,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
2019 წლის აპრილში ჟურნალისტ სალომე გველესიანს და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ მევლუდ მელაძეს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს, შვილი, 16 წლის ნიკუშა ჯორჯაძე დაიღუპა.
ავტომანქანა, რომელიც საოცარი სისწრაფით მიქროდა და 13 წლის ბიჭი მართავდა, ხეს შეასკდა. ნიკუშა უკანა სავარძელზე, მარჯვნივ იჯდა. ეს ის ადგილია, რომელიც მანქანაში ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ეს ნიკუშასაც ასწავლა მისმა მამობილმა, ტიტულოვანმა ავტომრბოლელმა, მევლუდ მელაძემ, მაგრამ სწორეს ეს ადგილი აღმოჩნდა ბიჭისთვის საბედისწერო. ნიკუშა ადგილზევე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი 15 წლის მოზარდი რამდენიმე დღეში დაიღუპა, წინ მსხდომები, 13 და 14 წლის ბიჭები კი უვნებლები გადარჩნენ.
ნიკუშა ჯორჯაძე სალომეს შვილი პირველი ქორწინებიდან იყო. ბავშვის გაჩენიდან მალევე ქმარი ტრაგიკულად დაეღუპა. გარკვეული ხნის შემდეგ ავტომრბოლელთან ინტერვიუზე მივიდა და მის ცხოვრებაში ლამაზი რომანიც დაიწყო.
– რამდენი წლის იყო ნიკუშა, როდესაც თქვენ და სალომე დაქორწინდით?
– 3 წლისაც არ იყო და ჩემი შვილებისგან არასოდეს ვასხვავებდი. პირიქით, უფრო მეტადაც ვაქცევდი ყურადღებას. არ მინდოდა, ოდნავი ხინჯი მაინც ჰქონოდა გულში, ამიტომ პირველი ნიკა იყო ჩვენს ოჯახში. თავადაც ძალიან კარგი ბიჭი იყო, როგორც ადამიანი. გარშემო არავინ ჰყავდა, ვინც შეიძლებოდა მასზე ოდნავ მაინც ყოფილიყო ნაწყენი.
– ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა მოხდა და ვინ და როგორი შეცდომა დაუშვა იმ საბედისწერო დღეს?
– საჭესთან 13 წლის ბიჭი იჯდა, მის გვერდით 14 წლის და უკან – ნიკუშა და კიდევ 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე გარდაიცვალა. 14 წლის ბიჭმა წამოიყვანა ოჯახიდან მანქანა და მერე მეორემ სთხოვა, მე დავჯდები საჭესთანო.
– ნიკამ მანქანის ტარება იცოდა?
– არა და არც აინტერესებდა… ნიკასთან ვსაუბრობდი ხშირად უსაფრთხოების საკითხებზე და იცოდა, რომ, როცა საფრთხეს შეიცავდა მანქანით მგზავრობა, უკანა მარჯვენა სავარძელი იყო ყველაზე საიმედო. იმ დღეს დიდი ალბათობით იცოდა, რომ მაღალი სიჩქარით წავიდოდნენ, ამიტომაც ამოარჩია ადგილი, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა. შეიძლება სხვები შემთხვევით დასხდნენ გარკვეულ ადგილებზე, მაგრამ ამან იცოდა, სადაც ჯდებოდა, წინასწარვე შეარჩია. როგორც ჩანს, თავის დაცვა სცადა, მაგრამ იმის გათვლა, რომ მართვას დაკარგავდა საჭესთან მჯდომი, შემოტრიალდებოდა მანქანა და ხეს დაეჯახებოდა…
ავედი იმ ადგილზე და ვნახე, რა და როგორ მოხდა, როგორი კვალი იყო და რა სიჩქარით მიდიოდნენ. ზუსტად ვიცი, რომ 200 კილომეტრზე მაღალი იყო სიჩქარე. ლისის ტბიდან ზემოთ, წოდორეთის გზაზე სწორი გზაა თითქოს და საფრთხე არ გემუქრება, სანამ 200 კმ/სთ-ს არ გადააჭარბებ სიჩქარეს. ასეთ დროს პროფესიონალებისთვისაც კი რთულია მართვა, არამცთუ 13 წლის ბავშვისთვის…
ნიკუშას მამას მანქანა დაეჯახა. ქუჩაზე გადადიოდა და დაიღუპა. არც ის იყო დამნაშავე. ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, სამსახურში რომ გავიდა და მერე ჩემთან მოიყვანა ბედმა ინტერვიუზე… განმეორებითობასავითაა – ავტომობილი-სიკვდილი, მერე კიდევ ავტომობილი-სიკვდილი… ნაღმიც კი არ ვარდება ერთსა და იმავე ადგილას და სალომეს შემთხვევაში ორი ტრაგედია თითქმის ერთნაირად მოხდა.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

