,,სარკე”, ია ქუთათელაძე
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობმა, დარეჯან ხარშილაძემ, მრავალფეროვანი და საინტერესო სახეები შექმნა როგორც თეატრში, ასევე მხატვრულ კინოში.
იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში. ალბათ ბოლომდე იქ დარჩებოდა, რომ არა რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რომლის სანახავად გადაჭედილ დარბაზში შესვლა ძლივს მოახერხა. დიდხანს ვერ გამოვიდა შთაბეჭდილებებიდან. მონუსხული იყო გენიალური რეჟისორის მართლაც დიდებული სპექტაკლით და დაუსრულებლად იმეორებდა, რომ ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ რუსთაველის თეატრის მსახიობი გამხდარიყო. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და შემდეგ დიდი რეჟისორის მიერ დადგმულ არაერთ სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა.
მსახიობი დარეჯან ხარშილაძე ,,სარკეს” ესაუბრა.
– თქვენ მიერ შესრულებული როლებიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილება, რომ ძალიან მტკიცე ხასიათის, მებრძოლი ქალი ხართ. ალბათ ეს ხასიათი დაგეხმარათ პანდემიის დროს სირთულეების გადატანაში.
– როგორი ძლიერიც უნდა იყო, მაინც შეგეპარება უიმედობა, როცა უყურებ, რამდენი საშინელება მოიტანა კოვიდმა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბევრი სხვა რამეც გვაქვს სადარდებელი და მათ შორის ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო. ასეთი დაპირისპირება და სიჯიუტე კარგს არაფერს მოგვიტანს. თითქოს მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ 30 წელია და წინ ვერ წავიწიეთ. არ ვიცი, ჩვენ ვერ ვიქცევით გონივრულად, თუ ისინი, ვინც სათავეში არიან. ფაქტი ერთია, სულ უფრო მძიმდება ჩვენი ცხოვრება.
სრულიად წარმოუდგენელია ლანძღვის ისეთი ნიაღვარი, რაც ურთიერთობის ჩვეული ფორმა გახდა. თითქოს ყველაფრის უფლება მოიპოვეს, გათავისუფლდნენ ჩარჩოებისგან და თავისუფლებას და დემოკრატიას უზნეო ისტერიკის ფორმებით გამოხატავენ. ამას უყურებს და, უფრო უარესი, ამაში ჩართულია მომავალი თაობა, რაც დამღუპველად მიმაჩნია. მე არ მამშვიდებს ის, რომ სხვა ქვეყნებშიც ქაოსია, იქაც არის დაპირისპირება და შუღლი. მე ჩემი ქვეყანა მტკივა, მინდა, რომ აქ პოლიტიკოსები იყვნენ წესიერი ადამიანები და პოლიტიკა არ ითვლებოდეს ბინძურ საქმიანობად…
– თქვენ ითამაშეთ ნათელა მაჭავარიანის როლი ფილმში ,,მძევლები”…
-ძალიან ძნელი იყო ქალბატონ ნათელა მაჭავარიანის (“თვითმფრინავის ბიჭის” – გეგა კობახიძის დედა, ავტ.) როლის შესრულება ფილმში “მძევლები”. მე ვიცნობ და უდიდეს პატივს ვცემ ქალბატონ ნათელას, როგორც კოლეგას და როგორც უკეთილშობილეს ადამიანს, რომელსაც ცხოვრებამ უდიდესი ტკივილი არგუნა. დიდხანს არ ვთანხმდებოდი ამ როლზე. შეუძლებელია, სრულად გადმოსცე დედის ემოცია ცრემლების გარეშე, ახლაც მიჭირს ამის გახსენება.
– გადაღებები კინოში, როლები თეატრში, გასტროლები… ასეთი დატვირთვიდან გამომდინარე, ალბათ ძნელია ოჯახის დიასახლისის, დედის რეალური როლის შესრულება. გეხმარებოდათ ვინმე?
– ჩემს შვილს ყოველთვის ჰყავდა ძალიან საიმედო და ყურადღებიანი პატრონი ჩემი მეუღლის სახით. თენგო დოდელია რუსთაველის თეატრში მუშაობს, სცენის გამნათებელია. ჩვენ ერთმანეთი ფილმის გადაღებაზე გავიცანით. საკმაოდ გონივრულ ასაკში შევქმენით ოჯახი და ერთი ვაჟი შეგვეძინა – ლუკა.
თენგომ კარგად იცის ჩემი პროფესიის ავ-კარგი და ყოველთვის ხელს მიწყობდა. როცა გასტროლებზე მივდიოდი, ლუკა მამასთან რჩებოდა და მე მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვი დამხვდებოდა მოვლილი, ნაკვები, დაბანილი. ნამდვილად ძალიან გამიმართლა, ჩემი მეორე ნახევარი შესანიშნავი ადამიანია, საუკეთესო მეუღლე და მამა.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

