,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
,,მამაჩემი ამბობდა, რომ თავისი სამშობლოს მტრების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა ნებისმიერ ადგილას და არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად იქნებოდა – საქართველოში თუ უკრაინაში და ამ განწყობაში მეც ვეთანხმები”, – ამბობს უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, დავით შარტავას შვილი, გიორგი შარტავა ,,სარკესთან”.
ქართველი ლეგიონერის, 44 წლის დავით შარტავას, სიცოცხლე უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმას ემსხვერპლა. ტრაგედია აპილში დატრიალდა. დავით შარტავას რუსმა აგრესორებმა ავტომატური ყუმბარმტყორცნის ÀÃÑ-17 ის 30-მმ ყუმბარები ჩაუყარეს სანგარში. ქართველმა სამხედრომ უკრაინელი ახალწვეულის სიცოცხლე იხსნა, რომელიც იმ საბედისწერო წუთებში მის გვერდით იყო – ხელი ჰკრა და ახალგაზრდა გადარჩა.
დავით შარტავა ,,სარკის” თანამშრომლის, მარინა ჟღენტის, შვილია. 44 წლის მებრძოლს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი 22 წლის არის, უმცროსი, ბექა – 17-ის.
გიორგი შარტავა ,,სარკეს” მამის გმირობის ამბავს მოუყვა:
– მამა მოხალისე სამხედრო იყო. თანამებრძოლები დაუკავშირდნენ 2016 წელს და უთხრეს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასვლას აპირებდნენ. მაშინ მამაჩემმა დაუფიქრებლად მიიღო გადაწყვეტილება და თანამებრძოლების გვერდით დადგა.
უკრაინაში თავიდან ინსტრუქტორი იყო – უკრაინელ ახალწვეულებს ამეცადინებდა, ასწავლიდა, როგორ უნდა ებრძოლათ. მერე კი თვითონაც ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და მრავალი თვე გაატარა ცხელ წერტილებში. იბრძოდა ქართველებისა და უკრაინელების მხარდამხარ. თავიდან ქართული ლეგიონის ქვეშ იყო. მერე კი სხვა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა უკრაინულ ბატალიონებში იბრძოდა.
ბოლოს 128-ე სამთო შემტევ ბატალიონში მოხვდა, რომელიც დისლოცირებული იყო კარპატის მთებისკენ. იქ გადიოდა მომზადებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. როცა დაიძაბებოდა სიტუაცია, ეს ბატალიონი უნდა გადაესროლათ ცხელ წერტილებში.მარტის თვიდან ძალიან დაიძაბა მდგომარეობა დონბასში და მამაჩემის ბატალიონიც გადავიდა მარიოპოლთან ახლოს. იქ სანგრებში იყვნენ.
როგორც მამაჩემის ერთმა თანამებრძოლმა მითხრა, ყუმბარმტყორცნებით დაბომბეს ის სანგარი, სადაც თვითონ იმყოფებოდა. მამა იმ დროს ახალწვეულთან ერთად იყო. როგორც ყველაზე გამოცდილ ჯარისკაცს, მიბარებული ჰყავდა ერთ-ერთი უკრაინელი ახალწვეული. როცა დაინახა, რომ ესროდნენ, იმ ახალწვეულს ხელი ჰკრა და გადაარჩინა. ის დაიჭრა და გადარჩა. მამას კი თავში მოხვდა ბომბის ანასხლეტი და იმან შეიწირა.
– ოჯახს გიკავშირდებოდათ?
– კი, ხშირად და იმ დღესაც ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. დაახლოებით დღის 4 საათი იყო, რომ რეკავდა და ვერ ვუპასუხე, რადგან სამსახურში ვიყავი და მერე, როცა მე ვურეკე, აღარ მიპასუხა. თურმე უკვე გარდაცვლილი იყო…
– საქართველოში რამდენად ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება?
– 2004 წელს ,,კომანდოს” წვრთნები გაიარა, სადაც განსაკუთრებულ მომზადებას გადიოდნენ. 2004 წელს ცხინვალში ბრძოლა მოუწია. იქაც წინა ხაზზე იყო. როგორც ყვებოდა, მრავალჯერ გადაურჩა იქ სიკვდილს. მერე გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მოუწია, 2016 წელს კი უკრაინაში წავიდა.
მარინა ჟღენტი – დათო შარტავას დედა:
_დათო თავიდან სამსახიობო-სარეჟისოროზე სწავლობდა. საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო, მაგრამ მერე ცუდი პერიოდი დაიწყო. მსახიობებს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ და თან, 22 წლის ასაკში დაოჯახდა, ცოლ-შვილი ჰყავდა სარჩენი და იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის პროფესიაზე.
ძალიან თბილი ბიჭი იყო. ყველასთვის შეეძლო თავი გაეწირა. ოღონდ ვინმესთვის რამე გაეკეთებინა და არაფერს ჩიოდა. ვეხვეწებოდი, ჩამოსულიყო. სულ მეშინოდა. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო.
ბოლოს რომ დაველაპარაკე, მითხრა, სანგარში ვზივარ, სიბნელეში, მაგრამ ნუ გეშინია, ეს თამაშიაო. როგორც ჩანს, მე მამხნევებდა, რომ არ შემშინებოდა. მე კი სულ შიში მქონდა. დილა-საღამოს დაჩოქილი ვევედრებოდი ღვთისმშობელს, ცოცხალი დამიბრუნე-მეთქი.
გადასარევი მეუღლე და შვილები დარჩა. სამაგალითო ბიჭები არიან გიორგი და ბექა. უკრაინაში ჯარისკაცები დიდი პატივით გამოეშვიდობენ, იქაც ყველას უყვარდა თურმე…
…
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველ ჯარისკაცს დიდი პატივით დაემშვიდობნენ და მისი ცხედარი სამშობლოში გამოაცილეს. დავითი საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

