გურჯაანელი ცისნამი საყვარლიშვილი 11 წლის წინ ემიგრანტი გახდა. ჯერ იტალიაში წავიდა, მერე – ამერიკაში, სადაც ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა და მისი ცხოვრება კონკიას ზღაპარს დაემსგავსა.
– როგორ მოხვდით ამერიკაში?
– ამერიკა მუდამ ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. იტალიაც ძალიან მიყვარს. დანტეს ძეგლთან ვჯდებოდი და “ღვთაებრივ კომედიას” ვკითხულობდი. სულიერი საზრდო მქონდა იმ ქვეყანაში, მაგრამ მაინც შეველიე და ამერიკაში წამოვედი. იტალიის უნივერსიტეტმა 6 თვე დამიფინანსა აქ სასწავლო პროგრამა. მერე სწავლა შევაჩერე და მუშაობა დავიწყე.
საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი და დღეს მისი მეუღლე ვარ. მან ერთი ხელის მოსმით დამავიწყა ჩემი პრობლემები, ტკივილი.
– გერმანელი ბარონის შთამომავალი ყოფილა თქვენი ქმარი.
– დიახ, ჩემი მეუღლის მამა გერმანელი ბარონი იყო, ღმერთმა ცხოვრებაში ნამდვილი ტიტული მაჩუქა, ძალიან მაგარ ადამიანს შემახვედრა და ბარონესა გავხდი.
– თქვენი ბოლოდროინდელი პოსტებით უჩივით ახლობლებს – ბიძას, ძმისგან გულნატკენი ხართ…
– არამარტო ჩემებს, ყველა ემიგრანტის ახლობლებს ეშლებათ საქართველოში. ჰგონიათ, რომ აქ დოლარები ხეებს ასხია. არადა ხალხი 24 საათი მუშაობს, რომ რამე იშოვოს.
ის ბიძა მამასავით მიყვარდა და თვალდახუჭული ვენდობოდი. ბიძამ ჩემი ფული დახარჯა. ეგონა, რადგან გავთხოვდი და მდიდარი ქმარი მყავდა, აღარ მოვთხოვდი, მაგრამ ქმრის ფული ჩემი არ არის. ჩემი წვალებით ნაშრომია ჩემი.
საქართველოში ბინები რომ ვიყიდე, გაქირავებულია და იმ ფულს დედა და ჩემი ძმა იღებენ. ადვოკატი ავიყვანე და ვცდილობ, ის ფული დავიბრუნო, რომელიც ბიძამ მომპარა. თან, როგორც ვიცი, აქვს საშუალება, რომ დამიბრუნოს, რადგან იმ თანხით რაღაც ფართები იყიდა, მაღაზიები გახსნა და ცხოვრება აიწყო.
– ვინ დაგარქვათ ცისნამი?
– მამამ. სიყვარულს მხოლოდ მისგან ვგრძნობდი. რომ წამოვიზარდე, მისი თვალები მე ვიყავი. ყველგან დამყავდა. საოცრად მღეროდა, თემურ წიკლაურის ხმის მსგავსი ჰქონდა. კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, ყველა პატივს სცემდა.
რუსუდან ადვაძე, სარკე

