ლევან მამალაძე: ,,ჩემი შვილების თვალწინ ლოგინებს ატრიალებდნენ… მასწავლებელმა გვკითხა, რა სჭირთ თქვენს შვილებსო”

ლევან მამალაძე: ,,ჩემი შვილების თვალწინ ლოგინებს ატრიალებდნენ... მასწავლებელმა გვკითხა, რა სჭირთ თქვენს შვილებსო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ლევან მამალაძე 18 წელია, ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია. ედუარდ შევარდნაძის რჩეული გუბერნატორი ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლისთანავე საქართველოდან გაიქცა, რადგან, როგორც ამბობს, მიხეილ სააკაშვილს მასთან პირადი მტრობა აკავშირებდა.

სააკაშვილის ხელისუფლებამ ის ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების მუხლით გაასამართლა, მაგრამ ციხეში ვერ ჩასვეს, რადგან ქვეყანა დატოვებული ჰქონდა. ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ – უკრაინაში, ახლა ამერიკაშია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში ექსპერტად მუშაობს კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. ასევე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელია.

-ბავშვები რომ ჩამოვიდნენ და უკრაინულ სკოლაში წავიყვანეთ პირველად, მასწავლებელმა გამოგვიძახა და გვკითხა, რა სჭირთ თქვენს შვილებსო. მასწავლებელს დაუვალებია, დახატეთ, როგორ გაატარეთ ზაფხულიო და დაუხატავთ ხელებაწეული, ავტომატიანი ხალხი, რადგან ყოველდღე ჩხრეკა იყო ჩვენს სახლში.

იცოდნენ, წასული ვიყავი, მაგრამ მაინც მიდიოდნენ დედაჩემთან სახლში და ბავშვების თანდასწრებით ლოგინებს ატრიალებდნენ, სად არისო. 2 წლის ლეგამ ასე მითხრა, სააკაშვილმა სათამაშოები წამართვაო.

იმდენი გავაკეთეთ, რომ ბავშვებმა საერთოდ დაივიწყეს ის პერიოდი. ჩემმა მეუღლემ ქართულ ცეკვაზე და სიმღერაზე ატარა. ცეკვავენ, ქართული ენა იციან და ქართულ ფოლკლორში საქართველოში გაზრდილ ბავშვებს არ ჩამოუვარდებიან.

ჩემი გოგონა, ანა-მარია, მალე ადვოკატის ლიცენზიას აიღებს. ნიკა საერთაშორისო არბიტრაჟის კუთხით სწავლობს, უმცროსი კი – ტურიზმისა და სასტუმროს საკითხებს. მიუხედავად ყველაფრისა, სამშობლო მათთვის საოცნებოდ რჩება. სოციალური ქსელით ბევრ რამეს ნახულობენ, ეცნობიან. უსამართლოდ რომ ხარ დევნილი და ამდენი ხანია კანონიერებას ვერ მიაღწიე, ეს მიკლავს გულს!, _ უთხრა ,,სარკეს” ლევან მამალაძემ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”