მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრა.
– ახალ სახლში გადახვედით. როგორია მარტო ცხოვრება და როგორ ახერხებთ მსახიობის არცთუ დიდი შემოსავლის განაწილებას?
– 2 წლის წინ მშობლებმა ჩემთვის იყიდეს ბინა თბილისში, ჩემს საყვარელ აღმაშენებელზე, გამირემონტეს და მაჩუქეს. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახლში შენ ხარ დიასახლისი.
ძალიან მოწესრიგებული და გეგმაზომიერი ვარ, ჩემს ფინანსებს ისე ვანაწილებ, ყველაფერში მყოფნის. დედაჩემს კი უკვირს, როგორ ვახერხებ, ხელფასიდან ხელფასამდე მეყოს. ვგიჟდები სიურპრიზებზე და დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ჩემების გახარება მიყვარს. ბევრჯერ ღამე გამიკეთებია ნამცხვარი, ტკბილეული და დილით ჩემი ოჯახის წევრებისთვის დაბადების დღე ასე მიმილოცია.
– როგორი ქალია ახლა თამუნა, ზრდასრულ ასაკში, განვლილი სიხარულებისა და თუნდაც გულისტკენების შემდეგ?
– ვარ ძალიან რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური ნატურა, მაგრამ შემიძლია ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის. გულისტკენის გარეშე გზას ვერ გაივლი. განსაკუთრებით ძნელია, როცა ადამიანები, რომლებიც გიყვარს, შენთვის მიუღებელ საქციელს ჩაიდენენ. ეს ტრაგედიაა, მაგრამ რას იზამ, მათ უნდა შეელიო და ცხოვრება გააგრძელო. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, იმ სირთულეებისთვის, რაც შემხვდა, რადგან უფრო გავძლიერდი და მადლობა იმ ბედნიერი დღეებისთვის, რაც მომივლინა.
ბებია ძალიან ეკლესიური მყავდა და მეც ვცდილობ, ქრისტიანულად ვიცხოვრო. ადრე უფრო ხშირად დავდიოდი ტაძარში, ვმარხულობდი და ვეზიარებოდი, ახლა – უფრო იშვიათად. საერთოდ მარტო მიყვარს ტაძარში მისვლა, როცა ხალხმრავლობა არ არის.
წელს, აღდგომას ვერ წავედი ეკლესიაში, სამაგიეროდ, 12 საათზე ჩემს პატარა დისშვილთან ერთად ანთებული სანთლებით, უგემრიელესი სააღდგომო პასკით, კვერცხებით გამოვედით აივანზე და ქრისტეს აღდგომას გალობით შევხვდით. ისეთი ხმით ვმღეროდით, თურმე მთელს კორპუსს ესმოდა.
– პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?
– ეს არის ერთადერთი თემა, რაზეც არ ვლაპარაკობ. რაც იყო, წარსულში დარჩა, რაც იქნება მომავალში, ამას დრო მიჩვენებს.
– თავს როგორ უვლის ყველაფერში მოწესრიგებული თამუნა ნიკოლაძე?
– ჩემს გარეგნობაში ცვლილებები არასდროს შემიტანია. კოსმეტიკური პროცედურები, რაც სახის გადაჭიმვას, ბოტოქსებს და სხვა რამეებს აერთიანებს, ჩემთვის უცხოა. ძალიან მიყვარს წესრიგი, ვუვლი ფრჩხილებს და წლებია, მყავს სტილისტი, რომელიც მეხმარება სხვადასხვა ვარცხნილობის შერჩევაში.
– გვითხარით ერთი მთავარი თვისება, რაც აქვს თამუნა ნიკოლაძეს.
– ერთგულება.
ია ქუთათელაძე, სარკე

