ჟურნალ “სარკის” კომერციული დირექტორი ვაჟა შენგელია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ჟურნალის დაფუძნების დღიდან ვაჟა შენგელია მისი საქმიანობის უცვლელი მონაწილე იყო. დიდია მისი წვლილი იმ წარმატებასა და აღიარებაში, რომელიც ჟურნალმა წლების განმავლობაში მოიპოვა. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ვაჟას უშრეტი ოპტიმიზმი და წარმატების რწმენა ეხმარებოდა “სარკეს” ყველა იმ სირთულის გადაჭრაში, რომლებიც მის გზაზე სხვადასხვა დროს წარმოიქმნებოდა.
მძიმე ავადმყოფობის დროსაც მას არ სტოვებდა სიცოცხლის წყურვილი. ბოლო წუთებამდე ვაჟა მხარში ედგა საყვარელ ოჯახს და საქმეს, რომელთაც ის გულწრფელად და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიხალასით ემსახურა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ვაჟა შენგელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი ოჯახის, ქართული საზოგადოებისა და ქართული მედიისთვის.
