ანი ტყებუჩავა: ,,ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება”

ანი ტყებუჩავა: ,,ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და დრამატული ეპიზოდებით დატვირთული სეზონი ორი წლის წინ იყო, როცა ნინას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მისმა დაქალმა, ქეთიმ რომანი გააბა ექიმთან და ქმარს, ზაზას უღალატა. ამ რომანმა სოციალური ქსელები  აალაპარაკა და ქეთის კი არა, ლამის მისი როლის შემსრულებელსაც აკრიტიკებდნენ.

– ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციამ ძალიან გამაკვირვა, _ უთხრა მაშინ ,,სარკეს” ნინას როლის შემსრულებელმა, ანი ტყებუჩავამ, _ განსაკუთრებით, როცა ქალები გამოირჩევიან ინიციატივით, რომ აჩიკო ექიმს თავი გაუხეთქონ, ქეთის ღალატი არ აპატიონ და ასე შემდეგ.

ჩვენ, ადამიანები, იმიტომ მოვედით ცხოვრებაში, რომ უკეთესები გავხდეთ ჩვენს შეცდომებზე სწავლით. ღალატის მომხრე ცალსახად არავინ არის, მაგრამ ადამიანის გამეტება არ შეიძლება. მე ყოველთვის შეცდომების მიტევების მომხრე ვარ.

ქეთისგან ღალატს მოველოდი, რადგან ქალი, რომელიც ოჯახში დიდი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ხშირად ასეთ შედეგამდე მიდის. მინდა, ზაზაში ბევრი რამ შეიცვალოს და ზაზა შერიგდნენ, მაგრამ სულ სხვა ადამიანები გახდნენ. თუ შერიგდნენ და ისევ ძველებურად გააგრძელეს ცხოვრება, აზრი არ აქვს.

– თქვენ თვლით, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება?

– კი, ღალატის პატიება შეიძლება. მნიშვნელოვანია ის, რატომ მოხდა ეს ღალატი.

– ამ როლისთვის თმა გადაიპარსეთ. როგორ შეხვდა ქმარი, ოჯახი ამას?

_ჩემმა მეუღლემაც გადაწყვიტა თმის გადაპარსვა. ლევანის ნაბიჯმა კიდევ უფრო გაგვიმარტივა, ოჯახში იოლად გადაგვეტანა ჩემი თმის გადაპარსვა. ის ყოველთვის გვერდში მიდგას. მას მუდამ სჯერა ჩემი და მამხნევებს.