,,ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა” – ელდარ შენგელაიას სიყვარული და ტრაგედია

,,ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა" - ელდარ შენგელაიას სიყვარული და ტრაგედია,,სარკე”, ია ქუთათელაძე

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას მეუღლე, ქალბატონი ნელი:

– ელდარი შესანიშნავი ადამიანია, იუმორით სავსე, თბილი, დამთმობი, მოსიყვარულე. ადრე ცოტა უფრო მკაცრი იყო, ახლა სრულიად დარბილდა. აბსოლუტურად თავისუფალია ბოროტი, ქვენა აზრებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან.

ხომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი გაწყენინებს, ისე მოიქცევა, რომ მისალმების სურვილსაც დაგიკარგავს. ელდარს ეს არ შეუძლია, როგორც უნდა მოექცეს ვინმე, მაინც გაუღიმებს, მიესალმება, მოიკითხავს. ყველაფერზე მაღლა დგას. იქ, სადაც ის არის, ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

მთელი ცხოვრება უანგაროდ იშრომა, ქონება არ მოუგროვებია, აგარაკიც კი არ გვაქვს. ზაფხულობით ძალიან გვიჭირს, ცოტა ხნით ქალაქს რომ გავერიდოთ, ისეთი ადგილი არ გვაქვს. როცა ვეუბნები, რატომ არ იზრუნე ამ ყველაფერზე-მეთქი, მეუბნება, რა ვიცი, მაგაში ვერ ვივარგეო. არადა თავდაუზოგავად შრომობდა, ფილმებს იღებდა, კინოსტუდიაზე ზრუნავდა.

-ალბათ სულ გასული იყო სახლიდან, ოჯახიდან. არ განიცდიდით მის ნაკლებობას?

ნელი: როგორ არა? ვხუმრობდი, რომ იმდენ დროს ხარჯავდა საქმეზე, ჩვენი შვილი 3 წლის იყო, როცა გააცნობიერა, ეს მუდმივად გარეთ მყოფი კაცი მამამისი, ელდარი იყო. ოჯახის პრობლემები ჩემი მოსაგვარებელი იყო. ხელს ვუწყობდი, უზომოდ ნიჭიერ შემოქმედს ოჯახის საქმეებში დრო არ უნდა დაეკარგა.

მე არც წიგნებს ვწერდი და არც დისერტაციას, ამიტომ ოჯახის გაძღოლა ჩემი ფუნქცია იყო. ამ ბოლო დროს მისი პროდიუსერიც გავხდი და ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებ. ფულს რაც შეეხება, ელდარი ამაში დიდად გარკვეული არ არის, ამიტომ ფინანსური საკითხებიც მე მეხება.

– თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში დარწმუნდით, რომ “სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი”? ანუ საითაც უნდა მიბრუნებულიყავით, მაინც ერთმანეთს უყურებდით?

-ნამდვილად ასეა. სულ ვერტიკალურია, საითაც უნდა შებრუნდეს, რა კუთხიდანაც უნდა დაინახო, ყოველთვის სიყვარულია. ერთად ცხოვრების დაწყებისას მჩქეფარეა, მზის სხივებს ისვრის, განათებული ხარ შიგნიდან და გარედან, მერე ღვინდები, წყნარდები, ურთიერთობა ტკბება, ტემპი იცვლება, საზრუნავი გემატება.

ელდარი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, რა თქმა უნდა, ლამაზი ქალების მხრიდანაც. მე ვიყავი ეჭვიანი, უყვარდა ცოტა ფლირტი, მაგრამ ჩვენი ოჯახი მტკიცე იყო, არც ერთს გვქონია დანგრევის სურვილი და სერიოზული მიზეზი.

ელდარს ჩემთან ცხოვრება რომ არ სდომებოდა, არც ჩემი ეჭვიანობა შეაჩერებდა და არც ხვეწნა-მუდარა. იგი ყოველთვის იყო კარგი მამა და მეუღლე. ზოგჯერ გვქონდა შეხლა-შემოხლა, ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ერთი მთელი ვართ.

,,სარკე”