,,სარკე”
ნოე მუმლაძე და მარიამ ციცვიძე 101 წლის წინ ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და დღეს, 16 აგვისტოს ერთად დაიღუპნენ. ტრაგედია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში მოხდა. საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა. ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა.
ყველაზე ხანდაზმულ წყვილზე ,,სარკე” (ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე) ერთი წლის წინ წერდა, როცა მათ 100 წელი შეუსრულდათ. ბატონი ნოე გვეუბნებოდა, რომ ცოლის გარეშე ერთი დღეც არ სურდა ცხოვრება. მათ ოჯახი 76 წლის წინ დიდი სიყვარულით შექმნეს.
_ 75 წელია, ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, _ გვიყვებოდა ნოე ბაბუა ერთი წლის წინ, _ მუდმივად სიამტკბილობა გვქონდა. ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმაზე, რომ ხშირად მიწევდა თამადობა და ოჯახში გვიან მივდიოდი. ყოფილა შემთხვევები, ორ ქორწილში პარალელურად მითამადია, ბევრი დამილევია და სახლში ჩემი ფეხით მივსულვარ.
– როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ განვლილი დრო?
– ჩემი გასული ერთი საუკუნე იყო შრომით, სიყვარულით და წინააღმდეგობების გადალახვით დატვირთული 100 წელი. ახლა კი ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვითლაშვილები არიან. ასევე ჩემი ოცნებაა, იმიერში ჩემს მეუღლესთან ერთად წავიდე. სიკვდილიც ერთად გვინდა, უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ. მერე იმქვეყანდაც ერთად ვიქნებით.
– ქალბატონო მარიამ, თქვენ რა შეგიძლია გვითხრათ მეუღლეზე?
– მე და ჩემს მეუღლეს ორივეს დაბადების დღე ერთ დღეს გვაქვს. დავიბადეთ 1920 წლის პირველ იანვარს. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. ცოტ-ცოტა რაც არ მომწონდი მასში, ეს მისი თამადობა იყო, მაგრამ კაცია და თამადად დადგებოდა და ღვინოს დალევდა, აბა, რას იზამდა?! 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 18 შვილთაშვილი გვყავს. ვტკბებით ჩვენი შთამომავლბის წარმატებებით. სხვა ოცნება მე არ ამქვს, მინდა, რომ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო და ყოველდღე გამახაროს ჩემმა შთამომავლობა.
– რატომ გადაწყვიტეთ, ქორწინებიდან 75 წლისთავზე ჯვარი დაგეწერათ?
– მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი არ გვქონდა დაწერილი, სულ ვწუხდით ამაზე. რადგან ეს არაქრისტიანულია, როცა ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს და მას ჯვარი არ აქვს დაწერილი.სწორედ ამიტომ ჩემმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა გაუკეთა ორგანიზება და დავიწერეთ ჯვარი კაცხის მონასტერში.
..
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

