,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
რაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცკ-ის განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში, საერო ცხოვრებაში მუშაობდა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, ამჟამად ბერი ილია.
ის ახლა უკვე არქიმანდრიტი გახლავთ და მცხეთაში, სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, რომელიც მუდამ კარიერულ წინსვლაში იყო, ტაძრამდე დიდმა სიყვარულმა მიიყვანა. საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ბერად შედგა. მონასტერში ყოფნა მისთვის ერთადერთი გზა გამოდგა, რომ იმქვეყნად გადასულ თავის მეორე ნახევართან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.
ერისკაცობაში მამა ილიას ცოლი, გულიკო დვალი, სანას ეძახდა. ამ სიყვარულზე თავის დროზე ლეგენდები დადიოდა. სანდრო კავსაძეს მაშინ პირველი ცოლისა და 3 შვილის მიტოვება მოუხდა, რაც მაშინდელი თანამდებობის პირისთვის ფაქტობრივად კარიერის დასასრულს ნიშნავდა. სიყვარულმა, რომელსაც მამა ილია ერთსულ და ერთხორცად ყოფნას უწოდებს, ყველა შემოტევას გაუძლო და სანდრომ და გულიკომ მრავალი ბედნიერი წელი განვლეს ერთად. 2009 წელს კი გულიკო დვალის სიცოცხლე შეწყდა.
მამა ილია:
– ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი, რადგან ჩემი ნაწილი ვნახე. ხელი რომ გაკლდეს და ის ნახო, ხომ ვერ დატოვებ?! ტყუილში ცხოვრება გამომივიდოდა. შვილებიც უნდა მომეტყუებინა, ცოლიც და ეს არ შემეძლო.
მაშინ ცკ-ის განყოფილების გამგე ვიყავი და იქიდან გამომიშვეს ოჯახის დანგრევის გამო, მაგრამ ბოლომდე არ შემელიენ და მთავარ სახელმწიფო არბიტრად დამნიშნეს. მეუბნებოდნენ, ყველა კაცი ასე არაა, საყვარელიც ჰყავს, ოჯახიცო. ვუთხარი, ასე არ შემიძლია-მეთქი.
გულიკო მაშინ უკვე ქვრივი იყო. ერთი ბიჭი ჰყავდა და, რა თქმა უნდა, მასთან გაუჭირდა, რადგან ბიჭთან ყოველთვის ძნელია ასეთი ამბავი.
ჩემი გოგონები დიდები იყვნენ, მაგრამ ჩემს ბიჭთან კი ვარ დამნაშავე, რომელიც მაშინ 8 წლის იყო. ღამე გვიან, პირველზე, 2-ის ნახევარზე მივდიოდი ხოლმე სახლში და არ იძინებდა, მე მელოდებოდა, რომ “ვეფხისტყაოსნიდან” ჩაებარებიანა ჩემთვის ერთი თუ ორი სტროფი. “ვეფხისტყაოსანს” ზეპირად ვასწავლიდი.
ვიცი, ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა ჩვენს შვილს ამ ამბის გამო, მაგრამ არც მე და არც ქალი არაფერ შუაში ვიყავით. შევხვდით ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის არ ვიყავით. ეს იყო და ეს. მერე არავითარი ურთიერთობა აღარ გვქონდა ერთმანეთთან, თუმცა, რაც შვილებს სჭირდებოდათ, ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემი ცოდვა ის იყო, რომ თავის დროზე არასწორად შევუღლდი.
არავინ იცის, როდის შეხვდება თავის ნაწილს. ის ჩემი შექმნილი არ იყო და არც მიძებნია. შეიძლება გახვიდეთ, დაინახოთ ადამიანი და მიხვდეთ, რომ ისაა თქვენი ნაწილი. ერთმანეთს არც კი დაელაპარაკებით იმაზე, ღირს თუ არა ამის გამო ყველაფრის მიტოვება. ჩემი მეუღლე 2009 წელს გარდაიცვალა.
__ როგორ მიხვედით ტაძრამდე?
-მის საფლავზე დღეში ორჯერ მივდიოდი. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი კომკავშირული კოლეგა შემხვდა, მამა ელისე გამხდარიყო. მითხრა, მაინც ბერივით ცხოვრობ და წამოდი ჩვენთან მორჩილადო.
შემოსილი მორჩილი ვიყავი. მერე მარტყოფში გადამიყვანეს. იქ აღვიკვეცე ბერად. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი იყო. იქ რომ მივედი, ვუთხარი, ყოველ კვირას ვივლი სასაფლაოზე და ეს უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით-მეთქი. ძალიან ჭკვიანი კაცია. მითხრა, თუ გინდა, ყოველდღე იარეო. ერთი კვირის შემდეგ საფლავზე წასვლა აღარ მინდოდა.სულ მასთან ვიყავი და სადღა წავიდოდი?! ლოცვამ, მონასტრის ცხოვრებამ იქამდე მიმიყვანა, რომ ვიგრძენი, სულ ჩემთან იყო. ყოველდღე ვესაუბრები და ამით შევსებული ვარ.

