,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მსახიობი ბაჩო ქაჯაია სერიალში ,,შუა ქალაქში” 50 კილოთი მეტს იწონიდა, ვიდრე ახლაა. თუ როგორ დაიკლო წონაში და რა შეგრძნებაა, იყო 50 კილოთი ნაკლები, ამის შესახებ ის ,,სარკესთან” საუბრობს:
–ბევრს არ მოვწონვარ და მიზეზად ამბობენ, ძალიან გახდაო. მე, პირადად, ჩემი თავი ახლაც მომწონს და მაშინაც მომწონდა, როცა ზედმეტი წონა მქონდა. პრინციპში, როცა აღარ მომეწონა, მერე კი გავხდი ასეთი. საკუთარ თავს ყველა ეტაპზე ვიღებ ისეთს, როგორიც ვიყავი და განსაკუთრებული ბრძოლები არ მქონია. მაქსიმუმი, ჩემი წონის პიკიდან დღევანდელობამდე, 50 კილო დავიკელი.
– დიეტის რომელმა მეთოდმა გაამართლა ასე ეფექტურად?
– სწორი კვება და ვარჯიში. თავიდან ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ მაინცდამაინც 50 კილო დამეკლო. ცურვაზე დავიწყე სიარული. შემდეგ შემომთავაზეს, იქნებ ფიტნესიც მოსინჯოო. ასე, პარალელურად დავიწყე ვარჯიში. მანამდე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, დღეში 5 კილომეტრს ირბენო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ყველაფერს თავისი აზარტი ჰქონია. დიეტოლოგი არ მყოლია, უბრალოდ შევზღუდე არაჯანსაღი საკვები და გადავედი ოთხჯერად კვებაზე ოთხსაათიანი ინტერვალებით.
– რაზე მოგიწიათ კატეგორიული უარის თქმა?
– ცომეულსა და ტკბილეულზე. ერთი წელი ალკოჰოლური სასმელიც არ მიმიღია, ახლა ზომიერად ვსვამ.
– როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო თქვენი ზედმეტი კილოგრამების მთავარი მიზეზი?
– ალბათ ქართული ქეიფი, ხშირად მიწევდა სუფრასთან მოლხენა. ფხიზელ ადამიანს უჭირს ჭამაში ბალანსის დაცვა და მთვრალს – მით უმეტეს.
– რა შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი მთლიანობაში იცვლება, გარდერობი აბსოლუტურად თავიდან შესაქმნელი ხდება? ალბათ კომპლექსებიც გაქრა კილოგრამებთან ერთად.
– იმის გამო, რომ ამდენი კილო 2 წლის განმავლობაში დავიკელი, რადიკალური ცვლილებები ვერ აღვიქვი. ჩემს გარდერობში მხოლოდ ტანსაცმლის ზომები შეიცვალა, სტილი და გემოვნება იგივე დარჩა.
– ვრცელდება ხმები, რომ ასე ეფექტურად დაკლება დიეტის წყალობით კი არა, კუჭის დაპატარავების ოპერაციით მოახერხეთ.
– მეც მსმენია ასეთი ჭორები, მაგრამ არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია.

