ყვავილი ციხეში – ნოველა

ყვავილი ციხეში - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

რუსთავის კოლონიის ერთ-ერთ საკანში ექვსი პატიმარი შეიყვანეს და უშველებელი რკინის კარი გარედან გადაკეტეს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის ქერა, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცი იყო, ყველაზე ასაკოვანი კი – 60 წელს მიახლოებული ძია კოსტა, რომელიც მეზობლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საკანში რამდენჯერმე ნასამართლევი მამაკაციც იჯდა, მეტსახელად ბოროტა, რომელსაც ბოლო დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

თანასაკნელები მთელი დღის განმავლობაში გასეირნების დროს ელოდებოდნენ, როცა უფლება ჰქონდათ, კიდევ ერთხელ შეეხედათ მზისთვის, ხარბად ჩაესუნთქათ ის ჰაერი, რომელიც გისოსებმიღმა ვერ აღწევდა. ნესტისა და შმორის სუნით გაჯერებული კედლების შიგნით მარტოობის მრავალი წლით დამძიმებული სიჩუმე იდგა, რომელსაც დრო და დრო რკინის კარის ჭრიალი და ზედამხედველის ნაბიჯების ხმა არღვევდა.

– გათენდა, – იტყოდა ხოლმე ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი და საკანს დაყოლებულ პატარა სარკმელს უცქერდა დაჟინებით.

მისი ღია ფერის, სევდიანი თვალები შუბლზე ჩამოზრდილ ქერა თმაში იმალებოდა. პატიმრებისთვის გიგა შეროზიას ეს შეძახილი მაღვიძარას ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ადგომას არავინ ჩქარობდა. ტუსაღები ხის საწოლებზე უხალისოდ ტრიალებდნენ და გახუნებული პლედების ქვეშ სახის დამალვას ცდილობდნენ.

– დღეს ადვოკატი უნდა მოვიდეს, – წამოიძახა გიგამ, საწოლიდან ხალისიანად წამოდგა, შარვალი ამოიცვა და დალაქავებული სარკის წინ გაჩერდა, რომ თმა ჩამოევარცხნა.

– მოვიდეს, რა, ერთბაშად სახლში არ წაგიყვანოს, – დაცინვით გამოეპასუხა ბოროტა და ქვეშაგებზე გვერდი იცვალა.

– ვინ იცის, იქნებ რაიმე შეიცვალა, ჩემმა ძმამ მომწერა, მნიშვნელოვანი ამბის თქმა უნდაო.

– კაცი ნაჯახით მოკალი და ახლა ოცნებობ, რომ სახლში გაგიშვებენ და ლიმონიან ჩის მოგიმზადებს დედა? – ბოროტამ გვერდზე გადააფურთხა, – ვერ ვიტან მკვლელებს.

გიგას ხმა აღარ ამოუღია, უსიტყვოდ შებრუნდა პირსაბანისკენ და ხმაურით შეისხა სახეზე წყალი.

– აჰა, პირსახოცი, – ძია კოსტა გიგას მიუახლოვდა და მკლავზე ჩამოაყრდნო ხელი, – ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხომ იცი, ნერვიულია, – ჩასჩურჩულა ბიჭს და აუჩქარებლად თავის ადგილზე დაბრუნდა.

– შენც მკვლელობაზე ზიხარ, არა? – ბოროტას ხმა ახლა ძია კოსტას მისწვდა, – მაინც რას ერჩოდი იმ შენს მეზობელს?

– არ მინდა ამაზე ლპარაკი, – გაფითრებული კოსტა ცემენტის იატაკს დააჩერდა.

– ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ სიმართლეს არ იტყვი, ვეღარაფერი გიშველის, – ბოროტა საცვლებისამარა წამოვარდა საწოლიდან და ძია კოსტას თავზე წამოადგა.

მკვლელმა ცემენტის იატაკის ყურებას თავი მიანება და ნელ-ნელა ფეხზე წამოიმართა. კოსტა ყელში სწვდა პატიმარს და ისეთი ძალით მოუჭირა თითები, ბოროტამ წამიერად სუნთქვა შეწყვიტა.

– როცა აღსარების ხასიათზე ვიქნები, მოძღვართან შეხვედრას ვითხოვ, გასაგებია? – ძია კოსტამ ერთხანს კიდევ თვალებში უცქირა პატიმარს, შემდეგ უზარმაზარი ტორები გაუშვა და ბოროტა იტაკზე დაენარცხა.

საკანში ხმა არავის ამოუღია, პატიმრები შეცბუნებულები ჩანდნენ, გიგას კი გულზე მოეშვა, კმაყოფილმა გახედა ჭარმაგ კაცს და თვალით ანიშნა, კარგად გამოგივიდაო.

იმ დღეს გიგას მოსანახულებლად ადვოკატი არ მისულა. სასეირნოდ გასული ყველასგან განმარტოებას ცდილობდა, ცრემლები ყელში ებჯინებოდა, მაგრამ თავს იკავებდა, პატიმრებს ქალივით ატირებული რომ არ ენახათ.

– თვალს ნუ მარიდებ, ვიცი, რომ გიჭირს. სიტყვას რომ იტყვი, გულზე მოგეშვება, – გვერდით მიუჯდა ძია კოსტა გიგას, – თუ მოსმენა გირჩევნია, მე მოგიყვები ჩემს პირველ სიყვარულზე.

გიგამ კოსტას ჭაღარა თმას შეხედა და უნებურად ხუმრობის ხასიათზე დადგა.

– პირველი სიყვარული გახსოვთ?

– მგონია, წელიწადზე მეტი არ გასულა, არადა, მაშინ შენი ასაკის თუ ვიქნებოდი, – სევდიანად ჩაილაპარაკა კოსტამ და პატარა, მწვანე ბალახის ღეროს დახედა.

რაც ეს უჩვეულო მცენარე საპატიმროს ეზოში ამოვიდა, კოსტა მის სანახავად ყოველდღე მოდიოდა. ვერ გაეგო, როგორ გაარღვია ასფალტის საფარი და რატომ მაინც და მაინც ციხის ეზოში მოინდომა ამოსვლა. მწვანე ყლორტს ახლა კოკორი წამოეღო. კოსტას დაწყებული საუბარი გადაავიწყდა, მცენარისკენ დაიხარა და უშველებელი ხელი ნაზად გადაუსვა წვერზე.

– ყვავილი ყოფილა, მალე გაიშლება, – თვალები გაუბრწყინდა ჭაღარა კაცს, რომელიც პატარა, მებრძოლი მცენარის წინ ცალ მუხლზე დამდგარიყო.

გიგა გაკვირვებული უყურებდა ძია კოსტას. წამით თვითონაც დაავიწყდა, სად იყო და რა ემუქრებოდა. თითქოს ყველა განსაცდელმა სიმძაფრე დაკარგა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მოვიდოდა თუ არა ადვოკატი, მთავარი ახლა ეს კვირტი იყო, რომელიც გასაშლელად ემზადებოდა.

– სეირნობის დრო დამთავრდა, მწკრივში მოეწყვეთ! დაყრუვდით?! – იყვირა ზედამხედველმა და ხელში რეზინის ჯოხი შეათამაშა.

ძია კოსტა ზლაზვნით წამოიმართა, მას გიგაც გაჰყვა უკან.

მეორე დღეს პატიმრები წვიმის გამო სასეირნოდ არ გაიყვანეს. ჭექა-ქუხილის ხმა საკნამდე აღწევდა. ძია კოსტა დაძაბული გასცქეროდა სარკმელს, ალბათ წვიმის წვეთებს ითვლიდა.

– იმ დღეს დეიდასთან მივდიოდით სტუმრად, ნახალოვკაში, – მთელი ეს დრო გიგა შეროზია უფროსი მეგობრის გვერდით იჯდა. თვითონაც წვიმის ხმაურს უგდებდა ყურს და ბავშვობიდან გამოყოლილი ერთი ეპიზოდი ახსენდებოდა.

ძია კოსტამ მისკენ შეატრიალა თავი და გაუღიმა. გიგამ განაგრძო:

– რამდენიმე ბნელი ქუჩა უნდა გაგვევლო. წინ ორი ახალგაზრდა კაცი გადაგვიდგა. ნასვამები იყვნენ, დედაჩემს გამოელაპარაკნენ და აგდებული ლაპარაკი დაუწყეს. მამაჩემი ადგილიდან არ განძრეულა, შიშისფერი გახდა. ბრაზისგან ლამის გული გამისკდა. უთავბოლო ხელების ქნევით მივვარდი ნასვამებს, მინდოდა, გზიდან ჩამომეშორებინა. დამარტყეს, ვტიროდი, მაგრამ მოძალადეებს მაინც თავს არ ვანებებდი. მეორე დღეს თვალებჩალურჯებული ავდექი საწოლიდან, მაგრამ ჩემი თავი მეამაყებოდა. საოცარია, დედას იმ ღამის გამო ქმრისთვის არ უსაყვედურია, მას ისეთი უყვარდა მამა, როგორიც იყო. 14 წლის ვიყავი როცა ის გარდაიცვალა. დედა მას შემდეგ გაღიმებული აღარ მინახავს.

ძია კოსტამ გიგას თვალი აარიდა და სარკმელში გაიხედა. წვიმა გაბრაზებული ეხეთქებოდა ჭუჭყიან რაფას.

– მერე რა მოხდა? – იკითხა კოსტამ.

გიგამ მუხლებზე დადებული “საბრალდებო დასკვნა” გადაშალა: “1998 წლის 23 იანვარს გიგა შეროზიას დედამ, მანანა შეროზიამ, ვიკა ლანჩავასგან კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად (კერძოდ, შაქრის შესაძენად) 6 ათასი ამერიკული დოლარი ისესხა, 30 პროცენტიანი თვიური გადასახადით. შეროზიების ოჯახმა ვერ განახორციელა კომერციული საქმიანობა და ვალი დანიშნულ დროს ვერ გადაიხადა”.

– სიტკბო ვერ მოუტანია შაქარს თქვენთვის, – გაიღიმა ძია კოსტამ, როცა გიგას საბრალდებო დასკვნიდან ამონარიდი თვალით ჩაიკითხა.

– ხო, საქმე ვერ აეწყო, – სინანულით გაიქნია თავი გიგამ, – იძულებულები გავხდით, ბინა გაგვეყიდა და ქალაქგარეთ გადავსულიყავით საცხოვრებლად. 6 ათასი დოლარი დავფარეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, პროცენტი უკვე 5 ათას დოლარამდე ასულიყო.

რამდენჯერმე მოგვაკითხა შინ მევალის მეუღლემ და საპროცენტო დანამატის გადახდა მოითხოვა. ბოლო სტუმრობისას კი დაგვემუქრა, რადგან ნებით არ იხდით, ძალით გადაგახდევინებთო. ამ მუქარიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, სახლში შეიარაღებული მამაკაცები მოგვადგნენ. ერთი კვირა მოგვცეს ფულის შესაგროვებლად, თქვენსავე საცხოვრებელში ცოცხლად გამოგწვავთო, დაგვემუქრნენ.

ძია კოსტამ უმწეოდ აიჩეჩა მხრები.

– დედამ ყველას კარი შეაღო, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა. სესხს იხვეწებოდა. ცოტა შეაგროვა კიდეც, მაგრამ ეს თანხა 5 ათასზე ბევრად ნაკლები იყო, – გიგამ ისევ საბრალდებო დასკვნას ჩახედა:

“16 მარტს შეროზიების საცხოვრებელ სახლში ორი შეიარაღებული მამაკაცი მივიდა. 18 წლის გიგა შეროზია და მისი უმცროსი ძმა, ბაქარი, შინ მარტო იყვნენ. შეიარაღებულმა პირმა გადასახდელი თანხა მოითხოვა, რაზეც გიგამ უპასუხა, რომ მხოლოდ 500 ლარის გადახდა შეეძლოთ.

მაკაროვის ტიპის პისტოლეტით შეიარაღებულმა გ.ნ.-მ იარაღი 15 წლის ბაქარ შეროზიასკენ მიმართა. სწორედ ამ დროს გიგა შეროზიამ წინასწარ მიმალულ ნაჯახს წამოავლო ხელი და გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა გ.ნ.-ს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა”.

– სანამ მეორე გონზე მოვიდოდა, ბაქარს ხელი ჩავჭიდე და გავიქეცით. ის ღამე ტბასთან ახლოს გავატარეთ, – გიგა ისე სუნთქავდა, თითქოს ახლაც გაუვალ ტყეში ძმის გადასარჩენად მირბოდა, – ვიცოდი, შურისძიებისთვის მოგვაკითხავდნენ და დამალვა ვცადეთ. საშინელი ღამე იყო.

გიგა საწოლზე აძვრა და კედელთნ მიიყუჟა, თავი მუხლებში ჩარგო. მხოლოდ ძია კოსტა ხედავდა, როგორ უკანკალებდა მხრები. კოსტა ერთხანს გაუნძრევლად იდგა, შემდეგ თვითონაც გიგას ქვეშაგებზე აბობღდა და თითქმის ჩურჩულით დაიწყო.

– საკუთრი თავის სიბრალულს მოეშვი, გასაგებია. მეზობლის კაცს, უფრო სწორად, არაკაცს, – შეასწორა სიტყვა კოსტამ, – 11 წლის გოგონასთან შევასწარი. ბავშვი თითქმის უგონოდ იყო, – მაგრად მომუჭა ხელები კოსტამ და სახე წითლად წამოენთო, – როცა ოთახში წელქვემოთ შიშველი მოძალადე დავინახე, იატაკზე მიგდებულ მის შარვალს დავავლე ხელი და ამ შარვლითვე დავახრჩე.

– რა საშინელებაა! პოლიციას მკვლელობის მიზეზი რატომ დაუმალეთ, ეს ხომ შემამსუბუქებელი გარემოება იქნებოდა? – გიგამ გამშრალი პირით ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

ძია კოსტამ გაიღიმა.

– როცა ბავშვი გონზე მოვიდა, მივხვდი, რომ ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ შერცხვა, ვერ თქვა. გესმის? მას უნდოდა, რომ ეს საიდუმლო შემენახა და ასეც მოვიქეცი. ვიცი, ის არაკაცი სიკვდილს იმსახურებდა, მაგრამ დღემდე მაინც კოშმარები მტანჯავს. ამიტომ მგონია, მოტივის მიუხედავად, მკვლელობის შემდეგ პატიმრობა საუკეთესო გამოსავალია, იფიქრო, განიცადო და ამ კედლებში დატოვო იმ ტვირთის ნახევარი მაინც, რისი ტარებაც მთელი დარჩენილი ცხოვრება მოგიწევს.

გიგა მიხვდა, რას გულისხმობდა ძია კოსტა და თავი უხერხულად იგრძნო, რადგან ამაზე არასოდეს დაფიქრებულა.

ადვოკატი ბრალდების მხარეს სთხოვდა, რომ გიგა შეროზიას ქმედებისთვის აუცილებელი მოგერიების კვალიფიკაცია მიეცათ, თუმცა პროკურატურამ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, ძალის გადამეტებად შეაფასა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ დიდხანს ელოდა გიგა ადვოკატის გამოჩენას, რომელსაც “მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გადაეცა”, ამასობაში ბიჭი ახალ რეალობას შეეჩვია.

წლებთან ერთად გიგას გარშემო პატიმრები იცვლებოდნენ. პირველი ბოროტა გადაიყვანეს სხვა საკანში, ბოლოს – ძია კოსტა. ახალბედებიდან თითოეული თავისი ისტორიით და ცოდვებით მოდიოდა ციხეში და ყოველ მათგანს გაუცნობიერებლად უნდოდა, აქ ტვირთის ნახევარი მაინც დაეტოვებინა.

გიგა მათთან ერთად იზრდებოდა, ყალიბდებოდა, ალბათ უფრო უხეში და მეტად თავდაჯერებული გახდა, მაგრამ ყოველთვის, როცა რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თავისი უფროსი მეგობარი ახსენდებოდა, ამ შემთხვევაში რას იტყოდა და როგორ მოიქცეოდა ძია კოსტა. ციხეში გაცნობილი მკვლელი, გიგასთვის ადამიანის საზომი გახდა.

6 წლის შემდეგ, გაზაფხულზე, როცა გიგა შეროზიას პატიმრობის ვადა ამოიწურა, სასეირნოდ უკანასკნელად გასული ტუსაღი იმ ყვავილთან შეჩერდა, რომელიც ძია კოსტამ დაუტოვა. ბიჭი დაიხარა და ახალწამოსულ კვირტს ფრთხილად შეახო თითი:

– ისევ იყვავილებს.