 მამა შალვა კეკელია სარკეს თავის დიდ ტკივილზე უამბობს:
მამა შალვა კეკელია სარკეს თავის დიდ ტკივილზე უამბობს:
–ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, იქ დამთავრდა ის ცხოვრება, როცა ბერობა სულ მინდოდა. მეუღლე ყველაფერში გვერდით დამიდგა. სახლი არ მქონდა, მიჭირდა… არაფრისმქონეს გამომყვა. ჯვარი რომ დავიწერეთ, იმ დღეს ჩემი მეგობრის დედამ 100 ლარიანი მაჩუქა და იმ ფულით წავედით ბათუმში. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მიკვირს, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. სად უნდა წამეყვანა ცოლი, ისიც არ ვიცოდი.
მაშინ სტატიებსაც ვაქვეყნებდი თქვენს ჟურნალში – ,,სარკეში”, გაზეთ ,,ახალ თაობაში”… ჟურნალ ,,კარიბჭეში” ვწერდი და იმით გამქონდა თავი. სკოლაში დავიწყე მუშაობა, ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი – რელიგიას ვასწავლიდი. ღვთის მადლით, ის გაჭირვების პერიოდი გავიარე და ახლა სამი შვილი გვყავს.
ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.
– ანგელოზად და მფარველად მიიჩნევთ გარდაცვლილ შვილს?
– დიახ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა…
ყველას ვურჩევ, ბავშვს არ უყუროს ისე, როგორც პატარას. მშობელს ჰგონია, რომ, რადგან ბავშვი პატარაა, სულ რაღაც უნდა ურჩიოს. ამით შვილებს არჩევანის საშუალებას ვართმევთ.
ჩემი შვილები განსხვავდებიან ხასიათებით. ჩემი გოგონა ჩემი პრინცესა და მალამოა. გიორგი უფრო ღრმა ხასიათისაა. გოგოს მოფრთხილება სჭირდება. რაც ბოლო დროს ჩემ გარშემო აგორდა… ბავშვები ტელევიზორს უყურებენ და ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან. ამას წინათ ნინიკომ მითხრა, მე ვიცი, რომ ღმერთი ძალიან გიყვარს და ადამიანს, რომელსაც ღმერთი ძალიან უყვარს, რამეც რომ შეეშალოს, მაინც მართალი იქნება და ღმერთი მას აუცილებლად აპატიებსო. ეს ისეთი ნუგეში იყო ჩემთვის…
იმედი და დასაყრდენი რომ ხარ შვილისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც შემშლია მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან ურთიერთობაში. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის. ღმერთს ბევრი უნდა ელაპარაკო შენს შვილებზე, ბევრი უნდა ილოცო შვილებისთვის და საქმით უნდა ესაუბრო და არა – სიტყვებით. რა ცხოვრებასაც შენ აირჩევ, შვილებიც იმავეს აირჩევენ.
სარკე
