,,სარკე”, მაია ბურჭულაძე
თვითმფრინავის დაშვებისთანავე სალონში აპლოდისმენტები გაისმა. თინამაც შემოჰკრა ტაში, მაგრამ მისი ადრესატი პილოტი არ ყოფილა. ზოგადად უხაროდა. ის, რომ ოთხწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ეღირსა; ის, რომ მიჩიგანის უნივერსიტეტის დიპლომანტია; ის, რომ ამიერიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს – მარტო, მშობლების კონტროლისა და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ლექციების გარეშე; ის, რომ სებასტიან სერნასთან დროში გაჭიანურებული რომანი წარსულშია, ის, რომ მზადაა ახალი ურთიერთობისთვის…
– როგორც იქნა, – თქვა ლექსომ, თინას თანამგზავრმა, რომელსაც მიუნხენიდან თბილისამდე ენა არ გაუჩერებია.
ეს ბანკის ოფიცერივით გაპრანჭული სუბიექტი თუ აპირებს თინას თაყვანისმცემლებში ჩაწერას, ძალიანაც შემცდარა. ჯაზით შეპყრობილი სებასტიანის მერე რთულია, განდიდების მანიით შეპყრობილი პლანქტონი მოგეწონოს, მაგრამ ეშმაკს არ სძინავს. პლანქტონია თუ რაცაა, პოლ მაკარტნის კი ჩამოჰგავს, ცხადია, ახალგაზრდობაში.
აეროპორტში შესვლისთანავე თინამ მიმოიხედა. ლექსო არ ჩანდა. რაც არის, არის. ბარგს დაელოდება, ტაქსის დაიჭერს და გემრიელად გამოიძინებს საკუთარ სახლში, იმ სახლში, სადაც დღესაც ტრიალებს ბებიის და ბაბუის სული, სადაც დედამ აიდგა ფეხი, სადაც რაღაც პერიოდი ზედსიძის სტატუსით მამა ცხოვრობდა… სხვათა შორის, კარგად ცხოვრობდა, ყოველგვარი დამადლების გარეშე… ვიდრე უკეთესი ცხოვრების წყურვილმა ამერიკაში არ გააქანა იმ იმედით, რომ მალე ცოლ-შვილიც შეურთდებოდა.
ასეც მოხდა. ჯერ დედა გადაბარგდა ოკეანის გადაღმა, მერე შვილი. რაც შეეხება უკეთეს ცხოვრებას… მამამ დიდი ვერაფერი ჩიტი დაიჭირა. ამერიკაში ვის რაში სჭირდებოდა მისი საბჭოთა დიპლომი? არ უჭირდათ, მაგრამ არც გადასდიოდათ. რაც ჰქონდათ, შვილის განათლებაში დებდნენ, ეგონათ, თინა თაბრუდამხვევ კარიერას გაიკეთებდა მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი – შვილი გაიზარდა, დაფრთიანდა და მაგისტრის მანტიის მორგებისთანავე გაოგნებულ მშობლებს ხელი დაუქნია, ისევე, როგორც მათ გრანდიოზულ გეგმებს.
მადლობა ღმერთს, ბებია-ბაბუის სახლი გაყიდვას გადაურჩა, თუმცა იყო მცდელობა სიძე-ქალიშვილის მხრიდან, მაგრამ ბაბუამ ივაჟკაცა. დაქვრივებისთანავე ერთადერთი შვილიშვილის სახელზე ჩუქების ხელშეკრულება გააშანშალა და მშვიდად მიეწია თავის მეორე ნახევარს.
– ბარგს ელოდებით?
ნაცნობი ხმის გაგონებაზე თინამ მოძრავ ბილიკს თვალი მოსწყვიტა და მიიხედა. ლექსო იყო.
– კარგი კბილები გაქვთ, – უთხრა ლექსომ.
ერთი პირობა, თინამ გაბრაზება დააპირა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა. ჯერ ერთი, მართლა კარგი კბილები ჰქონდა, მეორეც – იდიოტზე გაბრაზება საკუთარი თავის შეურაცხყოფაა.
– ცუდად არ გამიგოთ, – გულწრფელად შეწუხდა ლექსო, – ეს… ეს პროფესიულია. ექიმი გახლავართ და…
– ააა, სტომატოლოგი? – გულზე მოეშვა თინას.
იმან თავი გააქნია, თინას სავიზიტო ბარათი მიაჩეჩა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა მოძრავი ბილიკისკენ, სადაც თავმომწონედ ლაყლაყებდა მისი პატარა, პრეზენტაბელური ჩემოდანი. თავის უზარმაზარ ჩემოდანს წაეპოტინა თინაც.
გარეთ ტაქსის რიგები იდგა. ჩაჯექი, რომელშიც გენებოს, ცხრა პირ ტყავს გაგაძრობს, თუმცა ადგილზე მიგიყვანს. თინა ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა ღამის ცას და ტაქსიში ჩაჯდომას არ ჩქარობდა.
– რა, არავინ დაგხვედრიათ?
ისევ ნაცნობი ხმა, ამჯერად მანქანიდან.
– არც თქვენ გახლავთ კორტეჟი, – მოკლედ მოუჭრა.
– რად მინდა კორტეჟი, როცა ცხენი მყავს შეკაზმული, – ლექსომ კავალერისტის შესაშური ჟესტით ჩამოჰკრა თითი საჭეს, – მივლინებაში წასვლისას აქვე ვტოვებ ხოლმე, ავტოსადგომზე. 4 დღის გამო არ ღირს ტაქსით წოწიალი. დაჯექით, მიგიყვანთ.
თინა ყოყმანით მიაჩერდა თეთრ აუდის.
– გზაში პატარა ექსკურსიას ჩაგიტარებთ. ღამის თბილისი სულ სხვაა… – შეახარბა ლექსომ.
– დამაინტრიგებელი წინადადებაა.
– მიყვარს ინტრიგა.
– მე -არა, მაგრამ მაინც თანახმა ვარ.
ლექსო მანქანიდან გადმოხტა, გალანტურად გამოაღო კარი, თინა დასვა, მისი ჩემოდანი კი საბარგულთან მიაგორა. მერე საბარგულს ახადა და დაზაფრული გახტა უკან.
საბარგულში მკვდარი ქალი იწვა.
ლექსომ გამომშრალი პირით ჰაერი დაიჭირა და ჩემოდანის საბარგულში ჩადებას შეეცადა. ჩემოდანი დიდი იყო, არც გვამი ჩანდა პატარა. როგორც იქნა, შეტენა.
– ხომ არ დაგეხმაროთ? – არხეინად გამოსძახა თინამ.
– მე თვითონ.
ლექსომ ამობრუნებული ხელისგულით ღვარად ჩამოსული ოფლი შეიწმინდა და საჭეს მიუჯდა.
– ხომ მშვიდობაა? ფერი არ გადევთ, – შეწუხდა თინა.
არაფერი უპასუხა, საკეტს გასაღები მოარგო და მანქანის სარკეში შეამოწმა, ვინმე ხომ არ მითვალთვალებსო. არაფერი საეჭვო. მხოლოდ ნაძვის ხესავით გაჩახჩახებული აეროპორტი, კლიენტის მომლოდინე ტაქსისტები, მომხვდურები და დამხვდურები, ხვევნა-კოცნა.
აეროპორტის გზატკეცილი სიჩუმეში გაიარეს. ბარათაშვილის დაღმართზე თინა გამოცოცხლდა.
– მეჩვენება თუ უცნაური სუნი ტრიალებს? – იკითხა მიყურადებული ხმით.
ლექსომ არაფერი უპასუხა.
– შეუძლოდ ხომ არ ხართ? – ჰკითხა თინამ.
ლექსომ ნერვული მოძრაობით ჩამოიქაჩა ჰალსტუხი.
– მგონი, სიცხე მაქვს, – ჩაილაპარაკა სრუტუნით.
– გახრწნილი გვამის სუნი დგას. როცა ადვოკატის თანაშემწედ ვმუშაობდი, ხშირად მიწევდა მორგში სიარული…
– ვერაფერს გეტყვით, თუ სუნი გაწუხებთ, ფანჯარას ჩავუწიოთ და განიავდება აქაურობა.
– კარგი, – უთხრა თინამ და ფანჯარას ჩაუწია.
ლექსომ სიჩქარეს მოუმატა. თინას სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ.
მ მ მ
– მაყვალი-მალინააა! მაყვალი-მალინააა!…
თინას ძილბურანში ჩაესმა ნაცნობი, ხმოვანზე აქცენტირებული შეძახილი. ტკბილად გაიზმორა. “მაყვალი-მალინა” ჩამოტარებით – ასეთს ამერიკაში ვერ ნახავ, ვერ გაიგებ, ვერც წარმოიდგენ. თუ მაინცდამაინც კენკროვანი მოგენატრება, შეგიძლია მარკეტში წახვიდე და ლამაზად შეფუთული, თუმცა ყოვლად უსუნ-უგემო მარცვლები დააგემოვნო. ხვალ აუცილებლად იყიდის – მაყვალსაც და მალინასაც; თონის პურს, გუდის ყველს, ჩურჩხელას… დღეს კი.. დღეს სახლი უნდა დაალაგოს, ავეჯს შალითები გადააძროს, გარეცხოს, ჩემოდანი ამოალაგოს, დედას დაურეკოს…
ის იყო, ადგომა დააპირა, რომ ჭერზე კარგა მოზრდილი ლაქა შენიშნა. ლაქა თვალსა და ხელშუა იზრდებოდა და სახიფათო ზომებს იღებდა. თინა ფეთიანივით წამოხტა, სკამზე აბობღდა და ლაქას საჩვენებელი თითით ჩამოუსვა. სისველე აჰყვა.
– ჩამომრეცხეს და ეგაა!
თინამ ჩემოდნიდან შარვალი და მაისური ამოაცურა, ნაჩქარევად გადაიცვა და მეზობელთან აიჭრა.
ზარის ხმაზე არავინ უპასუხა. ბინიდან ყრუდ ისმოდა ონკანის ბღუილი. თინამ კარის სახელური ჩამოსწია და ინერციით შევარდა სხვის ბინაში.
– ჰელოუ! – დაიკნავლა არც ისე რიხიანად.
პასუხად გარკვევით გაიგო წყლის ჩხრიალი და ხმაურს მიჰყვა, რომელმაც სამზარეულოში მიიყვანა. ღიად დარჩენილი ონკანიდან წყალი მოთქრიალებდა, გასარეცხი ჭურჭლით სავსე ნიჟარაში გროვდებოდა და მეტლახზე მოწანწკარებდა მეჩხერ ნაკადულებად.
თინამ შარვლის ტოტები გადაიკეცა, სამზარეულოში შეტყაპუნდა და ხელის ერთი მოძრაობით ონკანი გადაკეტა.
– არის ვინმე სახლში?
თინამ სასტუმრო ოთახში შეიხედა. იქ სრული ქაოსი სუფევდა. ანტიკვარულ საწერ მაგიდაზე გასარეცხი ჭიქების ათეული იწონებდა თავს – ფსკერზე მიმხმარი ყავის ნალექით. იქვე იყო ნათითურებით დაბინდული გამჭვირვალე ჭიქა და არყის ცარიელი ბოთლი, ნამწვით გადავსებული საფერფლე, წიგნები, ფურცლები, ძველი და ახალი საქაღალდეები, კალმისტრები, ფანქრები…
თინამ მაგიდაზე დახვავებული წიგნები შეათვალიერა და გრძლად დაუსტვინა: “ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგია”, “ფიზიოგნომიკა”, “სისხლის სამართლის კოდექსი”, “სხეულისა და ჟესტების ენა”, “აფირმაცია და ვიზუალიზაცია”…
სახელმძღვანელოების თვალიერებით გართულმა ვერც შენიშნა, როგორ შემოვიდა ოთახში სახლის პატრონი – მაღალი, გაუპარსავი მამაკაცი შუბლზე ჩამოფხატული პანამითა და თასმამორღვეული კედებით, ფეხაკრეფით მიეპარა დაუპატიჟებელ სტუმარს და კისერში სული შეუბერა.
შეშინებული თინა მთელი სხეულით შეხტა და ზურგით შეასკდა მოსალოდნელ საფრთხეს. გაისმა შუშის ჭახანი. იატაკზე ქილის ნამსხვრევები და მჟავე კიტრი მიმოიბნა.
თინას წინ 55-60 წლის მამაკაცი იდგა, ხელში შერჩენილი შუშის ნატეხით და პერანგზე ჩამოკონწიალებული სველი ნიახურით. მისი მოჭუტული მზერა არაფერს გამოხატავდა. არც შეცბუნებას, არც გაკვირვებას, არც ინტერესს.
კაცმა თავი გააქნია და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.
– სორი! – წამოსცდა თინას და ისევ ინანა. ჩამოსვლისთანავე ბოდიშების რეჟიმშია. იმის მაგივრად გამოლანძღოს, აქეთ ებოდიშება. თანაც ინგლისურად.
კაცი მალევე დაბრუნდა. ცოცხით და აქანდაზით.
– ქურდი, თანაც ქალი, თანაც უცხოელი… ჩემს პრაქტიკაში მსგავსი არაფერი ყოფილა, – კაცს ინტონაციაც ისეთივე უფერული ჰქონდა, როგორიც გამოხედვა. ხმა – სიგარეტისგან დამჯდარი და ხრინწნარევი.
– არც ქურდი ვარ, არც უცხოელი. მეზობელი ვარ, თქვენ ქვევით ვცხოვრობ. წუხელ ჩამოვედი ამერიკიდან და…
– და ასეთი ორიგინალური ხერხით გადაწყვიტეთ ზედა მეზობლის გაცნობა, აშუშუდან მოვლენილო ქვედა მეზობელო?
– ნუ დატოვებდით ონკანს და არ მოგევლინებოდით. ლამის ჩამომექცა ჭერი. უკაცრავად, მაგრამ თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე, ბატონო ეეე…
– შიო. თქვენ განაგრძეთ, ვიღებ შენიშვნებს. დავიმსახურე.
– რას ნიშნავს იღებთ? მე შენიშვნების სათქმელად არ მოვსულვარ.
– აბა, წიგნების წასაკითხად ამოხვედით?
– არა, ეს შემთხვევით… უბრალოდ თვალი გამექცა, როგორც იურისტს. ჩავიდეთ ჩემთან და გაჩვენებთ, რაც დამიზიანეთ.
ქვევით ჩუმად ჩავიდნენ.
შიომ თინას ჭერზე ლაქა შეათვალიერა, მაგრამ სინანული არ გამოუხატავს, ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო, მაჯაზე დაიხვია და ოთახში გაიარ-გამოიარა მოსეირნე ნაბიჯით.
– მესმის, რომ ბინა ისედაც გასარემონტებელია, – რაც შეიძლება ტაქტიანად აუხსნა თინამ, – მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ერთხელაც რომ დაგრჩეთ ონკანი.
– არ დამრჩება, – იყო პასუხი. მოკლედ, ლაკონურად, უგულოდ.
– ეს არაა სოლიდური ადამიანის პასუხი.
– რა მეტყობა სოლიდურობის?
– სოლიდურ წიგნებს კი კითხულობთ.
– ეს წარსულის გადმონაშთია, ჩვევა, პროფესიული ინფანტილიზმი, ასე ვთქვათ.
– ეს როგორ გავიგოთ?
– როცა პროფესიული ინტერესი შეგრჩა, ადამიანური – არა.
– ააა… კრიალოსანის წკაპუნიც ჩვევაა?
– ციხეში უარესსაც მიეჩვევი.
თინას თვალები დაუმრგვალდა. ეს რაღაც ახალი სვლაა. ქურდულს აწვება თუ მართლა ნაციხარია?
– შენ გგონია, ციხეში მარტო ქურდები ზიან? ადვოკატებიც ზიან, იურისტებიც.
– იურისტი ხართ?
– გამომძიებელი. ყოფილი.
შიომ ფარდა გადასწია, ფანჯრის რაფას თითი გადაუსვა, დაყნოსა, დამტვერილი თითი შარვალზე შეიწმინდა და განაგრძო:
– ჰოდა, ყოფილი გამომძიებლის ალღო მკარნახობს – შენს ბინაში უცნაური სუნია.
– რა სუნი უნდა იყოს, წუხელ ჩამოვედი. ჯერ ჩემოდანიც არ გამიხსნია.
შიო ჩემოდანთან ჩაიცუცქა.
– აქედან მოდის სუნი, – თქვა მან.
თინას ლექსოს მანქანა გაახსენდა.
– ერთი წუთით.. აეროპორტიდან დავემგზავრე ერთს. მის მანქანაში საშინელი სუნი იდგა. ჩემი ჩემოდანი ჩადო საბარგულში და ისეთი სახით დაბრუნდა, თითქოს ჯოჯოხეთში გაატარეს. ჩემოდანს აჰყვა ეს სუნი?
– არა მხოლოდ.
– რა?
– არა მხოლოდ სუნი. კანის ფრაგმენტებიც აჰყვა.
თინამ პირზე ხელები აიფარა და შიოს გვერდით, ჩემოდანთან ჩაიცუცქა.
ელვის ერთ მონაკვეთზე სპილენძისფერი თმის ღერი კონწიალობდა, რომელიც აშკარად არ იყო მისი. ისევე, როგორც ეპითელიუმის ფრაგმენტი.
– რა გქვია?
– თინა.
– ძვირფასო თინათინ, თმა ქალისაა, შეღებილი…
– იმის თქვა გინდათ, რომ…
– რომ თვითმფრინავის მგზავრის საბარგულში ლპობის სტადიაში შესული გვამი ფიგურირებს. შენ კი აქ ჩარეცხილ ჭერზე მელაპარაკები.
ესე იგი ლექსომ საბარგულში გვამი დაინახა, ნაცნობის გვამი. იმიტომაც არ გამოიძახა პოლიცია.
– ბატონო შიო, პოლიციაში უნდა დავრეკო.
– რომ მერე მოწმის სახით გარბენინონ ყველა ინსტანციაში? მადლობა თქვი, თუ თანამზრახველობას არ შემოგტენიან.
– აბა, რა ვქნა?
შიომ კრიალოსანი აათამაშა და დაზიანებულ ჭერს აჰხედა.
– მე დაგეხმარები, ოღონდ ერთი პირობით.
– აბა?
– მეორედ ეს ჭერი და ლაქა არ მიხსენო.
– თუ გნებავთ, ყოველდღე ჩამომრეცხეთ, ოღონდ ახლა მირჩიეთ რამე.
– მოსულა, – თქვა შიომ და პირველად გაიღიმა.

