ანზორ ერქომაიშვილი: ,,დიდი შეურაცხყოფები გადამიტანია, მაგრამ მივბობღავდი კიბეზე”

ანზორ ერქომაიშვილი: ,,დიდი შეურაცხყოფები გადამიტანია, მაგრამ მივბობღავდი კიბეზე",,ჩვეულებრივ სიმღერის მასწავლებლად რომ დავრჩენილიყავი, ბევრად იოლი იქნებოდა ჩემი საქმის კეთება. მაგრამ მერე გამიჩნდა პრეტენზია, რომ სიმღერები უნდა მოვიძიო; მერე გამიჩნდა პრეტენზია, რომ ეს სიმღერები ბავშვებს უნდა ვასწავლო; მერე გამიჩნდა პრეტენზია, რომ უცხოეთის არქივებში უნდა მოვიძიო ქართული ხალხური სიმღერების ძველი ჩანაწერები; მერე გამიჩნდა პრეტენზია, რომ დიდი არქივი უნდა მოვაგროვო, რომ მთელ საქართველოს მოეფინოს ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი – ეს ჩემი აზრები იყო – ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთო, სიმღერა უნდა გადავარჩინო…

და რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავდიოდი, მით მეტი წინააღმდეგობა მხვდებოდა. ნუ გგონიათ, რომ ყველას უხაროდა, რასაც ვაკეთებდი. რამდენი კრიტიკა, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი სირთულე გავიარე. დიდი, ძალიან დიდი შეურაცხყოფები გადამიტანია, მაგრამ მაინც მივდიოდი იმ კიბეზე, მივბობღავდი, რომ როგორმე იქ ავსულიყავი, ზევით, გადასახედზე, საიდანაც ჩანდა, ამ გზის განმავლობაში რა გავაკეთე – და ჩემი თავისთვის მეთქვა: დადებითად ვაფასებ ჩემს საქმიანობას თუ უარყოფითად.

ბოლოს მაინც დადებითი მგონია. მაგრამ ასე ვიარე, ამ წინააღმდეგობებით, რომლებსაც ვძლევდი ჩემი პოლიტიკით, ჩემი შრომისმოყვარეობით. რაც შემეძლო, ყველაფრით ვიბრძოდი და ბოლოს და ბოლოს წინააღმდეგობები დავძლიე. როგორ დავძლიე, ეს სხვა საქმეა. სიმღერა რომ უკვდავი გახადო, ძალიან ბევრი ენერგია გჭირდება, ძალიან ბევრი შრომა, ბევრი დაკვირვება, დიდი დიპლომატია…” – ანზორ ერქომაიშვილი.

ქართული ფოლკლორის ექვთიმე თაყაიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. ერთი ვაჟიშვილი დარჩა – დავით ერქომაიშვილი. ბატონი ანზორის მეუღლე მუსიკათმცოდნე ლალი სეთურიძე გახლავთ. ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდაზე დაკრძალეს.