ლევან შერმადინი, ლექსო ლაშქარავას მეგობარი ,,სარკესთან” ყვება:
_ტელე-კინო რეჟისურის ფაკულტეტი გვაქვს დამთავრებული. გამოცდების ჩაბარების დროსვე მიიქცია ყურადღება. გამოცდიდან რომ გამოვედით, დაიძახა, მშვენიერი ამინდია და წავედით თბილისის ზღვაზე საბანაოდო. სულ ასეთი დარჩა _ ენერგიული, სხვის გვერდში მდგომი. უყვარდა სიურპრიზები და არასოდეს უთქვამს „მე“, სულ ამბობდა „ჩვენ“. შინაგანი ეგო არ გააჩნდა.
ლექსოს ძვირფასი მამა ჰყავდა _ მერაბი ძია, რომელიც ყველა ჩვენგანის მამა იყო. ლექსო დედისერთა იყო და პირველად მასთან მისვლის შემდეგ მთელი 5 წელი ის კარი ჩვენთვის არ დახურულა.
ერთი დიდი ტახტი ედგათ და იმ ტახტზე 4-5-7-ნი ვიწექით ხოლმე. მე მაღალი ვიყავი, საბანი არ მწვდებოდა და ფეხები რომ მქონდა გაყოფილი, მისი პუდელი მიწვებოდა და ასე გავიყვანეთ მთელი სტუდენტობა.
დილით მერაბი ძია გვაღვიძებდა, საჭმელს გვაჭმევდა და სამსახურში მიდიოდა. უნივერსიტეტიდან ისევ იქ მივდიოდით. ყველას გვქონდა სახლი, მაგრამ ლექსოს სახლს თაფლი ესვა…
საავადმყოფოშიც ვინახულე. წელს ზემოთ გამეტებით იყო ნაცემი. იდაყვები ჰქონდა დაზიანებული, ნათრევი იყო. მომიყვა, ვიღაცას ვუთხარი, მანდილოსანზე ხელი როგორ ასწიე, არ გრცხვენია-მეთქი და 50 კაცი მაინც მეცა ერთადო. მეგობრობაში ასეთი იყო, არაფრით გიღალატებდა.
რაღაცაზე ფული დამჭირდა. ვიცოდი, ლექსოს არ ჰქონდა და არც მითხოვია, სხვებს ვთხოვე. მეორე დღეს მოვიდა და ფული მომცა. სესხად ავიღე, მერე დავუბრუნე, მაგრამ ერთი წლის მერე გავიგე, რომ სახლიდან რაღაც გამოუტანია, გაუყდია და ის ფული მომიტანა.
ვერ იპოვიან ადამიანს, ვისთვისაც ლექსოს გული უტკენია. მარტო საჭმლის ჭამაც არ შეეძლო. მუდამ ვიღაც უნდა ჰყოლოდა გვერდით, უნდა დახმარებოდა და მაშინ იყო ბედნიერი.
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

