,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე
– გოგოებო, ისეთი ამბავი მოხდა ჩემთან, ისეთი ამბავი! – ქოთქოთებს ლიკა.
ჯერ წესიერად არც მოგვიკითხავს. მოვიდა თუ არა, მაშინვე ეს ამოიქოთქოთა. კაფეს ღია სივრცეში ველოდებოდით მე და ნათია და ჩვენ თავადაც ჯერ მხოლოდ ერთმანეთის ტრადიციული, მექანიკური მოკითხვა მოვასწარით.
– ვაიმეე, როგორ ხარ?
– შენები როგორ არიან? ბავშვები, ქმარი, მშობლები…
აი, მოვიდა ლიკა, მოქარაშოტდა თავისებურად და აქოთქოთდა. ლიკას ქოთქოთი კი ისეთია, ტყვიამფრქვევი, ხანდახან ერთ უხეირო გასროლას თუ მოასწრებ და ეგაა,
თუმცა ისროლოს ეს თავისი ტყვიამფრქვევი, კარგად ისვრის, აი, სულ კადრებად ჩაწიკწიკებულ-დალაგებულს გვაჩვენებს ყველაფერს – ხან მხიარულს და ხან სევდიანს და თან ამ პანდემიაში ცოცხლები ვართ, ჯანმრთელად და ლიკას ქოთქოთზე რა ხმა გვაქვს ამოსაღები ან რატომ.
– მოიხსენით ერთი ეგ ნიღბები, დამანახეთ თქვენი ლამაზი სახეები, – გვეუბნება და სკამზე ებერტყება.
– სადღა მაქვს ლამაზი სახე, – ვწუწუნებ, – ისე გავსუქდი, ნიღბიდან სახე ცომივით გადმომდის, ვერ ხედავ?
– გასუქება არ თქვა, – წუწუნებს ნათიაც, – ყოველდღე სასწორზე ვდგები, იქნებ როგორმე შემრცხვეს და დიეტა დავიწყო, მაგრამ როგორც კი სასწორიდან გადმოვიდვარ, მაშინვე მავიწყდება სირცხვილიც და თავის მოჭრაც, სიმსუქნეც და კალორიებიც და მაშინვე სამზარეულოში მივფრინაც. ეგაა უკვე ჩემი ფლორენციაც, ჩემი ვენეციაც და, საერთოდ, ჩემი ტურისტული მარშრუტი.
– ერთი გრამი არ მაქვს მომატებული, – გვახარბებს ამ დროს ლიკა.
– ძაან ბოროტი ხარ, მაგას რომ ამბობ, ყველაფერი კი არ უნდა თქვა, რაც შურით გაგვხეთქავს, ხანდახან გულშიც უნდა დაიტოვო რამე, – უწყრება ნათია.
– რა ვქნა, ასეა და, – ეცინება ლიკას, – არა, ჭამაზე უარს კი არ ვამბობ, მეც გვარიანად ვმოგზაურობ სამზარეულოში, თან ისეთი სიტუაცია მაქვს, წესით ახლა უნდა მოვგორებულიყავი, უბრალოდ, ბევრს დავდივარ.
– დადიხარ არა, ის კიდევ, – მეცინება,- შენ სიარული სად შეგიძლია, შენ შეგიძლია სირბილი და ქროლვა.
– ჰო, ეგეც მართალია, – ეცინება ლიკასაც, – მოიცა, სამზარეულოზე გამახსენდა, მაგრად მშია, არადა გამოსვლისას კაი ცხელ-ცხელი ხაჭაპური ჩავიკეც-ჩავიხვიე. თქვენ რა შეუკვეთეთ?
– ჩვენ ყავა და თითო ფორთოხლის ორცხობილა, – ვეუბნებით.
– რა იყოთ, რაღა ახლა მოგინდათ დიეტობა, – ცხვირს იბზუებს ლიკა.
– შეუკვეთე მაშინ, რაც გინდა.
– მომეცით მენიუ, სადაა?
მენიუს ვაწვდით.
– აჰა, ძალიან კარგი. ვუკვეთავთ მაშინ პიცას, ხაჭაპური მე აღარ მინდა, გინდათ თქვენ?
– რაც არის, არის, – ამბობს ნათია, – დიეტაზე ხვალიდან გადავალ. მიდი, შეუკვეთე ხაჭაპურიც.
– ასე რა, ადამიანურად, – ამხნევებს ლიკა, – მოიცა, კიდევ რამე შვუკვეთოთ, არ გინდათ? მაგალითად, რამე, კრემით გატიკნული ნამცხვრები და არა ეს გაფშეკილი ორცხობილა.
– მიდი, შეუკვეთე, მეც ხვალიდან გადავალ დიეტაზე, – ფარ-ხმალს ვყრი მეც.
– და დასალევი?
– წვენი ავიღოთ, ფორთხლის, – ვთავაზობ.
– რას გადაეკიდეთ ამ ფორთოხალს. ისე, იყოს ეგეც, მაგრამ მე ალკოჰოლზე ვამბობ. ცოტა მოგვეწრუპა, რას იტყვით?
– არა, მოწრუპვაში მე ვერ აგყვებით, მანქანით ვარ, – უარობს ნათია.
– შენ? – მეკითხება.
– რავი, დავლევ ცოტას, მაგრამ შენ ადრე დასალევს ვერ გიხსენებდა კაცი, – მიკვირს.
– ეჰ, ჩემო მეგუს, ადრე ნორმალურ ჭკუაზეც ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ? – კისკისებს, – თან ისეთი ამბავია ჩემკენ, დალევა მაგრად მოუხდება. ღვინო იყოს, არაყი ამ ამბავს არ მოუხდება.
– რაც გინდათ, ის დალიეთ, მე მოგემსახურებით. წაგიყვანთ და ბინის კარზეც მიგაყუდებთ. მეტი რა ვქნა? – გვეუბნება ნათია.
– ჰოდა, იქიდან დაგხვდება ჩემი ქმარი მოყუდებული, – მეცინება, – მოიდგამს ბოკალს და წრუპავს ყოველდღე საფერავს.
– ძალიან კარგი, – ეცინება ნათიასაც, – მიეყუდეთ ერთმანეთს, წონასწორობას დაიცავთ, – იცინის ნათიაც, – მართლა, როგორაა დათა?
– აი, ეგ არ მკითხო, – ხელებს ვასავსავებ.
– რა იყო, მშვიდობა გაქვთ?
– კი, მაგრამ, – სიტუაცია ხელში ჩამივარდა და ვხსნი ზუზუნ-წუწუნის გუდას თავს, – ორივე სახლიდან ვმუშაობთ და მგონი, სულ გასული რომ იყო, მაშინ უფრო მიყვარდა. 24 საათი ნამეტანია. თქვენი ქმრებიც ასე დასხდნენ შინ, თაიგულებივით?
– არა, მე შენგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია მაქვს, – მეუბნება ნათია, – რაც პანდემია დაიწყო, კოტეს უწევს სულ გარეთ ყოფნა და მე ეგ მაწუხებს. კვირაში ერთხელაც ვერ ვნახულობ, ხან რომელ რაიონშია და ხან – რომელში. ახლა არ მითხრათ, რა იცი, რომ სამსახურის გამო დარბისო, თორემ გავგიჟდები. ეჭვიანობის თავი არ მაქვს.
– არ გაძლევს ეს ადამიანი ეჭვის საფუძველს და რატომ უნდა იეჭვიანო, რაიონებში სირბილი ყოველთვის სხვა რამეს კი არ ნიშნავს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება სახლში გეჯდეს და გღალატობდეს, – ნათიას ამშვიდებს ლიკა.
– რა გინდა ახლა, მაგ მინიშნებით რომ თქვა, ქალბატონო? – წარბს ვუწევ.
– ვაიმეე! – კისკისებს, – არა, არა, უბრალოდ ვთქვი, ზოგადად, თორემ დათაზე არც მიფიქრია. მაგას რა მაფიქრებინებს?! ისე, რა ქნას მაგ კაცმა, გასული იყო და არ მოგწონდა, ახლა იმას იძახი, სახლში რატომააო.
– დოზებს გააჩნია, გენაცვალე, დოზებს, – ვუხსნი, – ისე, იცი რა? ახლა დავფიქრდი. მგონი, იმიტომ მაქვს გარეკილი, ვეღარ ვეჭვიანობ და ადრენალინი მომაკლდა.
– და ალბათ არც მობილურშია არაფერი, – ეცინება ლიკას.
– არსად არაფერი! წამლად რომ ეძებო, ერთ საეჭვიანო სიტყვას ვერ უპოვი ვერსად, ვერც თავისას, ვერც სხვისას. არადა, როგორც ახლა ვხვდები, მომნატრებია ერთი კარგი ეჭვიანობის სცენის მოწყობა.
– გახსოვს, ერთ გოგოს რომ დაურეკე და აუფეთქე? – მეკთხება ლიკა, – შენთან რომ ვიყავი და ძლივს გაკავებდი?
– ჩემთვის არ მოგიყოლიათ ეგ ამბავი? რაღაც არ მახსენდება, – ამბობს ნათია.
– შეიძლება მოგიყევით კიდეც, მაგრამ ამას იმდენი სცენები ჰქონდა, ყველას დამახსოვრება როგორ შეიძლება, – ეუბნება ლიკა, – უბრალოდ, იმ დროს მათთან ვიყავი სტუმრად და გამორჩეულადაც იმიტომ მახსოვს.
– გოგოს შეეშალა ნომერი, – ვუყვები ნათიას, – და მისი სასიყვარულო მესიჯი მოხვდა დათასთან. ნუ, ზოგადი სასიყვარულო მესიჯი იყო, ჩემო დათუნია, მიყვარხარ, მენატრები, ერთი სული მაქვს, როდის გნახავ, ღამე მესიზმრები, შენზე ვფიქრობ…
– მესიჯი კი არა, რომანი ყოფილა, – მაწყვეტინებს ნათია.
– ჰოდა, აი, ეგ რომანი ვნახე მე, ავმა დედაკაცმა, კაპასმა და კაპარჩხანამ. ვერ ვნახავდი თუ რა? ჰოდა, ავუშვი აფრები და გავიჭერი შუა ზღავში. კი მიმტკიცებდა დათა, აზრზე არ ვარ რა ხდებაო, მაგრამ ვინ დაუჯერა, გავატარე ორთქლში და ჯოჯოხეთში და დავურეკე იმ გოგოსაც სირენებჩართულმა. ამ დროს გოგო ყოფილა თავის შეყვარებულთან ერთად, ანუ, ვისაც მისწერა სინამდვილეში მესიჯი, იმასთან ერთად. ის შეყვარებული ყოფილა ჩემზე მეტად ეჭვიანი. მე ხომ ეს გოგო ვლანძღე, ცოლიან კაცს სასიყვარულო მესიჯებს როგორ წერ-მეთქი და ა.შ. და ეს ყველაფერი გაიგო იმ ტიპმა და ახლა იქ ატყდა, მაგრამ რა ატყდა…
მოკლედ, ავურიე იმ გოგოს ყველაფერი. მგონი, სამუდამოდ დავაშორე შეყვარებულს. ჰოდა, ეს დათუნია რომ ეწერა, თურმე იმ ტიპს ეძახდა დათუნიას, მოსაფერებლად. აი, როგორც ბაჭიას რომ ეძახიან და რაღაც ეგეთ სისულელეებს. დათუნია კი არა, ნამდვილი აფთარი ყოფილა, ეს რაც მე მესმოდა იმ წუთას ტელეფონში, იმის მიხედვით ვამბობ. უჰ, ისე, რაც მე ეგეთი ამბები მაქვს… მოიცა და, – ვეუბნები უცებ ლიკას, – მე რომ ჩამოგართვი აქ სიტყვით გამოსვლის უფლება და ენად გავიკრიფე, შენკენ რა ამბავია, ასეთი, ისეთიო, რომ მოგვახარე გამარჯობის ნაცვლად?
– სად დამაცადე? – ეცინება ლიკას, – მართლა ისეთი უცნაური ამბავია ჩემკენ, სულ ახალი და ცხელ-ცხელი, ეს რომ არ მოგიყვეთ, უბრალოდ, არ შემიძლია. კი მაქვს პირობა დადებული, რომ საიდუმლოდ შევინახო, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ…
მოკლედ, კარანტინამდე ორიოდე დღით ადრე რაიონიდან ჩამოვიდა ჩემი დედამთილი თავის მეზობელ დაქალთან ერთად დასაფლავებაზე. აი, რას მორბოდა, ისე სწრაფად დამარხეს მიცვალებული, შემოვლაც ვერ მოასწრეს. ჰოდა, დარჩა მერე ჩვენთან ორივე და ისე მოხდა, რომ დარჩნენ და დარჩნენ, ახლაც ჩემთან არიან. ვატომ აღარ გაუშვა, ერთად ვიყოთო და დარჩნენ.
– ორივე?
– კი, აბა? ჩემი დედამთილის დაქალი 65 წლის მატოხელა ქალია და თბილისში არავინ ჰყავს.
– ვაიმე, უკაცრავად, შეიძლება ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ როგორ უძლებ? – ეკითხება ნათია.
– უი, გადასარევად. საქმეს მე აღარ ვაკეთებ და სადილს. ინაწილებენ ფუნქციებს, ერთი რომ სახლს ალაგებს, მეორე სადილს ამზადებს და პირიქით. თან, ისეთ კერძებს აკეთებენ, რომ სამზარეულოდან აღარ გამოვდივარ. მოკლედ, ეს ორი ქალი დასახლდა ჩვენთან. თან ისე იყვნენ წამოსულები, აი, როგორ გითხრა, ერთი ხელი, ჰა და ჰა, ორი ხელი სამოს-საცვლით. დარჩენას ხომ არ აპირებდნენ და ძალიან წუხდნენ ამაზე. ავდექი, ვუყიდე ონლაინ ყველაფერი, საცვლები, ლიფები, კოფთები… ჩემი რაღაცებიც ვაჩუქე, რაც მოერგოთ. გავახარე მოკლედ და ჭკუაზე არ არიან, ამ ახალი სამოსით დადიან სასეირნოდ ყოველდღე. ნუ, ხანდახან ცალ-ცალკეც მიდიან მარკეტში, როდის – როგორ.
ამას წინათ, მოდის ეს ციცი მარკეტიდან და რაღაც ძალიან აფორიაქებულია, ვამჩნევთ. ვეკითხებით, რა გჭირს, არაფერი, არაფერიო, იძახის. აღარ ჩავაცივდით, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამის მერე სულ მარტო უნდა გარეთ გასვლა. ჩემმა დედამთილმაც შეამჩნია. რა გამოეპარებოდა. ვეკითხებით: “ციცი, რა ხდება?” ეს ისევ იძახის: “არაფერი, არაფერი” და ამ დროს თან წითლდება, იჭრება ქალი. და ალბათ კარგა ხანს არ გვეტყოდა არაფერს, მაგრამ ერთ დღესაც კურიერმა ვარდები რომ მოიტანა და ამ ვარდებს ეწერა “ძვირფას ციცის”, რაღას დაგვიმალავდა? დაგვსვა მე და ჩემი დედამთილი, დაგვადებინა ფიცი, ვატოს არ უთხრათ, მრცხვენიაო და გამოგვიტყდა.
თურმე შესულა ჩვენი ციცი მარკეტში და რაღაცას ეკითხება კოსულტანტს, უბრალოდ ეკითხება, სხვა არაფერი. თან შეფუთულია ისე, რომ მხოლოდ თვალები უჩანს. ამ დროს ზურგსუკან ესმის ხმა, ციცი, როგორ ხარო. ეს ხმა რომ გავიგეო, არც შეტრიალება დამჭირვებია, არც დაფიქრება, მაშინვე მივხვდი, ვინ იყო, ხმით ვიცანიო. იმანაც, იმ კაცმაც, ხმით იცნო! წარმოგიდგენიათ? არადა, გასულია თითქმის ოცდაათი წელი, რაც ერთმანეთი არ უნახავთ.
ახლა ვინ იყო ეს კაცი: თავის დროზე ერთად მუშაობდნენ რაიონში და შეუყვარდათ ერთმანეთი. ამ კაცს ჰყავდა ოჯახი. ციციმ, ხომ ძალიან მიყვარდაო, მაგრამ მე არც ოჯახის დანგრევა მინდოდა და არც საყვარლობაო და უკან დავიხიეო. მერე ეს კაცი გადმოვიდა თბილისში და დაივიწყეს ერთმანეთი, თუმცა, როგორც ჩანს, უბრალოდ, ასე ეგონათ, რომ დაივიწყეს. აბა, სხვა რა ახსნა აქვს, რომ ამდენი წლის მერე, სრულიად შემთხვევით, ეს ორი ადამიანი შედის ერთსა და იმავე მარკეტში და ერთმანეთს ხმით ცნობს.
იმის მერე თურმე ხვდებიან ერთმანეთს და ჩვენს ციცის იმიტომ უნდა სულ გარეთ გასვლა, პაემანზე დაკუნკულებს თურმე.
– მოიცა, იმ კაცის ცოლი? – ვეკითხებით.
– დიდი ხანია, გარდაცვლილია თურმე, შვილი უცხოეთშია გათხოვილი და ეს კაცი მარტო ცხოვრობს. ჰოდა, ვათხოვებთ ციცის. დიდხანს კი გვებრძოლა, რას ამბობთ, სირცხვილია, რაღა დროს ჩემი გათხოვებააო, მაგრამ ცალკე იმ კაცმა არ მოასვენა და ცალკე ჩვენ – მთელმა ოჯახმა. დღეს შეაქვთ განცხადება ხელისმოწერაზე. მე და ჩემი დედამთილი ციცის მეჯვარეები ვიქნებით. ჰოდა, ძალიან მიხარია მისი ბედნიერება.
– შენ კი არა, ჩვენც გვიხარია, – ვეუბნებით მე და ნათია.
არ ვატყუებთ, ასეა. აბა, როგორ არ უნდა გაგიხარდეს იმ ქალის ბედნიერება, რომელმაც მთელი ცხოვრება ატარა ჩუმად სიყვარული, ალბათ ამის გამო სხვაზე ფიქრიც აღარ დაუშვა და როცა იმედიც აღარ ჰქონდა, როცა აღარც მოელოდა, ის მოვიდა!

