,,ჟურნალისტური” ტანდემი” – ნოველა

,,ჟურნალისტური" ტანდემი'' - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

-დღეს ჟურნალისტები უნდა მოვიდნენ და სახლი საგანგებოდ მოაწესრიგე, – პარლამენტარ დემნა გირგვლიანის მეუღლე, ვიკა, სარკის წინ ტრიალებდა. სახეზე გაჩენილ ლაქებს ტონალურის სქელი კრემის ქვეშ მალავდა და ცისფერი თვალების გარშემო კონტურს იმატებდა, – ჩემს ქმართან ჯერ არაფერი თქვა, არ უყვარს, როცა ინტერვიუს ვიძლევი. ყოველთვის ასეთი იყო – უჩინარი. ჩემი ძმა რომ არ დახმარებოდა, გაცვეთილი შარვლით დაამთავრებდა ცხოვრებას.

– ბატონი დემნა კარგი ადამიანია, – გაბედა სიმართლის თქმა მოსამსახურემ.

– კი, კარგი ადამიანია, მაგრამ ცხოვრებას სხვა ალღო სჭირდება, თუ მის პოპულარობაზე არ ვიზრუნე, ისე ამოეწურება საპარლამენტო ვადა, ვერავინ გაიგებს, რომ დეპუტატის ცოლი ვარ, – ვიკა სარკეს მოშორდა და ხელებგაშლილი მოსამსახურისკენ შეტრიალდა, – სიმართლე თქვი, ჩემი ფოტო ნებისმიერი ჟურნალის გარეკანს ხომ დაამშვენებს?

მოსამსახურემ მტვერსასრუტი გამორთო და ვიკას შეხდა. პარლამენტის დეპუტატის ცოლს “რუჟიც” დაემატებინა და ალისფრად უელავდა სახე.

– დაამშვენებს, რასაკვირველია, – თავი დააქნია დამხმარე ქალმა და მორიდებით გაიღიმა.

ჟურნალისტები შეხვედრაზე არასოდეს იგვიანებენ. დეპუტატის სახლშიც დროულად მივიდა კორესპონდენტი გოგონა, რომელსაც სიმპათიური გარეგნობის, წვერიანი ფოტოგრაფი მიჰყვა ფეხდაფეხ.

– სალო, დღეს რამდენიმე გადაღება მაქვს, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჯერ ფოტოებს მივხედოთ, შემდეგ მე წავალ და თქვენ ისაუბრეთ, – თქვა ფოტოგრაფმა.

სანამ ჟურნალისტი ფოტოგრაფს უპასუხებდა, ვიკა ფეხზე წამოდგა და ახალგზრდა მამაკაცს გაუღიმა.

– მთავარია, კარგი ფოტოები გადავიღოთ, ამ საქმეს სიჩქარე არ უხდება, ინტერვიუ მოიცდის, – ვიკამ ჟურნალისტს გვერდი აუარა და ფოტოგრაფს ხელკავი გამოსდო, – გამომყევით, მეორე სართულზე უკეთესი ფონია, დეკორატიული ყვავილებისთვის ცალკე კუთხე მაქვს, საუკეთესო ნივთების კოლექციასაც გაჩვენებთ.

მოსამსახურემ მარტო დარჩენილ ჟურნალისტს ყავა მიართვა, თვითონაც შორიახლოს ჩამოჯდა და გოგონას ყურადღებით დაუწყო თვალიერება. კორესპონდენტს ფართოჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და, სავარაუდოდ, ფერად ლინზებს ხმარობდა.

– თქვენ ალბათ ვიკას საოჯახო საქმეებში ეხმარებით, – უინტერესოდ იკითხა სტუმარმა.

– ვიკა ჩემი ნათესავია, დედას შეპირდა, რომ ქალაქში სამუშაოს მიშოვიდა, მაგრამ თავისთან დამტოვა, ვუყვარვარ, ვერ შემელია.

– ფულს გიხდით? – ისევ იკითხა ჟურნალისტმა.

– არა, რას ამბობთ, ხომ გითხარით, ნათესავია. ტანსაცმელს მჩუქნის, კვებაც უფასო მაქვს. ხომ იცით, ახლა სოფელში როგორ ჭირს ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, – აქ მოსამსახურემ ხმას დაუწია და ხელის თითებს დააჩერდა, – ხანდახან ფული ძალიან მჭირდება, დედას ვერაფერს ვუგზავნი, მაგრამ ვერაფერს ვამბობ… – ხმა გაუწვრილდა ახალგაზრდა ქალს და მხოლოდ უხერხულად შეიშმუშნა.

– მესმის, – თანაგრძნობით გაიღიმა სალომემ და საუბრის თემა შეცვალა.

სტუმარ-მასპინძელმა ამინდზე დაიწყეს ლაპარაკი. ფოტოგრაფი და მისი “მუზა” კი არა და არ გამოჩნდნენ. ლოდინით შეწუხებულმა მოსამსახურემ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და მეორე სართულზე ავიდა. წინსაფრიანმა ქალმა რამდენიმე ოთახი შემოიარა. ბოლოს ვიკასაც მიაგნო. დეპუტატის ცოლი იატაკზე გაკოჭილი ეგდო, პირში ჩვარი ჰქონდა ჩაჩრილი და შიშისაგან გაფართოებულ თვალებს შეშლივივით ატრილებდა.

– თქვენ?! ეს როგორ მოხდა?! – პირიდან ნაჭერი გამოაძრო მოსამსახურემ.

– ქურდები არიან, დაიჭირე! – იყვირა ქალმა.

– სად, სად არიან?

მოსამსახურემ ოთახი მოათვალიერა, ვერ მიხვდა, ვიკა ქურდებში ვის გულისხმობდა.

– რა შტერივით დგახარ, ის ვითომ ჟურნალისტი გოგო სადაა?

ქალი ახლაღა მიხვდა, რაც ხდებოდა. ვიკას თავი მიანება, ოთახიდან გამოვარდა და კიბეზე დაეშვა, მაგრამ კორესპონდენტის სავარძელი უკვე ცარიელი იყო.

როცა პარლამენტის დეპუტატი შინ დაბრუნდა და გაძარცვული სახლი დახვდა, პოლიცია გამოიძახა, მაგრამ შედეგი? ვიკას ქმარი ჟურნალისტებთან ურთიერთობას უშლიდა, რადგან მის ახირებას ასეთი შედეგი მოჰყვა, ქალმა სიმართლის თქმა ვეღარ გაბედა. პოლიციელებთან დამნაშავეებზე ისეთი აბდაუბდა ილაპარაკა, სამართალდამცველებს კვალი სულ აურია და თვითმარქვია კორესპონდენტები პასუხისმგებლობას გადაურჩნენ.

..

“სალომესა” და “ნიკას” სრულიად არაჟურნალისტური დუეტი, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სინამდვილეში წყვილს ლალი და გოჩა ერქვათ. გოჩა მშვიდი ხასიათის იყო. თავის დროზე სწავლაზეც ოცნებობდა, თუმცა ოჯახის მხრიდან ხელშეწყობა არ ჰქონდა. ლალი – პირიქით, წიგნებს ყდის მიხედვით აფასებდა, მბრძანებლობა უყვარდა და თავგადასავლები. შეყვარებული გოჩა ლალის ხასიათში ნაკლს ვერ ხედავდა, მხოლოდ იმ დღეზე ოცნებობდა, როცა თითზე ქორწინების ბეჭედს გაუკეთებდა, თუმცა რა ბეჭედი, მისი ოჯახი შიმშილის ზღვარზე იყო.

– ჩემი მშობლები დაგვეხმარებიან, – საქმროს აიმედებდა ლალი. გოგონა დარწმუნებული იყო, განებივრებულ ერთადერთ ქალიშვილს დედ-მამა არ მიატოვებდა.

ერთ დღესაც ლალიმ, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, პატარა ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა და სახლიდან გაიპარა. მეორე დილით ოჯახს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მათი ქალიშვილი გათხოვდა.

ლალის ვარაუდი არ გამართლდა. მშობლებმა ქალიშვილის ნახვა აღარ ისურვეს. ახალდაქორწინებულებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ, ბინა იქირავეს და იმაზე ფიქრი დაიწყეს, როგორ უნდა ეცხოვრათ.

– ოთხი ათასი დოლარი? – ტუჩები წინ გაბზიკა ლალიმ და დაუსტვინა, – არ მეგონა, ის ხარახურა თუ ამ ფასად იყიდებოდა, – ახალგაზრდა ქალს თვალები უბრწყინავდა, – ხომ გითხარი, გარისკვა ღირს-მეთქი.

– მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, – იღიმებოდა გოჩა და დოლარებს ხელში ატრიალებდა, – ამდენი ფული ერთად ცხოვრებაში არ მინახავს. დღის ბოლოს დედაჩემი ხუთ-ექვს ლარს მოიტანდა ხოლმე. განსხვავებულ სადილს იშვიათად ვამზადებდით, დედა მაშინაც არ ჭამდა, მწყენსო, იმიზეზებდა, ჩვენ რომ უხერხულობა არ გვეგრძნო. ერთხელ, ღამით, სამზარეულოდან ხმაური გავიგონე და შევედი. დედაჩემი იყო. მე და ჩემს ძმას ვახშამზე თევზის ერთი ნაჭერი მოგვრჩა, დედამ ისიც ჩვენთვის შეინახა. ალბათ შიმშილმა შეაწუხა და თავს ვეღარ მოერია, თევზს ჭამდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ მთელი ეს წლები გვატყუებდა…

ქალი გაოცებული მისჩერებოდა ქმარს და არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. ის, სადაც გოჩა ცხოვრობდა, მისთვის სრულიად უცხო სამყარო იყო.

– არ ვიცი, ამის შემდეგ რა იქნება, – გოჩამ ფული მაგიდაზე დაყარა და ლალის თვალებში ჩააცქერდა, – ქურდობა დიდხანს არ შეგვრჩება. კარგი, მე წავალ ციხეში, მაგრამ შენც დაიღუპები, – გოჩა ცოლს მოეხვია, – თუ ჩემთან ბედნიერი არ ხარ, მშობლებთან დაბრუნდი. არ მინდა, ჩემ გამო თავი განსაცდელში ჩაიგდო. მიყვარხარ, გესმის?

ქალმა ქმრის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა, მაგიდაზე გაშლილი დოლარებიდან ათასი გადათვალა და ქმარს გაუწოდა.

– წადი და ეს ფული დედაშენს წაუღე, ოჯახში გამოიყენონ, მერე კიდევ გავუგზავნით. შენ კიდევ ტირილს მორჩი და დაიმახსოვრე, გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ცოლად გამოგყევი და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.

– შენი სითამამე მომწონს, მაგრამ თუ ჩემთან დარჩენა გინდა, შემპირდი, რომ ეს ყაჩაღობა ჩვენი პირველი და უკანასკნელი დანაშაული იქნება.

– გპირდები, – უპასუხა ქალმა.

მას შემდეგ წყვილმა თბილისში კიდევ 16 ბინა გატეხა.

ოთხწლიანი “მუშაობის” შემდეგ, ლალიმ და გოჩამ მანქანა და ოროთახინი ბინა შეიძინეს ქალაქის განაპირას. მორიგი გაფართოების იმედით კი მორიგი სამიზნეც შეარჩიეს – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც მემკვიდრეობით სოლიდური ქონება დარჩათ და ამ სიმდიდრეს სათანადოთაც უფრთხილდებოდნენ.

სახლის კარ-ფანჯრები რკინის გისოსებში იყო ჩამჯდარი, მაღალგალავნიან ეზოს ორი უზარმაზარი ნაგაზი დარაჯობდა, ცენტრალური ქუჩიდან კი სათვალთვალო კამერა იცავდა.

ერთ საღამოს, როცა დიდი სახლის პატარა დიასახლისი შინ საკუთარ სტილისტს ელოდებოდა, კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალმა გაპრანჭული ხმით უპასუხა და დისტანციური მართვის პულტით ეზოს კარი გააღო. სტილისტი მანქანით შევიდა ეზოში, მაგრამ სანამ გადმოვიდოდა, დიასახლისმა ნაგაზების დაბმა სცადა.

– რითი ვერ შეგეჩვივნენ? – აღშფოთდა ქალი.

ძაღლები საბარგულის გარშემო დარბოდნენ და თავგამოდებით იყეფებოდნენ. როცა თვალებშეღებილ, გაპრანჭულ სტილისტს გზა გაუთავისუფლეს, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და მასპინძელს გადაეხვია.

– ის შეშლილი სახლში ხომ არ არის? – იკითხა ჩურჩულით სტილისტმა.

– ჩემი ქმარი? – გაიცინა თეომ, – არა, ვიცი, რომ ერთმანეთი არ გიყვართ და ისეთ დროს გიბარებ, როცა შინ მარტო ვარ.

მასპინძელმა სტუმარი შინ შეიყვანა და როცა ზურგისკენ შებრუნდა კარის დასაკეტად, წინ ნიღბიანი აეფარა, უკან კიდევ ერთი ნიღბიანი შეჰყვა, დიასახლისი გვერდზე მისწიეს და მძარცველებმა თავად ჩაკეტეს კარი შიგნიდან.

– აუ! – წამოიკივლა სტილისტმა და “საპარიკმახერო” ჩანთა ხელიდან გაუვარდა, – აი, რატომ ყეფდნენ ძაღლები. თქვენ ალბათ საბარგულში ისხედით, – საჩვენებელ თითს წინ იშვერდა თვალებდახატული მამაკაცი.

– ჭკვიანი ბიჭი ხარ, – უპასუხა ერთ-ერთმა ნიღბიანმა და თეოს თმაში ჩააფრინდა, რადგან ქალმა სიგნალიზაციისკენ გაწევა სცადა.

– შენი ქმარი ორ საათში მოვა, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჯერ ორივე მოგკლათ და შემდეგ მშვიდად მოვძებნოთ ძვირფასეულობა. მიხვდი, რას ვამბობ?

თეო მიხვდა. ორი შეიარაღებული მძარცველის პირისპირ იდგა და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

მძარცველებისთვის ეს საქმეც ისეთივე წარმატებით დამთავრდებოდა, როგორც სხვა წინამორბედები, მაგრამ ლალის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხასიათი შეეცვალა, თავბრუსხვევა დასჩემდა, დროდადრო სუნთქვა უჭირდა. ქალი ზურგისკენ შებრუნდა, რომ ცოტა ხნით ნიღაბი მოეხსნა და ღრმად ჩაესუნთქა ჰაერი, მაგრამ მძარცველს ერთი დეტალი გამორჩა – გაკოჭილი და იატაკზე დაგდებული მასპინძელი მის სახეს კედელზე დაკიდებულ სარკეში დაინახავდა.

პოლიციამ კარგად იმუშავა, რამდენიმე საათში ლალი და მისი მეუღლე დააპატიმრეს. გოჩას რვა წლით პატიმრობა მიესაჯა, ლალის მამამ კი, მიზეზთა გათვალისწინებით, ქალიშვილის გათავისუფლება მოახერხა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა რომ ლალი ფეხმძიმედ იყო.

– ჩემი ბრალია, – გულჩვილი ქალივით იცრემლებოდა ქმართან პირველ პაემანზე მისული ქალი, – ჩემისთანები ყოველთვის ზედმეტად თამამები არიან, იციან, რაც უნდა მოხდეს, გამოსავალი გამოჩნდება. აი, ხომ ხედავ, მე თავისუფალი ვარ, შე კი დაგღუპე.

– განა შენი სითამამე რვა წლის პატიმრობად არ ღირდა? – გაიღიმა გოჩამ და გულში ჩაიკრა ცოლი, – ვინ იცის, იქნებ უფრო ადრეც გამომიშვან.

– ეს უკვე მომწონს, მამიკო, – ეშმაკურად გაიცინა ქალმაც და ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ჩამოისვა ხელი.