,,თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებულად აგრესიულები მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ არიან და ფიზიკურად უსწორდებიან. თავს დაესხნენ “პალიტრანიუსსაც“, რომლის ოპერატორსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს სახის არეში, ცხვირი აქვს გატეხილი და დაზიანებული აქვს თვალი.
,,ნიუსრუმი“ რომა ტარუღიშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რატომ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
-არ ვიცი, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ერთი ვიცი, რომ მე ვიღებდი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. რომ დავინახე, რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ, გამოვიქეცი და მაგის მერე უკვე აღარ დამინახავს, რომელმა მომარტყა და რა ჩამარტყეს. თავს რამდენიმე ადამიანი დამესხა. ცხვირი მაქვს გატეხილი, სახის ძვლები დამიზიანდა და თვალი, – აღნიშნა რომა ტარუღაშვილმა.
უმძიმესად დაშავდა ,,ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც 30-მდე ადამიანმა შუაში მოიქცია და წიხლები დაუშინეს.
,,ოპერატორი გადაკიდეს მოაჯირზე, კამერა დაამსხვრიეს და ფეხები შედგნენ” – ამბობს ,,ტვ პირველის” ჟურნალისტი.
-ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა. აგრესიულები არიან ყველა არხის ჟურნალისტის მიმართ. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია დავტოვოთ. რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული. დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, – ამბობს “რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.
-უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა – ზურა მანაგაძე, _ ამბოვს ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი.
ასევე დაშავებულები არიან ტელეკომანია,,მთავარის” წარმომადგენლები, დამტვრეულია მათი ტექნიკა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია ,,ფორმულას” წარმომადგენლებსაც. სასტიკად გაუსწორდნენ ,,ფორმულას” ოპერატორს, რატი წვერავას.

