ირმა გურიელი: ,,მერაბ თავაძეს რომ გავშორდი, ჩვენი მეორე შვილი 3 თვის იყო”

ირმა გურიელი: ,,მერაბ თავაძეს რომ გავშორდი, ჩვენი მეორე შვილი 3 თვის იყო",,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,თუ კაცი სწორად იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, მაშინ ის უკლებლივ მიიტანს წუთისოფლის სუფრაზე იმას, რითაც იგი უხვად დაუჯილდოვებია ბუნებას”, – დიდი ილიას ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი პირველი თაობის ტელედიქტორმა, პოეტმა, მსახიობმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ღირსების ორდენის კავალერმა, ქალბატონმა ირმა გურიელმა.

პროფესიით მსახიობი კინოში გადაღებაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედმა ახალდაარსებულ ტელევიზიაში მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც მისი მრავალმხრივი ნიჭის რეალიზება მოხდრბოდა. გარეგნულ მომხიბვლელობას ემატებოდა ბრწყინვალე მეტყველება, შესანიშნავი ცოდნა ლიტერატურული ენისა, შინაგანი. სწორედ ამ თვისებებმა გახადა იგი ცისფერი ეკრანის ერთ-ერთი ვარსკვლავი და ტელემაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ნაყოფიერი ცხოვრების გზა გაიარა. მოზარდ მაყურებელთა თეატრში შექმნა მთელი გალერეა საუცხოო სცენური სახეებისა. მისი რეჟისორობით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, დაწერილი აქვს 70-მდე სასიმღერო ლექსი, რომლებსაც ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებენ.

ირმა გურიელი იყო პირველი, ვინც უცხოური ტელესერიალების ქართულად გახმოვანება დაიწყო. აქაც უდიდესი პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა. სულ ახლახან სატელევიზიო სერიალ “თესეაში” ესმა ბებიას დაუვიწყარი სახე შექმნა, რომელზეც მაყურებლები აღნიშნავენ, თუ სესილია თაყაიშვილი იყო მე-20 საუკუნის ბებია, ირმა გურიელი ნამდვილი 21-ე საუკუნის ბებია არისო.

განვლილ წლებზე, ტელევიზიაზე, ცხოვრების შუქ-ჩრდილებზე ქალბატონმა ირმამ “სარკეს” უამბო.

– ქალბატონო ირმა, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ძალიან წარმატებული მსახიობი იყავით, თითქმის ყველა სპექტაკლში დაკავებული და დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. რატომ დათმეთ საყვარელი თეატრი, ტელევიზია უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა?

– როცა ეს ჯადოსნური ყუთი გამოჩნდა, რასაც ტელევიზორი ჰქვია, 15 წლის ვიყავი. ორ წელიწადში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. სკოლაშიც და ინსტიტუტშიც გამოვირჩეოდი მხატვრული კითხვის ოსტატობით. ბავშვობიდან უამრავი სიგელიც მაქვს მიღებული.

საქართველოს რადიოდან და ტელევიზიიდან ინსტიტუტში ხშირად მოდიოდნენ და არჩევდნენ სტუდენტებს, ვინც კარგად კითხულობდნენ. სწორედ პირველი კურსის შემდეგ მიმიწვიეს მხატვრული ნაწარმოებების წასაკითხად. ფუნიკულიორზე 40 კვ მეტრ ოთახში იდგა ერთი კამერა, ერთი მაგიდა და სკამი, სადაც რიგრიგობით გვიწევდა დაჯდომა. ტიხარის დროს ვენაცვლებოდით ერთმანეთს. პირველად “შვლის ნუკრის ნაამბობი” წავიკითხე, შემდეგ – აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან ნაწყვეტები და აკაკი ბელიაშვილის მოთხრობები.

1961 წლის დეკემბერში ტელევიზიაში მომზადდა საახალწლო გადაცემა. რეჟისორმა ზაზა ფაჩულიამ დადგა პატარა პიესა, რომელიც დედა-შვილის ცხოვრებაზე იყო. სწორედ ამ პიესაში გამოვჩნდი პირველად, როგორც მომღერალი, მაშინდელი ჰიტადქცეული სიმღერით “დავალ მუდამ მოხიბლული შენი თილისმით”. გიტარის თანხლებით ფუნიკულიორიდან ვუმღერე ჩემს ქალაქს.

ინსტიტუტის შემდეგ ვიმუშავე რუსთაველის თეტარში, ვიყავი საესტრადო ორკესტრ “რეროს” სოლისტი წელიწადნახევარი, შემდეგ კი იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. ეს იყო ჩემთვის ოქროს ხანა, რადგან პირველივე სეზონზე 5 სპექტაკლში ვითამაშე მთავარი როლი. ამ პერიოდში მოზარდ მაყურებელში იდგმებოდა სპექტაკლები სტუდენტებისთვის. ასე რომ, ჩვენ სერიოზულ რეპერტუარზე ვმუშაობდით და არა მარტო საბავშვოზე. გვყავდნენ საოცარი რეჟისორები: შალვა გაწერელია, თენგიზ მაღალაშვილი და ახალგაზრდა, 24 წლის თემურ ჩხეიძე.

ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ვოლოდინის “ჩემი უფროსი და”, სადაც მასწავლებლის, შურას, როლი მქონდა. რეჟისორი თენგიზ მაღალაშვილი გახლდათ, რეპეტიციებს თემურ ჩხეიძე ატარებდა, რომელმაც მითხრა, დიდხანს ვეძებეთ ამ როლის შემსრულებელი, მაგრამ ვერავის მოვარგე, ახლა კი ვხვდები, ზუსტად შენ უნდა ითამაშოო.

იმ დროისთვის ჩემს ცხოვრებაში სამწუხარო მოვლენა მოხდა, სიყვარულით შექმნილი ოჯახი დამენგრა. ანალოგიური ისტორია ჰქონდა ჩემს პერსონაჟს, ამიტომ ტექსტის გაცნობისთანავე ჩემთვის ახლობელი გახდა და პირველივე რეპეტიციაზე გამოვძერწე სახე. თემურმა თქვა, შენ ისეთი სრულყოფილი სახე შექმენი, აღარ ვიცი, სხვა რეპეტიციაზე რა მითითება მოგცეო.

თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე, სადაც ბოშა ქალის როლს ვასრულებდი, დიდი სერგო ზაქარიაძე მოვიდა, რომელმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მხოლოდ ერთი შენიშვნა მომცა, დარბაზი პატარაა, სცენა მაყურებელთან ახლოა და ტუჩის მკვეთრ კონტურს ნუ გაიკეთებო.

ამავე პერიოდში თემურ ჩხეიძემ დადგა დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი”, სადაც კაროჟნას ვთამაშობდი. პრემიერაზე დავითის ვაჟიშვილი, მწერალი სერგო კლდიაშვილი დავპატიჟეთ, რომელმაც ასეთი რამ თქვა – იმდენჯერ დაიდგა ქართულ სცენაზე ეს სპექტაკლი, მართალი გითხრათ, მოსვლაც არ მინდოდა, ვფიქრობდი, ახალს ვერაფერს ვნახავ-მეთქი, ბოლოს მაინც მოვედი და ძალიან მიხარია, რომ ნამდვილი დავით კლდიაშვილის კაროჟნა და მართა ვიხილეო.

ამ სპექტაკლით ბაქოში ვიყავით, მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალზე და იქაც დიდი რეზონანსი გვქონდა. ისეთი რიგები იდგა სპექტაკლის სანახვად, როგორც მავზოლეუმის წინ მინახავს. ბაქოშიც და საქართველოშიც პრესა წერდა: “კაროჟნას ცრემლიანი თვალებით გადმოცემულია მთელი მისი სინაზე, შიში და მოკრძალება”.

ამ პერიოდში გამოცხადდა ტელევიზიის დიქტორთა კონკურსი, სადაც მონაწილეობდა 500 ლამაზმანი. მათ შორის ისეთები, ვინც ტელევიზიის ეკრანზე ჩანდნენ, მაგრამ დიქტორები არ იყვნენ. რადგან მხატვრული კითხვა მიყვარდა, თითქოს ასპარეზი დავინახე და სპექტაკლის შემდეგ მივედი პირველ ტურზე. კარი რომ შევაღე და იმდენი ნაცნობი სახე დავინახე, ვიფიქრე, მე ხომ უკვე თეატრში ვარ, როლები არ მაკლია, წარმატებული ვარ, ჩემთვის საყვარელ გარემოში თავს კარგად ვგრძნობ, სულ არ მჭირდება ეს ტელევიზია-მეთქი და გამოვბრუნდი. დამეწია ლიტერატურული თეატრის რედაქტორი, გრეტა გიორგობიანი და მკითხა, რატომ არ შევედი. ავუხსენი, რასაც ვფიქრობდი. არ მეგონა, ასეთი მშიშარა თუ იყავიო.

ამ სიტყვებმა ჩემზე ჯადოსნურად იმოქმედა, რას ჰქვია მშიშარა-მეთქი, მოვბრუნდი და შევედი. გადამიღეს ვიდეო და გადავედი მეორე ტურში, შემდეგ მესამეში. მესამეზე არ წავედი. თურმე კომისიის წევრებმა მომიკითხეს და მოითხოვეს, რომ მივეყვანე. პროგრამების დირექტორი, ივლიტა მესხიშვილი დამიკავშირდა და მკითხა, რატომ არ მივდიოდი. გულწრფელად ვუპასუხე, ჩემი საქმე უკვე მაქვს, თანაც ვაკანტური ადგილი არ ყოფილა და არ მსურს, ვინმეს ადგილი დავიკავო-მეთქი. ქალბატონმა ივლიტამ მითხრა, თუ სხვა მიზეზი არ გაქვს, აუცილებლად მოდი, ყველა ერთხმად ითხოვს შენს მისვლასო.

ცოტა ჩაწყობა ყოველთვის მოდიოდა. ეტყობა, ვიღაცის გაყვანა ჩემზე მეტად უნდოდათ, ამიტომ ტექსტი წინასწარ არ მომცეს. შემიყვანეს, მომაწოდეს დალუქული კონვერტი და ჩართეს კამერა. კონვერტში იყო პროგრამა ქართულ-რუსულად, საინფორმაციო მასალა ერთი გვერდი და მხატვრული მასალა გვერდნახევარი. მე ხომ მსახიობი ვიყავი, ამიტომ უშეცდომოდ, დინჯად, ინტონაციის სწორი დაცვით წავიკითხე ეს ყველაფერი და მაშინვე დამამტკიცეს.

აქედან იწყება ჩემი გოლგოთა, გრძელი, ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ტელევიზიამ გამიხსნა ფართო გზა მაყურებელთა გულებისკენ, მაჩუქა ყველაზე ძვირფასი – მათი სიყვარული და მომცა შესაძლებლობა, მეკეთებინა საჭირო საქმე სხვადასხვა სფეროში.

– მრავალმხრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული, რეჟისორობაც მოირგეთ, ფილმებსაც ახმოვანებდით, სასიმღერო ლექსებსაც წერდით, ამასთანავე იყავით დიქტორი, რომელიც იმდროინდელ მკაცრ ჩარჩოებში უნდა ყოფილიყო ჩამჯდარი და ბევრჯერ დაუგეგმავი სპეცეთერებიც წაგიყვანიათ. როგორ ასწრებდით ამ ყველაფერს?

– თუ დამიჯერებთ, არასდროს დამიწყვია გეგმები წინასწარ და არ დამისახავს მიზანი, აუცილებლად გავაკეთებ ამა თუ იმ საქმეს-მეთქი. დაცდილი მქონდა, წინასწარ ნაფიქრი და გაჟღერებული არასდროს გამომდიოდა, მაგრამ საკმარისი იყო, ვინმეს რამე შემოეთავაზებინა ან დაევალებინა, მაშინვე ირთვებოდა ჩემი ტვინი, გავითავისებდი, გავიაზრებდი, მთელი გულით მოვეკიდებოდი და აუცილებლად ფასეული ნამუშევარი გამომდიოდა.

დიქტორი ვიყავი, ფილმის გადაღებაზე არც არასდროს მიფიქრია. ერთხელ რეჟისორმა, შოთა ქარუხნიშვილმა მითხრა: “ირმა, უნდა მიშველო. გავიცანი საოცარი კაცი, რომელიც თურმე შენი მასწავლებელიც ყოფილა. ეს არის ქუთაისის პიონერთა სასახლის რამდენიმე წრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ტოგონიძე. მასზე გადაცემის გაკეთება მინდა, დრო კი აღარ დამრჩა, მოსკოვში გადავდივარ. თუ გინდა, რომ მე საფლავში მოვისვენო, შენ გააკეთე გადაცემა”.

დავალებაზე უარს როგორ ვიტყოდი, თან ჩემს პედაგოგს ეხებოდა საქმე. შეუძლებელი შევძელი. შევკრიბე მისი ყოფილი და მაშინდელი მოსწავლეები, წავიყვანე ქუთაისში, გელათში და სრულიად უსასყიდლოდ გადავიღე ფილმი “უკან რჩეს კვალი განათლებული”, რაშიც ძალიან დამეხმარა ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თემურ ნაცვლიშვილი.

რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთი ფილმი გავაკეთეთ ფინეთის ხელშეწყობით, სათაურით “გახსოვდეს”. ფილმი აფხაზ ახალგაზრდებზეა, თუ როგორ ახერხებენ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში გადმოსვლას და ქართველ ახალგაზრდებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

სასიმღერო ლექსების წერაც უცნაურად დავიწყე. ტელე-რადიო საესტრადო ორკესტრის დირექტორმა, თენგიზ ჩხეიძემ მთხოვა, ირმა, ორი სიმღერა მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ ლექსი დაწეროო. მოვისმინე გია მაჭარაშვილის მელოდია და დავწერე “ვარდისფერი საქანელა”. მეორე იყო გოგი კალანდაძის მელოდია, რაზეც შეიქმნა ლექსი “ალავერდი”. ამ სიმღერას თამარ გვერდწითელი ასრულებდა ფესტივალზე.

იმის შემდეგ ხშირად მთხოვდნენ და სრულიად უსასყიდლოდ ვწერდი ლექსებს. 70-მდე სიმღერის ლექსი მაქვს დაწერილი, ასევე საგალობლები, რომელთაგან ერთი თემურ წიკლაურმა შეასრულა, ხოლო მეორე – მერაბ სეფაშვილმა.

– უზარმაზარი გამოცდილება გაქვთ ტელევიზიაში მუშაობის. თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი დიქტორების და ჟურნალისტების მუშაობის სტილი, რა მოგწონთ და რა შენიშვნები გაქვთ?

– ტელევიზიაში ჩემს დროს არსებობდა სტანდარტები. თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების კათედრა, უნივერსიტეტის ენათმეცნიერების კათედრა და ლიტერატურის ინსტიტუტი ატარებდა ერთდროულად მუდმივ მონიტორინგს, იწერებოდა ჩვენი გადაცემები, რათა დადგენილიყო კლასიკური ენა, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო სამეტყველო ენა ტელევიზიის ეკრანიდან. სწორედ მათი დასკვნით ჩაითვალა ჩემი მეტყველება კლასიკურად.

ახლა რომ ვუყურებ და ვუსმენ, ბევრი ლაფსუსია, მეტყველების დროს იკარგება ბგერები, სიტყვებს გაუგებრად წარმოთქვამენ, თუმცა აქვთ დიდი თავისუფლება, კეთილმოწყობილი სტუდიები და საუკეთესო მიკროფონები, კამერები. ტექსტს მონიტორზე კითხულობენ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ისინი ქართულად მეტყველებენ.

ტელეენა უნდა იყოს სხარტი, მოკლე, მკაფიო, სწორი მახვილით, სწორი ინტონაციით წარმოთქმული, რომ იოლად მივიდეს მაყურებლამდე. ერთი ტონალობით, მონოტონურად ან ჩქარა, როცა არ გამოკვეთ იმას, რაც ყველა წინადადებაში არის მთავარი, მიუღებელია ჩემთვის. ქართულ ენას აქვს თავისი განუმეორებელი მუსიკალურობა, ამის დაკარგვა არ შეიძლება. არსებობს წერტილი და მძიმე, სასვენი ნიშნები გკარნახობს საუბრის ტემბრს. ჩვენ თეატრალური ინსტიტუტი გვქონდა დამთავრებული, მეტყველება ნასწავლი გვქონდა და დამატებით პროფესორი, ბაბულია ნიკოლაიშვილი მუდმივად ჩვენთან იყო.

ახლა დაშვებულია ბილწსიტყვაობა, უცენზურო სიტყვები. ჩვენს დროს ,,მთავლიტიძძ იყო და ცენზურა. ჩემი საკუთარი შინაგანი ცენზურაც გამაჩნდა. 1995 წელს, როცა დავიწყე უცხოური ტელესერიალების ქართულად გახმოვანება, ვცდილობდი, არ დამეშვა არც ერთი უცხო ან უხერხული სიტყვა. ის კი არა, სადაც კუზენი იყო ნახსენები, სახელებით ვცვლიდი, რადგან ქართველისთვის მიუღებელია ნათესავებს შორის ქორწინება და არ მინდოდა, ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად მიეღოთ.

– გვიამბეთ ოჯახზეც, შვილებზე, შვილიშვილებზე.

– 25 წლის ვიყავი, როცა მეუღლეს დავცილდი. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. ორი პატარა ვაჟი გასაზრდელი მყავდა. მეხმარებოდნენ დედა, ბებია და ჩემი დედამთილი. ჩემს დედამთილ-მამამთილთან მათი სიცოცხლის ბოლომდე ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდა. როცა მარტო დავრჩი, მეორე შვილი, ზვიადი, 3 თვის იყო. დედამთილმა სამსახურს თავი დაანება და ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. მათთვის მე არ ვიყავი რძალი, ვიყავი ქალიშვილი და ასე დავრჩი ბოლომდე.

დედამთილი როცა გარდაიცვალა, დედაჩემიც ავადმყოფობდა და ლოგინიდან ვერ დგებოდა. მერაბმა (მსახიობი მერაბ თავაძე, ყოფილი მეუღლე) დამირეკა და მითხრა, ირმა, შენ უნდა მოხვიდე და დაიტირო დედა, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო. მე მართლაც გულიდან ამოსული, ნამდვილი ცრემლები გავაყოლე მასაც და შემდგომ მამამთილსაც მარადიულ გზაზე.

ოჯახის დანგრევის შემდეგ გული ისე მქონდა ნატკენი, მეორედ ოჯახის შექმნა არასდროს მიფიქრია და თავი მთლიანად შვილებს მივუძღვენი. გამიმართლა, რომ კარგი შვილები გავზარდე. გიორგი რეჟისორია, ზვიადი – მსახიობი და იურისტი.

სამი შვილიშვილი მყავს, სამივე გოგონა, ძალიან ლამაზები და ნიჭიერები. სალომე სამედიცინოს ამთავრებს, თუთამ საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და მაგისტრატურას ამთავრებს, პატარა, ელენიკო, 9 წლის არის. აი, ის კი ვერ ასცდება ხელოვნებას, ცეკვავს, მღერის, ძერწავს საოცარ სიუჟეტებს. საერთოდ, ინდიგო ბავშვების თაობა წამოვიდა. მართალია, ჩავარდნა გვაქვს ერში, მაგრამ მომავალი იქნება ბრწყინვალე და მაძლევს იმედს, რომ გადავრჩებით.

ამ ბოლო ხანს კიდევ ერთი ოცნება ავისრულე, ვითამაშე სატელევიზიო სერიალში “თესეა”. როლზე პირველივე კასტინგზე დამამტკიცეს.

სადარბაზოში ლიფტთან შვილს ველოდებოდი. იგვიანებდა, პირბადე მეკეთა და თვალების მეტი არაფერი მიჩანდა. ორი უცნობი ყმაწვილი შემოვიდა სადარბაზოში, როცა ჩავილაპარაკე, ნეტავ, სად არის ეს ბიჭი-მეთქი და შეჰყვირეს, უი, ესმა ბებია თქვენ ხართო. იცით, როგორ გამიხარდა, რომ როლიდან ჩემი ხმა ისე დაიმახსოვრეს, პირბადეშიც კი მიცნეს!

წელს აგვისტოში 80 წელი მისრულდება. ჩემი გონება საოცრად ნათლად მუშაობს, უამრავი რამ მახსოვს და მინახავს. ჯერ ვერ გამოვნახე დრო, რომ ყველაფერს თავი მოვუყარო. არასდროს მიყვარდა ზედმეტად თავის მოვლა და სხვადასხვა კრემების, ნელსაცხებლების გამოყენება. ვიცხოვრე ადამიანების სიყვარულით, საქმის ერთგულებით და ეს ჩემს ხასიათზეც აისახა.

ხშირად მეკითხებიან, ამდენი წელი ტელევიზიაში გაატარე, ნუთუ მტრები არ გყავდაო. არა, მტრები არ მყოლია. მოშურნეები ალბათ იყვნენ, მაგრამ ისინი ყოველთვის მაძლევდნენ სტიმულს, რომ ჩემი საქმე საუკეთესოდ მეკეთებინა.

ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და ეს ახლა არ დაწყებულა. ჩემი კოლეგები და ბევრი სხვაც როცა ტელევიზიის კიბეებზე ისხდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ, მე ტაძარში ვიყავი და მთელი ღამე ვლოცულობდი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და მშვიდობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისთვის მიტევება და სიყვარული გადაგვარჩენს. ღმერთი სიყვარულია და ჩვენ შეგვქმნა ხატად და მსგავსად თვისა. სხვა რა უნდა გავაკეთოთ, თუ არა გვიყვარდეს ერთმანეთი. არ შეიძლება ამდენი ლანძღვა და შუღლი. შეუცდომელი არავინაა, არც მე და არც სხვა, ამიტომ მივუტევოთ ერთმანეთს და ვიფიქროთ ქვეყანაზე.