,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე
-შენ ჩემთვის არასოდეს გითქვამს, რომ გიყვარვარ, – ქალს ქერა, ხუჭუჭი თმა ჰქონდა, მკერდზე ღრმად ჩახნილი პერანგი ეცვა და ვიწრო სხეულზე კარგად მომდგარი ჯინსები.
– ასეა, – მამაკაცს ქალისთვის ხელკავი ჰქონდა გამოდებული და ცდილობდა, არ შეემჩნია, მის ნასვამ პარტნიორს წონასწორობის შენარჩუნებაში რომ ეხმარებოდა, – თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, დღეს პირველად გნახეთ.
– პირველად? – წარბები შეყარა ქალმა, შეჩერდა და მამაკაცი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, – თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია? მე კი მეგონა, დავქორწინდებოდით, – წელში გაიმართა ქერა და თმა შეისწორა, – თქვენ ალბათ ფულს ითხოვთ იმისთვის, რომ სახლამდე მომაცილეთ. მითხარით, რამდენი გადაგიხადოთ? – ხელჩანთა გახსნა ქალმა და რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო, მამაკაცს გაუწოდა, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა, ფული უკან დააბრუნა და ისევ მკლავზე ჩამოეკიდა უცნობს, – ვიცი, ოჯახი სისულელეა, მაგრამ დედა ამბობს, პატრონი თუ არ გაიჩინე, მოხუცთა თავშესაფარში ამოგხდება სულიო. არ მინდა თვშესაფარში… – ატირდა ქალი.
– ამაზე ფიქრი თქვენთვის ძალიან ადრეა, ახლა დასვენება გჭირდებათ, – მამაკაცმა ქუჩაში გამოკრულ აბრას შეხედა და როცა ნომერი 44 ამოიკითხა, ქერასკენ გადაიტანა მზერა, – მისამართი სწორად მითხარით? ეს ნომერი საცხოვრებელ სახლს არ ჰგავს, ძალიან დიდია, ვფიქრობ, რაღაც დაწესებულებაა.
– ახლავე დავქორწინდეთ! – ქალმა ტირილი შეწყვიტა და უცნობს მხარზე ჩამოაყრდნო თავი.
კაცმა ალკოჰოლის სუნი იგრძნო და პირი მოარიდა.
– ერთი საათის წინ გაცნობილზე ვერ დავქორწინდები, მაპატიე.
– ოხ, ეს რიცხვები, ერთი, ორი, ათი… – ამოიკვნესა ქალმა, – კარგი, კიდევ ერთ წუთს მოგცემ, – ისევ გახსნა ხელჩანთა, ახლა მზის სათვალე ამოიღო და სახეზე მოირგო, ცას ახედა. ალბათ მზეს ეძებდა ღამით.
– გთხოვ… – მამაკაცს უნდოდა ეთქვა, ხუმრობას მორჩიო, მაგრამ 44 ნომრის დიდი რკინის კარი უხმაუროდ გაიღო და იქიდან ჭაღარა ქალი გამოვიდა.
– ნატა, დედა, როგორ მანერვიულე, კარგად ხარ? მანქანა სადაა?
ქერა რწევით შეტრიალდა ზურგისკენ და დედას გაუღიმა.
– მადლობა, რომ სახლამდე მოაცილეთ, – ჭაღარა ქალმა თავაზიანად დაუკრა თავი მამაკაცს, – იმედი მაქვს, ყველაფერი წესრიგშია.
– დედა, მე მას დაქორწინება ვთხოვე, – ქალმა ხელები გაშალა და წრეზე დატრიალდა.
– და თქვენ უარი უთხარით? -ასაკოვანმა ქალმა გაკვირვებით ჰკითხა მამაკაცს.
ამ უკანასკნელმა თანხმობის ნიშმად თავი დააქნია.
– ცუდად მოქცეულხართ, – უხალისოდ გაიღიმა ქალმა.
უცნობმა გაკვირვებით გადახედა დედა-შვილს და როცა ისინი ჭიშკრის მიღმა გაუჩინარდნენ, ინტერესით შეათვალიერა შენობა, რომელსაც, მისი აზრით, აბრა უნდა ჰქონოდა წარწერით “ფსიქიატრიული”, მაგრამ ეს ფსიქიატრიული არ იყო.
..
ნიკა ბანძელაძე მთელი მომდევნო დღე ქერაზე ფიქრმა არ მოასვენა. მას ნატა შემთხვევით ქუჩაში გადაეყარა. აშკარად ემჩნეოდა, რომ ნასვამი იყო და თავი მოვალედ ჩათვალა, დახმარებოდა. ქალს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, ხან იცინოდა, ხან ტიროდა, კისერზე ეხვეოდა მამაკაცს და ცოლად მოყვანას ეხვეწებოდა. ნიკას ამ სცენის გახსენება ღიმილს გვრიდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.
როც მუშაობას მორჩა, გადაწყვიტა, ქერას “ფსიქიატრიულის” წინ საღამოს კიდევ ერთხელ გაესეირნა. ისე, უბრალოდ, თვალს შეავლებდა შორიდან.
ნატას სახლამდე გზად პატარა სკვერი იყო გასავლელი. ნიკა შეყოვნდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, სანთებელა კი ვერაფრით აანთო, ქარი ხელს უშლიდა. ხეს მოეფარა, წელში ოდნავ მოიხარა და როცა ცეცხლის პატარა ალი გაკრთა, მამაკაცმა მის წინ ორ ფეხზე ატოტილი უზარმაზარი ძაღლი დაინახა, რომელმაც დორბლმორეული პირით შეჰყეფა და მეტი აღარც დაუხანებია, პირდაპირ მკლავში ჩააფრინდა მამაკაცს.
– მომშორდი! – ყვირილისა და ხავილის მსგავსი ბგერები გამოსცა შეშინებულმა ნიკამ.
გაქცევა სცადა, გამოუვიდა კიდეც, თუმცა ძაღლიც თან გაიყოლა. როგორც ჩანს, გაბრაზებული ცხოველი მის მკლავთან განშორებას ასე იოლად არ აპირებდა.
– მიშველეთ! – ისევ ყვიროდა კაცი და მკლავზე ძაღლჩამოკიდებული დარბოდა ხის გარშემო.
– ჯეკა, აქ მოდი, – ნიკას ხავილი ქალის ხმამ გადაფარა.
ძაღლმა ყურები ცქვიტა და გემრიელი ლუკმა მაშინვე მიატოვა, ნიკას ჩამოეხსნა და წკმუტუნით გაიქცა ქალისკენ.
– მაპატიეთ, როგორც წესი, ასე არ იქცევა, – ქალს ქერა თმა სპორტულის კაპიუშონშიც მოუჩანდა, – ექიმთან წაგიყვანთ ახლავე.
– ნატა? – გაკვირვებით წამოიძახა ნიკამ და წამით შერცხვა, ორი წუთის წინ ქალივით რომ კიოდა შეშინებული.
– გამარჯობა! – ლამაზი ღიმილი გამოაჩინა ქალმა.
– გახსოვს, გუშინ ხელი მთხოვე, – დაკბენილ მკლავს დააჩერდა ნიკა.
– მართლა? – ხმამაღლა გაიცინა ქერამ და ნიკა ისევ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, – ვფიქრობ, ჩემი წინადადება ძალაშია.
ნიკამ ქერას შეხედა.
– შენ რა, ყოველდღე ნასვამი ხარ?
– არა, – იწყინა ქალმა, – ეს ჩემი ჰობია.
– დალევა?
– არა, უცნობზე გათხოვება.
– რატომ? – სხვა კითხვა ვერ მოიფიქრა ნიკამ.
– სიყვარული იმედგაცრუებაა, მინდა, ეს თავიდან ავიცილო.
– და რამდენჯერ გიყვარდა?
ნატამ ცას ახედა.
– ისევ რიცხვები, – გაიღიმა საპასუხოდ, – რატომაა ადამიანებისთვის რიცხვები ასეთი მნიშვნელოვანი?
– არ ვიცი, – თვითონაც გაუკვირდა ნიკას.
– გუშინდელისთვის მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან ყურადღებიანი იყავი. დანარჩენი კი დავივიწყოთ, კარგი?
ქალი ნიკას პასუხს არ დალოდებია, მწვანეზე მშვიდად გაგორებულ ჯეკას ნიშანი მისცა და თავის ძაღლიანად სირბილით გადაიარა ნახევრად განათებული სკვერი.
…
ნიკას ძაღლის ნაკბენი ალბათ სტკიოდა, მაგრამ არ წუწუნებდა, სხვა თუ არაფერი, ათი დღის შემდეგ ნატას ნახვის მიზეზი ექნებოდა, ძაღლს მოიკითხავდა, ხომ არ მოკვდა, გაიგებდა. დღეების დათვლა დაიწყო. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი… დრო ნელა გადიოდა. ნიკას ვარაუდით, ნატა 35-37 წლის უნდა ყოფილიყო. ასაკისთვის შეუფერებლად თამამად ეცვა, უფრო მეტიც, ისეთი ქცევა ჰქონდა, არასერიოზულიაო, რომ იტყოდა ხალხი. ნიკა პატივს სცემდა ხალხის აზრს. იმ ქერამ კი ხელი სთხოვა, რა სასაცილოა. ჯობდა, აღარ ენახა, ასეთი ქალი მისი შესაფერისი არ იყო, საზოგადოებაში შეარცხვენდა, თან ძაღლიც არანორმალური ჰყავდა. ნატას დავიწყების დრო იყო, ნამდვილად, ასე გადაწყვიტა…
– ისევ ამ სკვერში სეირნობ? – ახალგაზრდა კაცი ფიქრიდან რომ გამოერკვა, გვერდით ქალი ედგა, ხელში გრძელტარიანი ცოცხი ეჭირა და წითელ-ყვითელი ფოთლებით მოფენილ ვიწრო ბილიკს გვიდა. როგორ სწყინდა ნიკას, როცა ხმელ ფოთლებს სანაგვე ურნაში ყრიდნენ, არ იცოდა, რა იყო იმაზე ლამაზი, ვიდრე მათი სიჭრელით მოხატული ბაღები, მაგრამ არასოდეს უთქვამს.
– კი, ვსეირნობ, – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
– ვის ელოდები? – მეეზოვე მხიარული ქალი ჩანდა.
ნიკამ სევდიანად გაიხედა ნატას სახლის გალავნისკენ, რომელიც სკვერიდან კარგად ჩანდა.
– ორი დღეა, არ გამოჩენილა, – ჩაილაპარაკა სინანულით, – არადა, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აღარ ვნახავდი, მაინც ველოდები, – გაიცინა მამაკაცმა. რატომღაც გულწრფელობა მეეზოვესთან მოუნდა.
ქალმა ნიკას მზერას თვალი გააყოლა და გაოცებისგან დაუსტვინა.
– მაგ სახლში მდიდარი ხალხი ცხოვრობს, გენაცვალე. შენ როგორ ნახავ, სულ დაფრინავენ, – ყვითელფორმიანმა ხელები გაშალა, ტუჩები წინ გაიშვირა, ჯერ მარჯვნივ გადაქანდა, შემდეგ მარცხნივ, – გააადაფრინდებიან, გააადმოფრინდენიან, – მეეზოვე ცაში იყურებოდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ასე უფრო ჰგავდა თვითმფრინავს.
“მგონი ამ ქუჩაზე ნორმალური არავინაა”, – თავში გაუელვა ნიკას და უკანსვლით მიმავალი დაემშვიდობა ქალბატონს ყვითლებში.
– გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის, მის ლოდინში დროს აღარ დავკარგავ.
…
როგორც მეეზოვემ თქვა, ნატა “გააადაფრინდა”. ეს მშვენიერი სიახლე იყო. ნიკას მაინც არ შეეფერებოდა, თან მასზე უფროსიც იყო ალბათ. ამ ფიქრის დროს ნიკა ცოტა შეყოვნდებოდა ხოლმე. ასაკი რომ არ ჰკითხა, შეცდომა იყო, ხომ უნდა სცოდნოდა, რამდენი წლის იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც ცოლად შერთვა სთხოვა.
“კარგია, რომ არ ვკითხე, აუცილებლად მეტყოდა: „რატომაა რიცხვები მთავარი?” – აქ ნიკა ფიქრებში ხმას დაიწვრილებდა ხოლმე და ცდილობდა, გამოხედვითაც ნატასთვის გაეჯავრებინა.
მიუხედავად ყველფრისა, ნიკას ქერას გახსენებაზე აღარ ეღიმებოდა. ერთხელ გულის მხარეს ტკივილიც იგრძნო. ეს ცუდის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რაშიც მალევე დარწმუნდა.
საკუთარ თავთან ერთკვირიანი პაექრობის შემდეგ, ისევ ნატას სახლის წინ გაჩერდა. ნაძალადევი მხნე გამომეტყველებით ზარის ღილაკს დააჭირა თითი. არავინ გამოეხმაურა. კიდევ დარეკა, შემდეგ კიდევ. როგორც იქნა, რკინის ჭიშკარში ადამიანი გამოჩნდა. ნიკა კიდევ უფრო დაიძაბა.- გამარჯობა, თქვენს ქალიშვილთან დალაპარაკება მინდა, შეიძლება? – ნიკა ისე გაიჭიმა, ახალბედა ჯარისკაცს ჰგავდა.
ჭაღარა ქალს კვლავ ის მოსასხამი ეხურა, რაც გაცნობის პირველ დღეს და თავშეკავებული თავაზიანობით იღიმებოდა.
– ეს მნიშვნელოვანია?
– იცით, მე ნატას ძაღლმა მიკბინა და მაინტერესებს, თავს როგორ გრძნობს.
– ვინ? – გაკვირვებით იკითხა ქალმა.
– ნატა, – აჩქარებით უპასუხა ნიკამ.
– მაგრამ, თქვენ ხომ ძაღლმა გიკბინათ.
– კი, – დაიბნა ნიკა.
ქალს გაეღიმა.
– ნატა და ძაღლი თავს კარგად გრძნობენ, ერთი კვირის წინ ლონდონში გაფრინდნენ.
– ლონდონში? – სინანულით ჩაილაპარაკა ნიკამ.
“რამდენი კილომეტრია ლონდონამდე, 5 ათასი? მეტი? მას ვეღარასოდეს ვნახავ”, – გაიფიქრა და მხრებჩამოყრილმა დაუმშვიდობებლად პირი იბრუნა ქუჩისკენ.
– საუბარი დავამთავრეთ?
ჭაღარა ქალის სიტყვები ზურგიდან გაიგონა ნიკამ.
– კიდევ რამე უნდა მითხრათ?
– ერთი კვირის წინ გაფრინდნენ, მაგრამ ახლა უკვე თბილისში არიან.
ნიკა ზურგისკენ შეტრიალდა და კარში ჭაღარა ქალის ნაცვლად ნატა დაინახა.
რამდენიმე წუთი იდგა გაუნძრევლად. როცა ხმის ამოღება შეძლო, ნატას ჰკითხა.
– უცნობზე გათხოვება ისევ გინდა?
ნატამ ღიმილი დამალა.
– ნუ, ვფიქრობ, თავშესაფარში ცხოვრებას სჯობია…
– კარგი, ვცადოთ, – უპასუხა ნიკამ და იმ ჭიშკარს მიუახლოვდა, სადაც ნატა იდგა.
“უცნობები” ერთმანეთის პირისპირ გაჩერდნენ, სიტყვა აღარ უთქვამთ, ბედნიერები კი ჩანდნენ, ეს კარგი დასაწყისი იყო ალბათ.

