ზურაბ რთველიაშვილმა ცოლს პირობა ვერ შეუსრულა – ,,წინათგრძნობა იყო ალბათ, იმეორებდა, ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო”

ზურაბ რთველიაშვილმა ცოლს პირობა ვერ შეუსრულა - ,,წინათგრძნობა იყო ალბათ, იმეორებდა, ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

იყო იმედი, რომ პოეტი ზურაბ რთველიაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ამ ომს მოიგებდა, მაგრამ… სამწუხაროდ, ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველო დატოვა და შვედეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო და იქაური მოქალაქეობაც. ცოტა ხანში ცოლ-შვილიც წაიყვანა. მაშინ პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა. 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მეორედ დაქორწინდა ნინო ამირეჯიბზე. მისი უფროსი შვილი და პირველი მეუღლე შვედეთში დარჩნენ.

,,სარკემ” ნინო ამირეჯიბთან  ეს ინტერვიუ მაშინ ჩაწერა, როცა იყო იმედი, რომ ამ ორს ერთად მოიგებდნენ.

ნინო ამერიჯიბი:

– საერთო სანათესაო და საახლობლო წრე გვყავდა. მერე ჩემი ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია მომილოცა “ფეისბუქით” და ვირტუალური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჩემი ლიტერატურული მენტორი იყო, უფროსი მეგობარი. მერე ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა.

3 წელი ვიყავით შეყვარებულები დისტანციურად. მერე კი გადავწყვიტეთ, ოფიციალური სახე მიგვეცა ჩვენი ურთიერთობისთვის. მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. შვედეთიდან საქართველოში პირველად რომ ჩამოვიდა 10 წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ და მისი წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა მწერალთა სახლში, მივედი. პირდაპირ მივაჭერი, სახე გაებარდა… წიგნი მივაწოდე, ავტოგრაფი გამიკეთე, მეფევ-მეთქი! ავტოგრაფი იყო წარწერით: “ნინ, მიყვარხარ ძალიან!”.

ეს იყო ჩვენი სიყვარულის პირველი ახსნა. მას შემდეგ ბევრმა ქარმა გადაიარა, ბევრმა პრობლემამ, ბევრმა ომმა. მოვიგეთ ეს ომები. დამპირდა, რომ მოვიგებთ ყველა ომს და ახლა ეს პირობა უნდა შემისრულოს!

თავიდან ზურამ მძიმედ მიიღო ეს ამბავი და მერე მითხრა, რომ იბრძოლებს და გაიმარჯვებს და ასეც იქნება. სხვა რამის უფლება არ აქვს, უნდა გადარჩეს ჩემთვის, თავისი შვილებისთვის! ახალ ფილმებს ელოდებოდა, ახალ შემოქმედებით წარმატებებს, პანდემიის დასრულებას, მიწვევებს, რომლებიც ხან ერთი ქვეყნიდან მოდიოდა, ხან – მეორედან.

ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა – ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო, რაც ძალიან სიმბოლურია და ესეც ალბათ წინათგრძნობაა. ამ ფრაზას მიმეორებდა წიგნისთვის, რომელსაც ერთად ვწერდით.

ზურას სიცოცხლე უყვარს და სულ მეუბნებოდა, ამ სამყაროში ეს სიყვარული ყველაფრის ძალას მოგვცემსო. დიდ იმედს მაძლევს ის, რომ დედამიწის ზურგზე, მგონი, ყველაზე პოზიტიური ადამიანია. იზიდავს უზარმაზარ ენერგიას და მერე იმ ენერგიას სხვა ადამიანებისთვის ასხივებს.

მითხრა, მე აღვდგები, ვითარცა ფენიქსი, შენ კი შენს თავს მიხედეო. ბევრჯერ გავიმეორეთ ეს სიტყვები და გავუშვით კოსმოსში. ზურა კი სიტყვის კაცია და ის აღდგება, ვითარცა ფენიქსი!