,,სარკე”
ავლიპ ზურაბაშვილი თავის პაციენტებს ძალიან უყვარდათ. მას პაპა ავლიპს ეძახდნენ და მოუთმენლად ელოდნენ, პაპა შემოვლას როდის დაიწყებდა. მათ პირდაპირ არასდროს ეკითხებოდა, რა აწუხებდათ. ჯერ პირად საკითხებზე გაუბამდა საუბარს და ასე შედიოდა კონტაქტში. შემდეგ გადავიდოდა ვითომ უმნიშვნელოზე – ავადმყოფობაზე.
ცნობილ ფსიქიატრზე ანეკდოტებს ყვებოდნენ. მასზე შეთხზულ აბებზე თურმე თავადაც ბევრს ხალისობდა.
ერთხელ პაპა ავლიპს კაბინეტში ფსიქიკური ავადმყოფების ჯგუფი შევარდნია, კარი შიგნიდან ჩაუკეტავთ და დამუქრებიან – ახლა ვერსად წაგვიხვალ, ფანჯრიდან უნდა გადაგაგდოთო. ექიმი არ დაბნეულა და მათთვის უთქვამს, რას ამბობთ, ბიჭებო, მეხუთე სართულის ფანჯრიდან ჩემს გადაგდებას რა უნდა, თუ მაგრები ხართ, წამოდით და მეხუთე სართულზე ქვემოდან ამომაგდეთო. ავადმყოფებს იდეა მოსწონებიათ და ოთახის კარი მაშინვე გაუღიათ.
ერთმა პაციენტმა შესჩივლა, მთელი ღამე არ მძინავს, რადგან მატარებელი მიმყავს თბილისიდან ხაშურამდეო. ექიმმა დაამშვიდა, ნუ ნერვიულობ, დაიძინე, შენ მაგივრად მატარებელს მე წავიყვანო. პაციენტი დამშვიდდა და უკეთესადაც გახდა.
ამის მერე მასთან მეორე პაციენტიც მივიდა – ღამე არც მე მძინავს, რადგან სამი საათიდან ექვსამდე თვითმფრინავით მოსკოვისკენ მივფრინავო. პაპა ავლიპმა ეს პაციენტიც დაამშვიდა, დღეს არ მცალია, მატარებელი მყავს წასაყვანი ხაშურში და ხვალ შენ მაგივრად მოსკოვში აუცილებლად გავფრინდებიო.
მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე მაყურებელს ერთ ამბავს უყვებოდა:
ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:
– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?
– რა ვიცი, აბა… ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო. გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ “პროფილით” მოხვდა სტაციონარში).
– რაო, რა უნდათ?
– მეც კაცი ვარ, ადამიანი… განა ამდენი შემიძლია? ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან… აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის… ხვალ საღამოს კიდევ ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან… შემიძლია მე ამდენი?!
ავლიპმა ცოტა ხანში “გამოსავალი იპოვა”.
– კარგი… შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ… შეგენაცვლები, გაიგე შენა?
– აგაშენა ღმერთმა! – გაიხარა პაციენტმა.

