თურქეთის სახელმწიფო ბანკების მიერ აფხაზური საბანკო-პლასტიკური ბარათების აღიარების გამო, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის დაბარებას.
_ სანამ თურქული ავიახაზების უმსხვილესი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია საქართველოში ერთპარტიული ტირანიის განმტკიცებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსუორ-aფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათები თავიაანთი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშსწორებო ქსელში.
ეს არის არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან იმ დროს, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე სრული საერთაშორისო ეკონომიკური ბლოკადააა დაწესებული. კატეგორიულად მოვითხოვთ ტირანი ივანიშვილისგან, სასწრაფოდ გასცეს განკარგულება, გამოიძახონ საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი. აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილებს საქართველოს ტერიტორიაზე, დაწესდეს თურქულ ბანკებზე, რომლებმაც ეს მტრული ქმედება ჩაიდინეს, საერთაშორისო სანქციები და, რაც მთავარია, ჩვენ არ გვავიწყდება ტაო-კლარჯეთი, რომელიც თურქეთმა ერთი საუკუნის წინ მიისაკუთრა და რომელზეც აუცილებლად დავიწყებთ იურიდიულ და პოლიტიკურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე.
ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს თურქეთის რეგიონულ იმპერიად გადაქცევას და მის გაბატონებას ამიერკავკასიაში, მაგრამ იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოღალატე დიქტატორია წამოსკუპებული, ეს აძლიერებს ჩვენს საშინაო და საგარეო საფრთხეებს. უკანონო ერთპარტიული პარლამენტის დაწყებიდან ორ დღეში თურქეთმა ფაქტიურად, დე-ფაქტოდ მოახდინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს სხვა არაფერია, როცა მათ გამოშვებულ საბანკო პლასტიკურ ბარათებს მისცა იურიდიული ძალა და ამით გზა გაუხსნეს სეპატატისტულ, გენოციდის ჩამდენი სოხუმის ხელისუფლებას, ჩაერთოს მსოფლიო საფინანსო პროცესებში, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მართლაც დაიბარეს.
ელჩის თქმით, თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. მისი თქმით, სამინისტროში ისაუბრეს პრობლემის შესახებ, რომელიც რეალურად არ არსებობს.
-დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც წარმოაჩინა პრესამ. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.
რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს, – განაცხადა ელჩმა.

