭულაძე

მიწის ტკეპნით ლექსოს არაქათი გამოეცალა, მაგრამ მაინც დაუღალავად ირჯებოდა. სხვა გზა არ იყო. კაციშვილი ვერ უნდა მიხვდეს, რომ ამ მიყრუებულ ტყეში სახელდახელოდ გათხრილი სამარეა, სამარეში – ნიას გვამი.

ვინ გაუჩალიჩა ეს უბედურება? ნუთუ ცოლმა?!.. კი, უეჭველი მანანა იქნება. სამაგიეროს გადახდის მიზნით ქმრის საყვარელი მოკლა, ესეც არ იკმარა და საბარგულში შეუგდო. დასაღუპად გაწირა უდანაშაულო ქმარი… ციხის კედლებისთვის გაიმეტა, რომ მკვლელის სახელით დაღდასმულმა ლექსომ კამერაში გაატაროს დარჩენილი ცხოვრება.

მიწა ნიჩბით გადაასწორა, უახლოეს ხესთან მიიტანა მიწაში აზელილი ტალახით დამძიმებული ფეხები და ხის ძირში დაჯდა. მერე ხის ტოტით ფეხსაცმელს ტალახი გააცალა, ფოთლებით ასე თუ ისე გაიწმინდა ხელები და ფეხზე წამოდგა.

შინ მისვლამდე ლექსომ ავტოსამრეცხაოში შეიარა.

– ბაგაჟნიკი კარგად გამირეცხე, ფხვნილით. ბლომად დააყარე, ბლომად. ხორცი ამიყროლდა გზაში და დავიხრჩე კაცი.

მრეცხავმა შლანგი გვერდზე გადადო და მტვერსასრუტი გამოათრია. ორივე სალონს საგულდაგულოდ დაუარა, რის მერეც საბარგულს მიადგა.

– ამას რა ვუყო? – გასძახა ბორდიურზე ჩამომჯდარ ლექსოს და კოსმეტიკის ქისა დაანახა.

ლექსოს სუნთქვა შეეკრა.

ეს ნიას ქისა იყო. თავდავიწყებული სექსის შემდეგ ნია სარკის წინ მაკიაჟს იახლებდა ხოლმე, ეს კი სასიამოვნოდ მოთენთილი ლოგინიდან აკვირდებოდა. მოსწონდა ნიას ხელში გამკრთალი ფაფუკი ფუნჯის დაშვება ყვრიმალზე… მისი ეშმაკური თვალის ჩაკვრაც მოსწონდა, ცალყბა ჩაცინებაც. რატომ უნდა მომკვდარიყო ასეთი მშვენიერება, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ კლინიკის დირექტორის ქალიშვილს გადაურბინა გზაზე?

– ჰა? – თავი შეახსენა მრეცხავმა.

– ცოლს წაუღე.

– რომ არ მყავს?

– მაშინ შეყვარებულს.

მრეცხავმა ქისა გახსნა.

– ეე, ნახმარი ყოფილა. შეყვარებულს ნახმარს ვერ ვაკადრებ. ეწყინება.

– მაშინ გადააგდე.

– ვიცი, ვისაც მივცემ. ჩემს დას. იმას უყვარს თხიპნაობა.

“იმასაც უყვარდა”, – გაიფიქრა ლექსომ.

თინამ თვალი გააყოლა ნაგვის ბაკში გაუჩინარებულ ჩემოდანს და ჩუმად ამოიოხრა.

– დაგენანა? – მიხვდა შიო.

– რაღა დაგიმალოთ, კი.

– ეგ არაფერი. აბა, სად გავჩერდით?

– ლექსოს რეაქციაზე, ანუ მან იცნო გვამი.

– და რატომ არ შეყარა ქვეყანა?

– ხომ გითხარით, ალბათ ნაცნობის გვამი იყო.

– მით უმეტეს, უნდა ეყარა ქოში.

– რატომ?

– შენით უნდა მიხვდე, თორემ მე ისედაც ვიცი. წარმოიდგინე თავი მის ადგილზე. აბა, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე. დეტალებში.

თინამ თვალები დახუჭა.

– წარმოვიდგინე, ელდა მეცა. მერე სად მივდივარ?

– შენ მოკალი?

– მე როგორ მოვკლავდი, მივლინებაში ვიყავი.

– და მაინც არ ტეხ განგაშს. რატომ? – ზედ ყურთან დასჩურჩულა შიომ.

თინას თამბაქოს და ალკოჰოლის სუნი მისწვდა. არ ესიამოვნა და თვალები გაახილა.

– იმიტომ, რომ ვხვდები, ვის შეეძლო მოეკლა და ის ვიღაც ჩემი, ანუ ლექსოს, ახლობელია, – თქვა მან.

შიომ ცერა თითი ასწია.

“რანაირი ახლობელია, თუკი ასე გაიმეტა?” – გაიფიქრა თინამ. პრაქტიკულად, ლექსოს სტენის მკვლელობას. აეროპორტის ავანტიურა იმაზე იყო გათვლილი, რომ ამას განგაში აეტეხა, მაგრამ მკვლელმა ბოლომდე ვერ გათვალა ლექსოს ფსიქოტიპი. პოლიციის გამოძახების ნაცვლად ის მანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო მიცვალებული. მართალია, აღელდა, მაგრამ არც ისე, რომ განსჯის უნარი დაეკარგა.

– და სად წაიღო გვამი? – იკითხა ხმამაღლა.

– ტყეში, ღრეში, – უმალ გაეპასუხა შიო.

– გამოდის, ლექსოს მოსისხლე მტერი ჰყავს. უნდა გავაფრთხილო. მისი სავიზიტო ბარათი მაქვს.

შიომ მკლავში ხელი ჩაავლო.

– არ გაბედო ლექსოს გაფრთხილება.

– როგორ, ადამიანს საფრთხე ემუქრება…

– საფრთხე შენ დაგემუქრება, თუკი მოწმის სტატუსით გაეჩითები. ყველაზე კარგი მოწმე რომ მკვდარი მოწმეა, არ გასწავლეს ამერიკაში?!

შიომ პანამა ასწია და უკანმოუხედავად გაეცალა.

ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ლექსო გიგაური ფსიქიატრად მუშაობდა, მის სიმამრს, სოსო თოფჩიშვილს, ეკუთვნოდა. ის იყო დირექტორიც, დამფუძნებელიც, გენერალური მენეჯერიც, გადაწყვეტილების მიმღებიც. აქვე მუშაობდნენ ლექსოს ცოლი, მანანა თოფჩიშვილი და საყვარელი, ნია ფილფანიც. მანანა – ეიჩარად, ნია – ექიმ-სტაჟიორად.

დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა ლექსომ სამსახურამდე მიაღწია. იქამდე სახლში გაიარა, ცხელი შხაპის ქვეშ ცხრა პირი ტყავი გაიძრო, ტანსაცმელი გამოიცვალა, გაიპარსა, სუნამო იპკურა და ჭიქა კონიაკი გადაჰკრა – შინაგანი კანკალის მოსახსნელად.

ვიდრე სიმამრს ჩააბარებდა მივლინების ანგარიშს, ცოლის კაბინეტი უნდა გაევლო. იგნორირება არ გამოვიდოდა. მანანას გარდა, ოთახში ცირაც იჯდა – დირექტორის მდივანი.

ლექსომ საერთო სალამი თქვა და ცოლის მაგიდასთან შედგა. მანანამ, ფერ-ხორციანმა ახალგაზრდა ქალმა, თავი ასწია და ქმარს ზიზღნარევი მზერა შეაგება.

– გამარჯობა, ლექსო, როდის ჩამოხვედი? – თავაზიანად დაეკითხა ცირა.

– დღეს, დილით.

– არ დაუჯერო, ცირა. წუხელ ჩამოვიდა, უბრალოდ სახლის გზას ვერ მოაგნო, – თქვა მანანამ და მაუსი ააწკაპუნა.

ცირამ თავი უხერხულად იგრძნო და ოთახიდან გავიდა.

– ასე ხვდებიან მივლინებიდან ჩამოსულ მეუღლეებს? – ჩაიქირქილა ლექსომ და ცოლს მაგიდაზე ჩამოუჯდა.

– მივლინებიდან ჩამოსულ მეუღლეებს ასე არ ხვდებიან. საყვარლებთან ნაკოტრიალებ ქმრებს ხვდებიან ასე. მადლობა თქვი, რომ სკანდალი არ ავწიე.

– მე უნდა გითხრა მადლობა? მე, რომელიც, რომელსაც…

– ნუ ბლუყუნებ, თუ ღმერთი გწამს! მიდი, გაიარე, არ მინდა, მამაჩემმა შემოგვისწროს. ჩვენი ჩხუბიღა აკლია ნაინფარქტალ კაცს. აქ სამსახურია და არა – სასამართლო.

– ჰმ, სასამართლო ათიანში მოარტყი, მაგრამ ჩაგივარდა კოვზი ნაცარში. არ იქნება სასამართლო, – ლექსომ სამი თითით უხამსი ჟესტი გააკეთა და ცოლს ცხვირთან მიუტანა.

– რას ბოდავ, თუ იცი?

– შენ გგონია, ჩემზე ჭკვიანი ხარ?

– ასწი ტრაკი და გამეცალე, არ მაქვს შენთან შაირობის ხალისი, ქვეყნის საქმე მაყრია თავზე, – ხელი აუქნია მანანამ და კომპიუტერს ჩაუღრმავდა, – სირი ეს, – ჩაიბურტყუნა თავისთვის, როცა ქმარი მამამისის კაბინეტში დაიგულა.

სოსომ ფურცლები გადადო და სიძეს ხელი ჩამოართვა. მაღალი, ღონიერი კაცი იყო. ხელის ჩამორთმევაც ისეთი იცოდა, თითქოს რინგზე გამოსული მოწინააღმდეგე იყავი და არა – ჩვეულებრივი მოკვდავი. ყოფილი მოკრივე 48 წლის ასაკშიც ინარჩუნებდა ფორმას. ცოტა გული უჩმახებდა, მაგრამ მის ასაკში უხერხულიცაა, არაფერი გაწუხებდეს.

– ოოო, სიძეს ვახლავარ, სიძეს! აბა, დაჯე, მომიყევი.

ლექსო დაჯდა, მაგრამ არათუ მოყოლა, ხმის ამოღება გაუჭირდა.

– გარუჯვა სად მოასწარი, ბიჭო? თუ მეჩვენება? აქ დაძვრები ხოლმე აუზზე? კაი ახლა, რა მუმიასავით ჩამომიჯექი? გახვედი საჭირო კონტაქტებზე თუ ქარს გაატანე სამსახურის ფულები?

– შენმა შვილმა ადამიანი მოკლა.

– ვინ შვილმა, კაცო? – ყურებს არ დაუჯერა სოსომ.

– მანანამ.

სოსოს ძარღვები დაებერა, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე გადმოიხარა:

– გაიმეორე.

– შენმა შვილმა და ჩემმა ცოლმა, მანანამ, მოკლა ჩვენი თანამშრომელი ნია ფილფანი.

კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა.

– მომიყევი, – გრძელი პაუზის მერე ამოიხრიალა სოსომ და ვალიდოლის ფირფიტიდან ერთი აბი ამოფერთხა.

სავიზიტო ბარათზე ეწერა: ფსიქიატრიული კლინიკა “ჰარმონია”. ექიმი ფსიქიატრი ლექსო გიგაური.

შიომ ბარათს დახედა და თინას ჰკითხა:

– ეს ჯიგარი მიუნხენში დაგემგზავრა თუ ნიუ იორკიდან აგეკიდა?

– მიუნხენში ჩაჯდა. მივლინებაში ვიყავიო, 4 დღით.

– 4 დღე გვამი საბარგულში იდო.

– ალბათ. აბა, თავისით ვერ ჩახტებოდა.

– თავისით გამორიცხულია, – შიომ ყავა მოსვა და კრიალოსანი დააძრო, – ვიღაც მიეხმარა.

– აეროპორტში ყველგან კამერებია. მკვლელი ზურგზე მოკიდებული გვამით უეჭველი გაიშიფრებოდა.

– იქნებ წინასწარ ჩატენა? პარდონ, ჩაასვენა. ამ სულელმა ლექსომ კი ავტოსადგომამდე ათრია და ლაღად გაემგზავრა მივლინებაში. ამასობაში გვამი გაიხრწნა და სუნი აუშვა. როგორი ჩემოდანი ეჭირა იმ ბედოვლათ ფსიქიატრს? ზომა მაინტერესებს.

– პატარა, მინიატურული. ააა, ვიცი საით მიგყავთ, – სახე გაუნათდა თინას, – მკვლელმა იცოდა ლექსოს ჩემოდნის ზომა. რატომ უნდა შეწუხდეს კაცი საბარგულის გახსნით, როცა შეუძლია, ჩემოდანი იქვე, სალონში მოათავსოს. ამაზე იყო გათვლა.

– ყოჩაღ. წავედით.

– სად?

– ავტოსამრეცხაოებს დავუაროთ.

– რატომ?

– რომელი ჭკუათმყოფელი დატოვებდა აყროლებულ მანქანას ნივთმტკიცებად თუნდაც საკუთარი კორპუსის ეზოში? გვამი მოიშორა და მანქანის გასარეცხად გაქანდა. მანქანის მარკა, იმედია, გახსოვს.

თინამ ჩანთას ხელი დასტაცა და დაწინაურებულ შიოს გაეკიდა.

არა, ეს კაცი არაა ყოფილი გამომძიებელი. ის სულით ხორცამდე გამომძიებელია. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია.

გამწარებული სოსო კაბინეტში ბოლთას სცემდა და სკამზე მობუზულ სიძეს მუშტებს უღერებდა. იყვირებდა, შეიძლება ეცემა კიდეც, მაგრამ მომიჯნავე კაბინეტში ქალიშვილი ეგულებოდა. მისი სათნო, კეთილი ქალიშვილი, რომელიც ამ ცხვირმოუხოცავმა კაზანოვამ მკვლელობამდე მიიყვანა.

– როგორ გაბედე სხვა ქალისკენ გახედვა ცოლის ცხვირწინ, რომ აღარაფერი ვთქვათ სიმამრზე?! არცა გრცხვენია… დიპლომი აგაღებინე, ერთადერთი ქალიშვილი ჩაგაბარე, შენ კი მატრაკვეცა სტაჟიორს… მმმმ… ვინ ხარ შენ ამის მერე?

– არაკაცი ვარ, მაგრამ დღეს ჩემი ამორალური საქციელი კი არაა აქტუალური, დღეს მანანაა პრობლემა. ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგო მოკლა. ესეც არ იკმარა, გვამი შემომიგდო, საციხოდ გამიმეტა!

– უვარგისი ქმარი ხარ და იმიტომ.

– რომ ჩამეშვა, უკეთესი ქმარი ვიქნებოდი?

აქ სოსო შედგა და კინკრიხო მოიფხანა.

– არ უნდა ჩაგეშვა, – თქვა შედარებით დამშვიდებულმა, – თვითონ რას ამბობს?

– არ იმჩნევს. აქეთ მიბზუებს ცხვირს.

– დარწმუნებული ხარ, რომ მანანამ ჩაიდინა ეს?

– დარწმუნებული რომ არ ვიყო, პოლიციას შევატყობინებდი, იქვე, ადგილზე. რამდენჯერ დამემუქრა, ქალი არ ვიყო, შენ თუ არ გახტუნავოო. იცოცხლე, მახტუნავა! მთელი ღამე საფლავს ვტკეპნიდი. მომისმინე, სოსო, ერთი წამით არ დამიშვია მისი მიტოვება. ვინ იყო ჩემთვის ნია? ერთი ტრაკგაბზეკილი ნაშა, მოვიმწვანილებდი როგორმე.

– არ გიყვარდა? – ცუდად დაფარული ინტერესით ჰკითხა სიმამრმა.

– მე მანანა მიყვარდა, სოსო. ახლაც მიყვარს, თორემ ვინ ოხერი…

– რჩევა გინდა?

– აბა, რისთვის მოვედი?

– ყველაფერი დაივიწყე, რაკიღა მანანაც არშემჩნევის პოლიტიკას აწვება, აჰყევი თამაშში. იყო ერთი ნია და გაქრა, აღარ არის.

– ძებნა რომ დაუწყონ?

– მერე შენ რა?.. შენ მივლინებაში იყავი.

ლექსომ ყოყმანით გააქნია თავი. ცხელ გულზე ხომ არ იჩქარა ცოლის დადანაშაულება?! დავუშვათ, მანანამ მოკლა ნია ანდა შემოაკვდა. ნია ისეთი ავანტიურისტი იყო, შეიძლებოდა აქეთ გამოეწვია ისედაც შეურაცხყოფილი მანანა. საქმე სხვაა – როგორ მოახერხებდა ქალი, თუნდაც ისეთი ღონიერი, როგორიც მანანაა, გვამის მითრევას საბარგულამდე. უეჭველი ვიღაც ეხმარებოდა. აქამდე როგორ არ მოაფიქრდა!

– რას გაყუჩდი, არ მოგწონს სცენარი?- თავზე დაადგა სოსო.

ლექსომ თავისი ეჭვების შესახებ გაუმხილა.

– მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა საფლავს ჩიჩქნიდი. ახლა გვიანაა მარჩიელობა: ვინ მოკლა, როგორ მიათრია… – სოსომ ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ვალიდოლი ამოიდო ენის ქვეშ, – შენ ის მითხარი, რამე საეჭვო მოძრაობა ხომ არ შეგინიშნავს? იქ, აეროპორტში.

ლექსოს თინა გაახსენდა და მზერა აარიდა.

– სიძე, მოიხედე აქეთ, თუ რამე ისეთია, ჯობს, ახლავე გაამხილო.

– აეროპორტიდან ქალი დამემგზავრა… მაგის ჩემოდანს ვდებდი საბარგულში, ის რომ დავინახე… ნია.

– რამე იყნოსა?

– სუნი იყნოსა, გვამის.

– მერე?

– მერე არაფერი. ჩამოვსვი თავის სახლთან და წავედი.

– თუ სახლშიც აყევი? რელაქსაციის მიზნით… – გამომცდელად მიაჩერდა სოსო.

– რაის რელაქსი, ცხოველი ხომ არ ვარ?! ისეთ დღეში ვიყავი, აქეთ შეწუხდა, რა გჭირსო.

– დარეკე.

– სად?

– იმ ქალთან.

– და რა ვუთხრა?

– მოიკითხე, გატესტე… ჩემგან არ გესწავლება ქალის შებმა.

– არც მისი მობილური ვიცი, არც გვარი, არც არაფერი. მართლა.

– მისამართი ხომ იცი?

– კი, მთაწმინდაზე ცხოვრობს.

– ძალიან კარგი. ყვავილებს იყიდი და მოსაკითხად მიეახლები.

– არა, სოსო, არა! – ლექსო წამოხტა, გრაფინიდან წყალი ჩამოისხა, სულმოუთქმელად დაცალა და კატეგორიულად გააქნია თავი, – სად მაქვს ყვავილებით ფრიალის ნერვები?! აქამდეც ძლივს მოვედი, მეთქი მამაა, შევა მდგომარეობაში…

– აბა, ახლა რას ვაკეთებ?

– მორიგ ავანტიურაზე მიბიძგებ.

– მოდი, ასე შევთანხმდეთ, – სოსომ მამაშვილურად მოხვია მხარზე ხელი, – შენ ახლა სახლში წახვალ, კარგად გამოიძინებ და საღამოს დავილაპარაკოთ, რა და როგორ. დარდი ნუ გაქვს, მანანა ხელს არ შეგვიშლის.

გაგრძელება