მალე 18 წლის გავხდები, ჩემი შეყვარებული კი 21 წლის ახლახან გახდა. 2 წელია, რაც ერთმანეთი გვიყვარს.
ჩემი საყვარელი ბიჭი დეიდასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მშობლები უცხოეთში არიან. შვილიც წაიყვანეს, მაგრამ ვერ გაძლო და საქართველოში ჩამოვიდა.
მამამ მანქანა გამოუგზავნა უცხოეთიდან და უკვე ერთი წელია, საჭესთან ზის. ამ ერთი წლის განმავლობაში სულ მეხვეწებოდა, მართვა უნდა გასწავლოო, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. რამდენიმე ხნის წინ კიდევ შემომთავაზა და უარი აღარ მითქვამს. ისეთ ადგილას წავედით, სადაც ადამიანები არ მოძრაობენ, არც შენობებია და სრულიად უსაფრთხოა.
დეიდამისმა როგორღაც გაიგო, რომ მართვას მასწავლის და სახლში მომეჭრა კივილით, ჩემს დისშვილს რატომ ღუპავო. რაღაც ისტორიას ყვებოდა, ერთმა კარგმა ბიჭმა ასე დასვა შეყვარებული საჭესთან და ფეხით მოსიარულე იმსხვერპლესო. ჯვარი გვწერია ასეთი რამისგან! ისე შემაშინა, შეიძლება მის დისშვილს მანქანაში საერთოდ არ ჩავუჯდე, საჭესთან დაჯდომაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ისიც კი მითხრა, ტრიალ მინდორში რომ მიყვები, იქნებ ბავშვიც კი გინდა, გაუჩინოო.
შეყვარებული მეუბნება, ყურადღებას ნუ აქცევ, ძალიან ვუყვარვარ და ემოციური ამიტომაც არისო. არ ვეთანხმები, უბოროტესი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ჩემზე 5 წლით უფროსია და დარწმუნებული ვარ, დედას ის ავსებს ბოღმით.
ერთხელ შეყვარებულმა მითხრა, დედაჩემი ამ სამაჯურს გიგზავნისო და ფოტოც მაჩვენა, მაგრამ არ მომიტანა. არც შემიხსენებია, ვიფიქრე, რომ გამოგზავნა ვერ მოახერხა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მისი დეიდაშვილის ფოტო ვნახე, სადაც ის სამაჯური ეკეთა. ალბათ რომ დაინახა, შურით გასკდა და თვითონ გაიკეთა, რომ ჩემთვის არ ეჩუქებინა.
რითი მავნოს, აღარ იცის, ახლა კი დედამისიც ამიმხედრა, რომ როგორმე შეყვარებულს დამაშოროს. იმედია, ამას ვერ ეღირსებიან.
სარკის მკითხველი

