
,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე
ოთახი მოულოდნელად ხმაურით გაივსო. გარშემო ყველაფერი სადღესასწულო განწყობით გაბრწყინდა. ვიღაცამ მაგიდაზე ყვავილების თაიგული დადო და გარშემო სასმელის ბოთლები შემოუწყო. ყველაზე ხანდაზმულს შუბლიდან ოფლი ორტოტად ჩამოსდიოდა, თან სამზარეულოდან ტორტს მოარბენინებდა.
– შენ ჯერ არ ჩაგიცვამს? – მოულოდნელად თინას ვიღაც მკლავში ჩააფრინდა. მძიმეწონიანი საპატარძლო ადგილზე შეტორტმანდა, – კაბა უკვე მოიტანეს, უნდა მოემზადო, რა გჭირს, ვარცხნილობაც გასაკეთებელი გაქვს. სასიძო უკვე გზაშია.
თინა თვალებგაბრწყინებული უყურებდა საქორწინო სამზადისს და ვერ ხვდებოდა, ასე სწრაფად როგორ შეიცვალა ყველაფერი. მისი ოცნების მამაკაცი საცაა კარს შემოაღებდა, წყვილი სამარადისო სიყვარულის ფიცს დადებდა და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ.
“დიდხანს და ბედნიერად”, – იმეორებდა თინა გულში. უკვე სარკის წინ იდგა, მეგობრები თავს დასტრიალებდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ფატას უსწორებდნენ პატარძალს. თინამ კაბაზე დაიხედა, თეთრ მაქმანებში აქა-იქ მარგალიტის ბურთები ბზინავდა, თმებში კი მინდვრის ყვავილები ჰქონდა ჩაწნული. პატრძალმა მათი სურნელი იგრძნო.
რამდენ ხანს ელოდა თინა ამ დღეს, 30? 35 წელი? ლოდინი არაფერია, თუ ბოლოს მაინც გაგიმართლებს და ოცნების კაცზე გათხოვდები.
– ეს რა დაუდევრობაა! – იყვირა უცებ ვიღაცამ და თინას ფატა ქვემოდან მოქაჩა, – სალტე არასწორადაა შეკრული.
რადგან პატარძალი მეგობრებთან შედარებით ბევრად მაღალი იყო, მეჯვარე სკამზე შემოდგა და თინასკენ გადაიხარა, რომ ფატა გაესწორებინა. სწორედ ამ დროს სკამის ფეხი იატაკზე გაცურდა, გოგონამ წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ პატარძალს გადაევლო თავზე. თინამ მხოლოდ დაცემის ხმა გაიგო და სუნთქვა გაუჩერდა.
თვალები რომ გაახილა, საღამურში გამოწყობილი გულაღმა იწვა, ხელები განზე გაეშალა და ისე გამალებით სუნთქავდა, თითქოს რამდენიმე კილომეტრი ირბინა. სტუმრები გამქრალიყვნენ, აღარც საქორწინო სუფრა ჩანდა, მხოლოდ კატა იყო ოთახში, რომელსაც მაღვიძარა გადმოეგდო მაგიდიდან და ახლა მის დამტვრეულ ეკრანს გაფართოებული თვალებით დასჩერებოდა. თინამ გვერდი იცვალა და ისევ მილულა თვალები. ასე ძალიან ჩაძინება არასოდეს სდომებია, ფიქრობდა, რომ სიზმარი გაგრძელდებოდა. მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, თმაგაწეწილი, თითქმის პატარძალი, ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და აბაზანაში შევიდა.
თინა ბუღალტრი იყო. თვეში ერთხელ იძახებდნენ სამსახურში. მარტოხელა ქალისთვის კვირის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ტანსაცმელს საგანგებოდ არჩევდა და დიდხანს ტრიალებდა სარკის წინ. შინიდან გასვლის წინ კი ღელავდა, რაღაც ისეთი აწვალებდა, ფსიქოლოგები ობსესიურ-კომპულსურ დარღვევას რომ ეძახიან. თინას მეცნიერების აზრი არასოდეს აღელვებდა, მისთვის მთავარი იყო, შინიდან გასული პირველად რომელ მეზობელს დაინახავდა.
თუ უბანში სახელგანთქმული ლალა შემოხვდებოდა, კარგის მანიშნებელი იყო. “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს კარგი თვალი აქვთ, იღბლიანი დღე მექნება”, – ასე სჯეროდა თინას. მის კორპუსში ახალგადმოსული ჯონის დანახვა კი აშინებდა. სიგამხდრისგან შარვალ-კოსტიუმში ჩაკარგული მამაკაცი თინასთან პირისპირ შეხვედრისას წითლდებოდა და თავს ძირს დახრიდა ხოლმე. ბუღალტერი წარბებაწკეპილი, უსიამოვნოდ დაჭყანული ტუჩებით ჩაუვლიდა გვერდით. “დამთარსა, რატომ ქარი არ წაიღებს!” – მიაწყევლიდა ფიქრებში და ნირწამხდარი აგრძელებდა გზას.
იმ დღეს, როცა თინას საკუთარი ქორწილი ესიზმრა, ქალი ადრიანად გავიდა სახლიდან. ეს დღე სხვა მნიშვნელოვანი დღეებისგან კიდევ უფრო გამორჩეული უნდა ყოფილიყო. თინას მეგობარი დაჰპირდა, სამსახურის შემდეგ შემომიარე, შენს შესაფერის მამაკაცს გაგაცნობო. “მაღალია, ახოვანი, განათლებული – აწონებდა უცნობს მეგობარი – სწორედ ისეთი, შენ რომ შეგეფერება…”
..
თინას მდიდარი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. რამდენიმე სიტყვაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოცნებებში გამოეძერწა, თუ როგორი იქნებოდა მეგობრის მიერ შერჩეული კანდიდატურა. გარეგნობას თინასთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ქალი იყო თავად და ქმარიც წონიანი უნდა ჰყოლოდა.
პაემნის წინა ღამეს ისე გაუტკბა ოცნება, ლამის ჯერარნახულ მამაკაცზე გათხოვდა. აბეზარმა კატამ დაუფრთხო სიზმრები, თორემ ჯვრისწერასაც მოასწრებდა…
“დღეს ყველაფერი შეიცვლება, გული მიგრძნობს”, – კარიდან თავი გაყო ბუღალტერმა და სადარბაზო მოათვალიერა. ჯონი არ ჩანდა. თინამ ფრთხილად გამოხურა კარი და კმაყოფილი სახით, მაგრამ ფრთხილი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები გასასვლელამდე.
– გამარჯობა, თინა! – ზურგიდან მიაძახა ვიღაცამ.
ქალი შეტრიალდა, ეს ლალა იყო, ღამის სტუმარს აცილებდა. კარგია, ლალას ნახვას ყოველთვის იღბალი მოაქვს”, – ფერუმარილით გაბზინებული ლამაზი სახე გადაებადრა თინას.
ბუღალტერი მუშაობის პროცესმა კიდევ უფრო დააიმედა. ხარჯთაღრიცხვის ფურცლებზე რიცხვები თავისით ლაგდებოდა. ყველა შესაკრების ჯამში წყვილი რიცხვი დაჯდა. “ბედი დიმიტრისთან მაწყვილებს (დიმიტრი მისი ჯერაც უცნობი კავალერი იყო)”, – იღიმებოდა თინა, რომელიც ერთი პერიოდი ნუმეროლოგიითაც იყო გატაცებული. ცოდნა კი ძალაა და ამ ძალით ფრთაშესხმული თინათინი სამუშაოს დამთავრების შემდეგ პირდაპირ მეგობრის სანახავად გაემართა. დიმიტრი, წესით, უკვე იქ უნდა ყოფილიყო.
კაბის საყელო და ტუჩსაცხი რამდენჯერმე შეისწორა, სანამ ზარის ღილაკს დააჭერდა თითს. თინას მეგობარი მხიარული სახით გამოეგება და გადაჭარბებული გრაციოზულობით შეუძღვა მისაღებ ოთახში.
თინას ოთახში არაფერი დაუნახავს, მხოლოდ სავარძელი, რომელზეც კოპებშეკრული მამაკაცი იჯდა.
– გამარჯობა, – ჩაილაპარაკა ისე ხმადაბლა, როგორც მისმა მეზობელმა ჯონიმ იცოდა ხოლმე და მაგიდასთან უხერხულად ჩამოჯდა.
სკამი გაჭრიალდა, გვერდით გადაიხარა, თუმცა ქალმა თავის შეკავება შეძლო, რომ იატაკზე არ გადავარდნილიყო.
– თქვენ ისაუბრეთ, მე მაღაზიაში ჩავალ და მალე დავბრუნდები, – მასპინძელი ოთახიდან თვალის დახამხამებაში გაქრა. თინამ სევდიანი მზერა კარს მიაპყრო და ამოიოხრა.
– გინდა, დავლიოთ? – შეკრული მუშტები გაშალა დიმიტრიმ და ფეხზე წამოიმართა.
თინამ შემკრთალი მზერა მოავლო მაგიდას. კონიაკის ბოთლის მეტი ვერაფერი დაინახა.
– მადლობა, არ ვსვამ.
– მე ვსვამ, – დიმიტრიმ უშველებელი ტორებით ბოთლს ხელი წამოავლო და კონიაკი ჩამოასხა.
მეორე ჭიქის დალევის შემდეგ თინას “კავალერი” უფრო დაძაბული ეჩვენა.
– ცოლს ორი წლის წინ გავეყარე, – ცოტა ენას უკიდებდა დიმიტრი, – მიღალატა.
– სამწუხაროა, – გულგრილი თანაგრძნობით ამოთქვა ბუღალტერმა.
– მაგრამ მიყვარს, ვერასოდეს დავივიწყებ.
აქ თინას ფერი ეცვალა.
– ამას მე რატომ მეუბნებით? – ბუღალტერს ნუმეროლოგიის ჭეშმარიტებაში პირველად შეეპარა ეჭვი. საქმეს ისეთი პირი უჩნდა, “დაწყვილებას” ვერც ლალას თვალების თილისმა უშველიდა.
– რატომ? – დიმიტრიმ ბუღალტერი შეათვალიერა, – ეშხიანი ქალი ხარ, ცოლად მოგიყვან. ჩემი ყოფილი მეუღლე მშვიდად იქნება, რომ პატრონი მყავს, – აქ ახოვანმა პაუზა გააკეთა და სივრცეში მეოცნებე თვალებით გაიხედა, – დარდობს, მარტო რომ დამტოვა.
– მართლა?
– კი, – ალალად გაიღიმა მამაკაცმა და უშველებელი კბილები გამოაჩინა, – კეთილია, ყოველთვის ასეთი იყო.
– საყვარელი, – ღია ცისფერი თვალები მოჭუტა ქალმა. კონიაკს დაავლო ხელი და ჭიქაში ჩამოისხა.
დიმიტრიმ სახიდან ღიმილი მოიშორა, კოპები შეკრა გულმოსულმა.
– აკი, არ ვსვამო? ტყუილს არ გაპატიებ, იცოდე.
– მაგას უკვე მივხვდი, მკაცრი ხარ, – გაიცინა ვერშემდგარმა პატარძალმა და ფრთხილად წამოდგა დამტვრეული სკამიდან.
..
კოლმეურნის მოედნიდან აბანოთუბნამდე შორი გზა არ იყო. თინას ფეხით მოუნდა გასეირნება. ქვაფენილზე საკუთარი გაწელილი, ეული ჩრდილი დაინახა და ის სიტყვა გაახსენდა, მთელი დღე თავში რომ უტრიალებდა – “დაწყვილება”. გაეცინა. აღარ ბრაზობდა დიმიტრიზე, არც მეგობარზე, არც საკუთარ ბედზე. პირიქით, უხაროდა, რომ ის კაცი, რომელიც მეგობრის სახლში დატოვა, მისი ქმარი არ იყო და არც არასოდეს გახდებოდა.
გრძელი დღის შემდეგ ბუღალტერი სახლში დაღლილი მივიდა. ლალა ისევ გარეთ იდგა და ვიღაც უცნობს ეკამათებოდა. თინამ თვალი აარიდა საკუთარ “თილისმას” და მხრებჩამოყრილი სადარბაზოში შევიდა. კიბეები მძიმე ნაბიჯებით აიარა და, სანამ კარს გააღებდა, სადარბაზოში ჯონი დაინახა.
– ვიცი, ჩემი დანახვა არ გსიამოვნებს, არც ხარ ვალდებული, – ჯონი აღელვებული იყო, – მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ვინერვიულე.
– რას გულისხმობ? – თინას ერთი სული ჰქონდა, სახლში შესულიყო, მაგრამ თავს ამის უფლება ვერ მისცა.
– ვიცი, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სახლში ყოველთვის შვიდ საათამდე ბრუნდები, ახლა კი… – ჯონიმ უხერხულად დახედა საათს, – ათია უკვე.
– ახლა თავი უნდა ვიმართლო?
– არა, არა, – პიჯაკის გრძელი სახე-ლოები ლამის თითებს უფარავდა მამაკაცს, – უბრალოდ, მინდოდა, გამეგო, რომ კარგად ხარ.
თინამ ჩანთიდან გასაღები ამოიღო, საკეტს მოარგო, გადაატრიალა და როცა სახელური ჩამოსწია, ჯონი, მხრებჩამოყრილი, თავისი კარისკენ შებრუნდა. თინა შინ შევიდა და კარი ზურგსუკან მიიხურა, ჯონი კი ერთხანს გაუნძრევლად იდგა.
– პაემანზე ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, – მოულოდნელად სადარბაზოში ისევ თინა გამოჩნდა და მეზობელს შეხედა, – მხიარული ამბავია, თუ გინდა, მოგიყვები.
თინას გვერდით მოკალათებული ჯონი სასაცილო დასანახი იყო. ზორბა ქალი და ჩია მამაკაცი. სტუმარ-მასპინძელი მაგიდის გარშემო ისხდნენ, საუბრობდნენ და ჩაის მიირთმევდნენ.
თავიდან ქალი აქტიურობდა, ამბავს ყვებოდა, ხმამაღლა და ცოტა ნერვულად იცინოდა. ჯონი მშვიდი იყო, თავშეკავებული და უფრო თავაზიანი, ვიდრე თინას ყველა ოცნების მამაკაცი ერთად.
– მე კი ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული დღე იყო, – ბოლოს თინას ხმაში მაინც სინანული გამოერია.
ჯონიმ კედლის საათს გახედა.
– დღე ჯერ არ დამთავრებულა.
ქალმა მის მზერას გააყოლა თვალი. საათის ისრები 11-ს აჩვენებდა.
“ერთს პლიუს ერთი ორია, ისევ დაწყვილება”, – გაიფიქრა ქალმა და უნებურად ჯონისკენ შეტრიალდა.
თინა შეკრთა, დაიმორცხვა. მეზობელი ისეთი სუსტი აღარ ეჩვენა, როგორიც ადრე, აღარც მისი ყელში განასკვული ჰალუსტუხი იყო ძველებურად სასაცილო. ჯონი საოცარი სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა ქალს და ამ მზერამ იმ წამს ყველაფერი გადაფარა.
ორი თვის შემდეგ, როცა ნამდვილი საქორწილო სამზადისი დაიწყო და ნეფეც ყვავილების თაიგულით ეახლა პატარძალს, თინამ ბედნიერი ღიმილით შეავლო თვალი საქმროს. “ნეტა რამ შემაყვარა ეს ჩია კაცი?” – ჰკითხა საკუთარ თავს და ჯონისკენ დაიხარა საკოცნელად.

